დავრჩები ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან პირველ ფიფქებად ნოემბრის მიწურულს..
იცი, ალბათ ქუჩის ნაპირებში აქა-იქ შემორჩენილი ფოთლები თუ მოგაგონებენ ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს.
იქნებ და ნოტებზეც შემეძლო დარჩენა, ან იქნებ კოსმოსში გაფრენაც შემეძლო..
მე ხომ არასდროს მყოფნიდა სიტყვები გრძნობების გამოსახატად.
შევძლებდი შენს ფიქრში გრძნობებად დარჩენას? ან ამ სამყაროში სუნთქვას თუ შევძლებდი.. არ ვიცი.
სცენის მტვერს კოსმოსის ფერადი მტვერიც ერევა და ვგრძნობ, როგორ მწამლავს.
დავრჩები წვიმისთვის ფიქრების განდობად, ან ყვითელ ფოთლებად ნაწვიმარ მიწაზე..
იქნებ შენს გარშემო ნისლის ღრუბლებად დარჩენაც შემეძლო,
ანდა ნაზ სურნელად კუბოკრულ პერანგზე..
“შენ არასოდეს იცოდი ზღვარი. მუდამ იმაზე მეტად გიყვარდა, ვიდრე შეიძლება
და იმაზე მეტად გტკიოდა, ვიდრე აიტანდი.” ჩამჩიჩინებს მეორე მე.
მე კი გაზზე შემოდგმულ ჩაიდანს ვუყურებ და ვხვდები,
შემეძლო მოიისფრო გრძნობად დავრჩენილიყავი, ან ლურჯ საიდუმლოდ, წვიმას რომ გაანდობდი.
დავრჩები ზღვის სანაპიროზე დადებულ ფიცად..
ანდა ზღვის სურნელად ჩვენს თმებზე და ვარსკვლავიან ცად – ჩვენი ფიცის ერთადერთ მოწმედ.. ჰო.
წითელი პომადა სულ არ უხდება სევდისფერ სამოსს,
მაგრამ რამემ ხომ უნდა გამაფერადოს. მე კი ამ პომადის კვალს გიტოვებ ტუჩებზე და…
ალბათ ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან თოვლის უბრალო სიმართლედ დავრჩები.
Read Next
მიყვარს ჰაერში დატრიალებული სიცივის სუნი, ჩემი შემოდგომა მიყვარს. მიყვარს, როდესაც გარეთ წვიმს, მე და შენ კი ვსხედვართ ოთახში, ცხელ შოკოლადს ვსვამთ და ვხვდებით, რა უბრალო და დიდი ბედნიერებაა ასე ერთად ჯდომა მაშინ, როცა გარეთ ძალიან ცივა, ცხვირს და ხელებს შოკოლადით …
რატომ ვერასდროს ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს? ახლა, ისე, როგორც არასდროს მაწუხებს ეს კითხვა. როგორ ვერ უნდა იგრძნო, როგორ ვერ უნდა მიხვდე, როგორი სიყვარული შეუძლია ქალს. როგორ ვერ უნდა დააფასო მანამ, სანამ შენთანაა. როცა უყვარხარ, როცა იცის, რომ 1 წლის სიცოცხლე …
გესმის? რას გახსენებს? უცნაურია, თუმცა ყველას თავის ასოციაციები აქვს. ერთი ჭიქაც დავლიოთ. მე? მე მოთიბული ბალახის სუნს. მზით გამთბარ თმას, სხივებს თვალებში. გულწრფელ ღიმილს და იმ დროს, სანამ ისეთები ვარსებობდით, როგორებიც წესით ახლაც უნდა ვყოფილიყავით. არა, არ გესმის. ეს ნოსტალგიაზე …