ჩემს უნივერსიტეტში ერთი აუდიტორიაა, სადაც ყოველთვის სიხარულით შევდივარ… უფრო სწორად, ჩავდივარ… სარდაფშია.
მოდით, ყველაფერს დალაგებულად მოგიყვებით. მე ამ აუდიტორიაში მსახიობის ოსტატობა მიტარდება. პირველად, იქ რომ ჩავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საწამებელ ოთახში ჩავყავდით, რადგან აუდიტორიასთან მისასვლელი გზა საკმაოდ ბნელი იყო.. ნელ-ნელა ჩავდიოდი კიბეზე და საწამებელ ოთახზე ფიქრი არ მტოვებდა… კარს მივუახლოვდით.. შიგნითაც სიბნელე დაგვხვდა.. სიბნელეში უაზროდ ვაცეცებდი თვალებს, ვცდილობდი რამე დამენახა, მაგრამ მხოლოდ ჩრდილებს ვხედავდი და ხმები მესმოდა.. საწამებელი ოთახის იდეა ხმამაღლა გამოვთქვი, ძალით არა, თავისთავად გამოვიდა ასე… ალბათ ემოცია ვერ დავიტიე, ვიღაცამ გაიცინა.
ყურსასმენი მოვიხსენი, მაინც არაფერს ვუსმენდი, ჩანთა მივიხუტე და გვერდით მდგარ ნუკას ხელი მოვკიდე.
ამასობაში თვალიც მიეჩვია სიბნელეს და უცნაურად მოხატული იატაკი გავარჩიე… საწამებელი ოთახის იდეა მსხვერპლშეწირვის აღსასრულებელმა ოთახმა შეცვალა. ისევ ხმამაღლა გამოვთქვი ვარაუდი… ისევ სიცილი… უცებ შუქი აინთო. უეცარმა ნათელმა თვალი მომჭრა და თვალები ოდნავ მოვჭუტე. როცა საგნების ნორმალურად გარჩევა შევძელი, დავინახე, რომ მწვანეკედლებიან აუდიტორიაში ვიდექით. აქ ადრე კაფე ყოფილა… დიდი სივრცე იყო, უამრავი ოთახით და „ლაბირინთით“…
იქაურობას თვალი მოვავლე და თმა გავისწორე, ახლა ხომ უკვე კარგად ვჩანდი… ჩანთასაც გავუშვი ხელი.. ჩანთა თავისუფლად დამეკიდა მხარზე. ნუკა, რომელიც მთელი ეს დრო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ჩაბღუჯული მყავდა, გავათავისუფლე. აბნეული ნაბიჯით დავიწყე აუდიტორიაში ბოდიალი…
ვათვალიერებდი ყველაფერს, აუდიტორიის ყველა კუთხე-კუნჭულს, სადამდეც კი თვალი მიმიწვდებოდა, სტუდენტების, მომავალი ჯგუფელების სახეებს… ალბათ კიდევ დიდ ხანს ვიბოდიალებდი, ვარდისფერი აუდიტორიიდან ლექტორს რომ არ დაეძახა… იმ აუდიტორიიდან, რომლის გამოც ამდენი ვწერე..
ჩემ სკამს ხელი დავავლე და ვარდისფერკედლებიანი აუდიტორიისკენ წავედი. სკამი მგონი ჩემზე დიდი იყო, შესაბამისად მძიმეც, შედეგი – ისევ არეული ნაბიჯი…
სკამი იატაკზე დავდგი და დავჯექი, ალბათ ეს ქმედება უფრო წარმატებული იქნებოდა, ყურსასმენის შნურებში და ჩანთის გადასაკიდში რომ არ გავხლართულიყავი… რა მოუხერხებელი ვარ…
დავჯექი და აუდიტორიას თვალი მოვავლე, უფრო თბილი გარემო იყო, ვარდისფერი კედლები, პატარა ნათურები ჭერზე, ნახევარწრეზე მსხდომი სტუდენტები და უსაზღვრო ინტერესი ლექტორის მიმართ… ვარდისფერი აუდიტორია გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ალბათ სულ კარგად გამახსენდება… მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ამატკია თავი ვარდისფერმა ფერმა 😀
მიუხედავად იმისა, რომ ამ აუდიტორიაში მუდამ რაღაცას ვეჯახები, კედლების ფერი თავს მატკიებს და მერე ტკივილი მთელი დღე მიმყვება, მაინც სიხარულით ჩავდივარ იქ…
^^
<3
Read Next
ღმერთო, რომელსაც ვერასოდეს გიწოდე მამა, და არ ვიცი, სად ხარ. შენ არასოდეს მოისურვე ჩემთან შეხვედრა. ვცოდავდი, რათა სასჯელში მაინც დამენახე და ვერ დაგინახე. ახლა მოგმართავ: მე, ვინც შეურაცხყოფილი ვარ არა მხოლოდ ცხოვრებით, ჩვენ რომ მოვიწყვეთ, არამედ სიცოცხლითაც, შენ რომ შეჰქმენი, …
არ ვაპირებდი ამ ფაქტზე დაწერას, მაგრამ ძალიან, ძალიან ვარ გაბრაზებული. ყველაზე და ყველაფერზე, ქვეყანაზე, მთავრობაზე, სამღვდელოებაზე, ჩემ თავზე.. მრცხვენია. მრცხვენია ამ ქვეყნის, ამ საზოგადოების და მხოლოდ სუფრაზე გაზიარებული ქართველობის. მრცხვენია იმ ქვეყანაში ცხოვრების, სადაც ყველა სუფრაზე სიყვარულის და ერთად დგომის …
ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასაცილო ნიღბები გვეკეთა და მონსტრობანას ვთამაშობდით, (და სანამ ნამდვილ მონსტრებს აღმოვაჩენდით ჩვენ თავებში), მაშინ ვიცოდი, რომ ოდესმე, როცა დიდი გოგო გავიზრდებოდი, აუცილებლად შემიყვარდებოდა სამყაროსხელაზე და ყველაზე ნამდვილი და გულუბრყვილო შიშით შემეშინდებოდა მისი დაკარგვის. ჩვენ ვთამაშობდით ყველაზე …
“არ მომეკარო”. ვამბობ და გიღიმი. და ამ ღიმილში ყველაფერი ჩანს. ჩანს, როგორ ვწირავ საკუთარ თავს შენი სურნელის გარეშე დარჩენისთვის. როგორ კარგავს სხეული შერჩენილ სითბოს და როგორ შორდება ჩვენი თითები ერთმანეთს. როგორ კარგავს შენ ანაბეჭდს ჩემი თმა და ფერიც კი ეცვლება. როგორ …