ბევრი იასამანი მაქვს სახლში.
ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონდეს.
არ ვიცი როდიდან დამჩემდა ასე ძალიან იასამნის სიყვარული.
ფაქტია, უხსოვარი დროიდან იასამნებზე ვგიჟდები.
ბავშვობაში დედაჩემმა მითხრა ერთხელ,
ხუთფურცლიან იასამნის ყვავილს თუ იპოვი,
ყველა სურვილი აგიხდებაო.
ასე მჯეროდა მუდამ.
მახსოვს, გაფართოებული თვალებით, გაფაციცებით ვეძებდი ხუთ ფურცელს
ათასობით იასამნის ყვავილში.
მეგონა თუ ვიპოვიდი, ნატვრისთვალივით იმოქმედებდა და
ერთბაშად ამიხდენდა ყველა ოცნებას.
გადიოდა დრო და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ოცნებები ასე ადვილად
არ ხდება და იასამნის ხუთფურცლიანი ყვავილიც მხოლოდ ერთით მეტი ფურცლით
განსხვავდებოდა დანარჩენებისგან.
ვხვდებოდი ერთია, მინდოდა თუ არა დაჯერება – მეორე.
ალბათ ამიტომაც, დღემდე, როცა ხუთფურცლიან იასამანს ვხედავ,
რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება, თითქოს ძალაუნებურად
ვიწყებ ფიქრს იმაზე, რაც მინდოდა და არ ამიხდა.
ვუყურებ.
ვუყურებ და ცრემლებით მევსება თვალები ზოგჯერ, ნუთუ ასეთი შეუძლებელია
იასამანი ოცნებებს ახდენდეს?
რას ვისურვებდი?
არ ვიცი.
ალბათ იასამნების ბაღს, სადაც ვიჯდებოდი და
დავწერდი იასამნის სურნელით სავსე, იისფერ დღეებზე.
ჩემზე და შენზე, ყვითელ ფოთლებზე,
ვაშლის ნამცხვარზე და ლიმონის ჩაიზე.
მოიისფრო შეგრძნებებზე, ახდენილ, ან ვერახდენილ ოცნებებზე,
ლურჯ სიზმრებზე, ქარზე, წვიმაზე,
გვირილებით სავსე ველზე, ჩაკიდებულ ხელებზე,
შენი ყელიდან გამოყოლილ სურნელზე,
იასამნეთზე,
იასამნეთზე დავწერდი ბევრს, იასამნების ბაღში.
ახლაც, ბევრი იასამანი მაქვს სახლში.
ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონდეს.
მაშინაც ძლიერად წვიმდა, როცა ოდნავ შემთვრალები გამოვიდნენ ბარიდან. ბიჭი სიმპათიური იყო, სიფრიფანა გოგოზე გადაეხვია ხელი და ნელა მოდიოდნენ წვიმაში. – ეს ჩემი აზრია, მაგრამ შენ გეკითხები.. რა ვქნათ? ჩუმად თქვა გოგომ და კითხვით სავსე თვალებით ახედა ბიჭს. – უკვე მერამდენე …
მე შენს წინ ვდგავარ. ვდგავარ და თითებს ვისრეს.. იცი, მე ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი შენთვის, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. მინდა გიამბო მზის ჩასვლებზე, მასთან ერთად ჩასვენებულ იმედებზე, გრძნობებზე, რომლებიც ბოლოს მუდამ იმედგაცრუებაში ერთიანდება.. დამჭკნარ ყვავილებზე მინდა გიამბო, მოთიბული …
გუშინაც მთელი ღამე წვიმდა… იჯდა და უყურებდა ბუნების გლოვას… უსმენდა წვიმის ხმას… თითქოს ცა თავზე ჩამოექცაო.. ისეთი გრძნობა ჰქონდა… ნელ-ნელა ახსენდებოდა წარსული… იღვიძებდნენ მიძინებული მოგონებები და თითქოს უფრო და უფრო ებზარებოდა ისედაც მსხვრევამდე მისული სული… ორად-ორი წვეთი ცრემლი ჩამოუგორდა გაფითრებულ …