ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ არ მიჭირდა ადამიანისთვის სწორი სიტყვების შერჩევა.
ჰოდა რადგან უმეტესად ვიჯერებთ იმას, რასაც ხშირად გვეუბნებიან, მეც დავიჯერე და ასე მეგონა დღემდე.
ახლა კი, როცა ვზივარ და ვცდილობ რამე გითხრა, ერთი სიტყვაც კი არ მომდის თავში.
ალბათ იმიტომ, რომ ვერაფერი გამოხატავს ამ დღის განსაკუთრებულობას,
რადგან შენი სურნელი დაყვება მთლიანად ამ დღეს.
არ ვიცი ადამიანის ცხოვრებაში რა თამაშობს გადამწყვეტ როლს.
თავად ქმნის თავის ბედს, თუ რაღაცები
მართლაც იწერება სადღაც, ზემოთ, და ამ ადგილის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს,
მაგრამ მჯერა, რომ მაშინ, 25 წლის წინ, როცა შენ იბადებოდი, სადღაც ნამდვილად გადაწყდა,
რომ გავიდოდა 24 წელი და ერთი პატარა გოგო შეგიყვარდებოდა, და იმასაც ისე ეყვარებოდი, რომ შენი 25-ე
დაბადების დღისთვის ასე დაბნეული იჯდებოდა და ვერ მიხვდებოდა რა ეთქვა შენთვის.
ვიცი, ამ დღეს ჯანმრთელობას და დიდ ხანს სიცოცხლეს უსურვებენ-ხოლმე ერთმანეთს და ცხადია,
მეც გისურვებ ამას, წარმატებებსაც და სხვა ბანალურ რამეებსაც, მაგრამ ერთი რამ მინდა გისურვო, ძალიან ეგოისტურად.
ყოველთვის იყავი კარგად და ჩემთან, რადგან ვერასდროს ვერავინ შემავსებს და გამაბედნიერებს ისე, როგორც შენ.
სულ ვამბობდი რატომ ადრევე არ შევხვდით-მეთქი ერთმანეთს, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ასე ჯობდა.
ჯობდა უამრავჯერ მტკენოდა, რომ მქონოდა ის შეგრძნება,
რასაც დამსახურებული სიმშვიდე და ბედნიერება ქვია-შენი სახით.
გთხოვ, ყოველთვის იყავი ასეთი, და უბრალოდ-იყავი.
მე მიყვარს შენი დაბადების დღე.
მე მიყვარხარ შენ.
გილოცავ <3
Read Next
რამდენიმე საათიც და გათენდება. ჰო, რამდენიმე საათში ძალიან იწვიმებს, მე კი ეს ესაა სახლში შემოსული უნარების კონსპექტებს ჩავუჯდები. მერე რა, რომ რეპეტიციაზე ძალიან დავიღლები, მაინც სრული შემართებით დავაპირებ მაგისტრატურაში ჩაბარებას. მერე რა, რომ მალევე გადავიფიქრებ. მთავარია, რომ 28 თებერვლის საღამოს წვიმისგან …
დუგ-დუგ, დუგ-დუგ, დუგ-დუგ. როგორ იწყებენ წერას უზომოდ კარგ ადამიანებზე? პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვერ გადმოვცემ – ხოლმე ჩემ გრძნობებს სიტყვებით მათ მიმართ, ვინც ძალიან მიყვარს. ვერ ვწერ დედაზე, გიოზე, მეგობრებზე. უფრო სწორად ვწერ, მაგრამ მიჭირს. ლუკა როგორი ბიჭია, იცით? …

საშინელი ხმაურია ირგვლივ. ქაოსი, უამრავი სახე, არც ერთი ნაცნობი.უნდა ვიპოვო. აუცილებლად უნდა ვიპოვო, თუ არა და ვგრძნობ, დავიღუპები. “პატარა გოგო ხომ არ გინახავთ?” ვეკითხები ყველას, ცალ-ცალკე და ერთად. თვალს მარიდებენ. ალბათ, შეშლილი ვგონივარ. ყველა ხომ ვერ გაიგებს, მე ის უნდა ვიპოვო! “იცით, მის ძებნაში უამრავი სამყარო გამოვიარე. უამრავი შემოდგომა, მარტო დავდიოდი უკაცრიელ ტყეებში, მინდვრებში, ყვითელ ფოთლებში მივიკვლევდი გზას. იცით, ზაფხულშიც ვეძებდი, ყველგან ვეძებდი! ზღვის, ოკეანის, მდინარეების სანაპიროებზე, მთაში… თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაიწელა ზამთარი. გეფიცებით, გეფიცებით ყველაზე ძვირფასს, თოვლსა და ყინვაში მოვდიოდი, ერთი წამიც კი არ შემისვენია. არასდროს გისურვებთ წარმოიდგინოთ, რა რთულია გაზაფხულის მის გარეშე შეხვედრა. იცით მერამდენე გაზაფხული დამიდგა მის გარეშე?ღმერთო…” სიტყვები ყელში მეჩხირება. სასოწარკვეთილი ვუყურებ ხალხს, რომელიც ჩემ გარშემო შეგროვილა. ვერაფერი გაუგიათ, ჩურჩულებენ.ყველა ერთმანეთში საუბრობს, პასუხს კი ვერავინ მცემს. ალბათ არც აინტერესებთ, სხვისი ჭირი… ისე მიყურებენ, მეშინია. დამახინჯებული, წაშლილი სახეებით, შუშის თვალებით. შეკავებული ქვითინისგან მხრები მიცახცახებს. ცრემლებს ჩემში ვაბრუნებ, უზარმაზარ ბურთს ვყლაპავ და ვაგრძელებ. …
აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.ალბათ, ზუსტად ისეთები ვიქნებით, როგორებიც ახლა და აქ.შენ, ისევ გაგიჭირდება ემოციების გამოხატვა, ისევ მოგინდება რამე თბილი მითხრა, მომეფერო, მაგრამ მხოლოდ თავზე გადამისვამ ხელს – უხერხულად, როგორც ყოველთვის. ჩვენ არასდროს გამოგვდიოდა თბილი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად ვიყავით. არასოდეს გითქვამს ჩემთვის, როგორ გიყვარდი. რა თქმა უნდა, არც მე მომიკლავს თავი ამაზე საუბრით. ზუსტად ვიცი, აუცილებლად იარსებებს “იქითა სახლი” სხვა ცხოვრებაშიც, სადაც სკოლიდან დაბრუნებულს,კარაქში შემწვარი კარტოფილის, ახალი პურის და ცხელი ჩაის სურნელი შემიღიტინებს ცხვირში. გავა ბევრი ზამთარი და გაზაფხული, ბევრი გრძელი წელიწადი და ნელ-ნელა გაუფერულდება სახლიც, შენცდა ახალი პურის სურნელიც. სულ უფრო მეტი რამ გვეწყინება ერთმანეთისგან, სულ უფრო მეტ რამეში დაგადანაშაულებ, სულ უფრო ხშირად შეგპირდები, რომ მოვალ და სულ უფრო ხშირად ვერ მოვიცლი შენთვის. მერე, შემოდგომის ერთ არც თუ ისე მშვენიერ საღამოს გავიგებ, რომ მალე ამ სამყაროდან სადღაც სხვაგან გადაინაცვლებ. მე კი ისევ ისე ვინანებ იმ არ-შესრულებულ დანაპირებ(ებ)ს, როგორც ახლა და აქ. ყოველთვის ასე ხდება, ადამიანები ყოველთვის ვტკენთ ერთმანეთს.ყოველ დილას ახლიდან ვსწავლობთ სუნთქვას, სიარულს, ახლიდან ვირგებთ ფერად ნიღბებს და ვუერთდებით ამ მასკარადს. ვიცინით, ვიცინით ძალიან ბევრს, ვიცინით მანამ, სანამ სუნთქვა არ გაგვიჭირდება, ვიცინით მანამ, სანამ მუცელი არ გვეტკინება სიცილისგან, ვიცინით, რომ წამოსული ცრემლები ისევ სიცილს დავაბრალოთ, ვიცინით, რომ გადავრჩეთ,ვიცინით, რომ ჭკუიდან არ შევიშალოთ. და ასე იქნება მუდამ. გავქრებით თოვლის ფიფქებივით და… …აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.