ჩიტები

ყოველ ღამე მესიზმრება, რომ დავფრინავ. დიდი, ჭრელი ფრთები მაქვს და მთელს სამყაროს  ვუვლი გარშემო.
თავს ძალიან მსუბუქად ვგრძნობ, არაფერი მაწუხებს კოსმოსის მტვერში გახვეულს.
იისფერს ლურჯი ერევა.
ძალიან, ძალიან ბევრი ვარსკვლავია ირგვლივ.
რომელსაც მინდა, იმას შემოვუფრენ. რომელ პლანეტაზეც მინდა, იქ წავალ.
პატარა პრინცის ასტეროიდის ნახვაც შემიძლია.
რამდენი ხანია მინდა გავიგო, შეჭამა ბატკანმა ვარდი, თუ არა.

ყოველ ღამე მესიზმრება, რომ დავფრინავ. დიდი, ჭრელი ფრთები მაქვს და მთელს სამყაროს ვუვლი გარშემო.
აქ არც დამსხვრეული გულებია, არც დროზე ადრე შეწყვეტილი სიცოცხლეები, არც უნდობლობა, არაფერი, საერთოდ არაფერი. აქ ადამიანებიც არ არიან, შესაბამისად ერთი ხელის მოსმით ვერაფერს გაანადგურებენ, ვერ წაგვართმევენ ოცნებებს, ვერ დაგვინგრევენ ლამაზ ილუზიებს. აქ მხოლოდ ჩიტები ვართ, და არავინ სხვა.

ყოველ ღამე მესიზმრება, რომ დავფრინავ. დიდი, ჭრელი ფრთები მაქვს და მთელს სამყაროს ვუვლი გარშემო.
თავს ძალიან მსუბუქად ვგრძნობ, მოიისფრო ოცნებაში ვარ და არც რეალობისგან მიწევს გაქცევა.
ამიტომ მინდა, რაც შეიძლება დიდ ხანს მეძინოს. მქონდეს დიდი, ჭრელი ფრთები და ვიფრინო, არ მინდა გავიღვიძო და შევეჩეხო სასტიკ რეალობას, სადაც ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით, სულ რამდენიმე წუთში გაანადგურონ ყველაფერი, რაც ასე გიყვარდა და გასულდგმულებდა, რისიც ასე ძალიან გჯეროდა და გეიმედებოდა.
არ მინდა ოდესმე გავიღვიძო და ვერ გითხრა, როგორ მიყვარხარ და მენატრები, არ მინდა დასაძინებლად შენი ჩახუტების გარეშე წავიდე, არ მინდა უკვე ჩაძინებული აღარ დაველოდო, როგორ ჩაიზნიქება საწოლის მეორე მხარე, როცა მთელი ღამის ნამუშევარი, დილისკენ გადაწყვეტ დაწოლას.
არ მინდა ისეთი რეალობა, სადაც შენ არ ხარ, სადაც “ჩვენ” არ ვართ.
ამიტომ, დავიძინებ ძალიან, ძალიან დიდი ხნით.
იქამდე, სანამ ყველა ტკივილი არ გაქრება.
მექნება დიდი, ფერადი ფრთები და ვიფრენ… და ვიფრენ… და…

სიკვდილის მერე, ადამიანი დიდ, ჭრელფრთებიან ჩიტად იქცევა და გარშემო უვლის მთელს სამყაროს.
… და ყველა ჩიტი გაფრინდება ოდესმე.
… და იფრენს.
… და იფრენს.
… და

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *