“ხვალის” იმედით.

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ზამთარი არასდროს დამთავრდება.არასდროს დამთავრდება სიცივე და ყოველ დღე სხვების ბოლო ამოსუნთქვებს დავითვლით. ამ სიცივეს ვერც გაზის გამათბობლით გაათბობ, ვერც ცხელი შოკოლადით და ვერც მჭიდროდ შემოხვეული პლედით.

სულ ერთ რამეზე ვფიქრობ.
როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელიც სულ მარტოა?
ვისაც არავინ ყავს ისეთი, ვისაც თავის ფიქრებს, ემოციებს გაუზიარებს?

არადა არ მინდა ფიქრი. არ მინდა იმის გააზრება, რაც ახლა, აქ, ჩემს გარშემო ხდება.

ადამიანებს საოცარი უნარი გვაქვს პრობლემებისგან გაქცევის, ჩვენს ლამაზ, ფერად სამყაროში ჩაკეტვის და ყველაფრის დავიწყების.

ადრე მეც გავრბოდი.
ახლაც მინდა გაქცევა.

მინდა ჩავიკეტო ჩემს იისფერ სამყაროში და ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი სიზმარია, რომ არაფერი ხდება რეალურად და ხვალ მზის სხივებით სავსე სამყაროში გავიღვიძებ, სადაც არავინ მომკვდარა და არც არავის სიცოცხლეა სასწორზე.
გავიღვიძებ და ყველაფერი ისე დამხვდება, როგორც ვოცნებობდი. გავიღვიძებ და მოვხვდები სამყაროში, სადაც არ ვიქნები ფაიფურის თოჯინასავით, რომელიც ერთი შეხებაც და ათას ნაწილად დაიმსხვრევა.

ალბათ იმდენად დიდ ხანს ვცდილობდი ვყოფილიყავი ძლიერი, რომ ახლა ყველაფრის ძალა გამომელია. ვხვდები, რომ დავიღალე. აღარ მინდა დაძინების მეშინოდეს, რომ მეორე დღეს რაღაც საშინელება არ გავიგო.

არის რაღაცეები, რასაც ხელს ვერ შევუშლით, არ შეგვწევს უბრალოდ ამის ძალა.

ალბათ სადმე, ათასი ზღვის და მთის, ათასი ნისლეულის მიღმა არსებობს სამყარო, სადაც არაფერი ხდება ცუდი, სადაც არაფრის გეშინია. არ გეშინია ყოველი ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის, სადაც ნიავს არავის სიკვდილის ამბავი არ მოაქვს, სადაც არავინ განიცდის, სადაც არ გიწევს შენს სამყაროში ჩაკეტვა და საკუთარი თავის დაჯერება, რომ მალე გაიღვიძებ და მიხვდები, რომ სულაც არაა ყველაფერი ასე ცუდად.

სულ ერთ რამეზე ვფიქრობ.
როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელიც სულ მარტოა?
ვისაც არავინ ყავს ისეთი, ვისაც თავის ფიქრებს, ემოციებს გაუზიარებს?

მე რომ არ მყავდეს ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფერს ვეტყოდი, სად ვიქნებოდი ახლა? ალბათ კიდევ უფრო ჩამომეშლებოდა ისედაც ჩამოშლილი სამყარო თავზე.

საოცარი რამეა მეორე ადამიანის სუნთქვა შენს გვერდით. ადამიანის, რომელიც შენი იმედია, რომელსაც თავს დაადებ მხარზე და იტირებ. იტირებ იქამდე, სანამ ყველა წარუმატებლობას, ყველა სიკვდილს და ყველა ცუდ ამბავს არ გაატან ამ ცრემლებს.

საინტერესოა, კიდევ რამდენი ურემი უნდა გადაბრუნდეს, რომ გზა გამოჩნდეს?

მიუხედავად ყველაფრისა, იდიოტივით მჯეროდა და მჯერა, რომ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ერთ დღეს გამოჩნდება გზა და ყველაფერი კარგად იქნება. ვიცხოვროთ ისევ ხვალის იმედით, ვიცხოვროთ გაძლებაზე.

მე მინდა, რომ იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *