ბევრი იასამანი მაქვს სახლში.
ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონდეს.
არ ვიცი როდიდან დამჩემდა ასე ძალიან იასამნის სიყვარული.
ფაქტია, უხსოვარი დროიდან იასამნებზე ვგიჟდები.
ბავშვობაში დედაჩემმა მითხრა ერთხელ,
ხუთფურცლიან იასამნის ყვავილს თუ იპოვი,
ყველა სურვილი აგიხდებაო.
ასე მჯეროდა მუდამ.
მახსოვს, გაფართოებული თვალებით, გაფაციცებით ვეძებდი ხუთ ფურცელს
ათასობით იასამნის ყვავილში.
მეგონა თუ ვიპოვიდი, ნატვრისთვალივით იმოქმედებდა და
ერთბაშად ამიხდენდა ყველა ოცნებას.
გადიოდა დრო და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ოცნებები ასე ადვილად
არ ხდება და იასამნის ხუთფურცლიანი ყვავილიც მხოლოდ ერთით მეტი ფურცლით
განსხვავდებოდა დანარჩენებისგან.
ვხვდებოდი ერთია, მინდოდა თუ არა დაჯერება – მეორე.
ალბათ ამიტომაც, დღემდე, როცა ხუთფურცლიან იასამანს ვხედავ,
რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება, თითქოს ძალაუნებურად
ვიწყებ ფიქრს იმაზე, რაც მინდოდა და არ ამიხდა.
ვუყურებ.
ვუყურებ და ცრემლებით მევსება თვალები ზოგჯერ, ნუთუ ასეთი შეუძლებელია
იასამანი ოცნებებს ახდენდეს?
რას ვისურვებდი?
არ ვიცი.
ალბათ იასამნების ბაღს, სადაც ვიჯდებოდი და
დავწერდი იასამნის სურნელით სავსე, იისფერ დღეებზე.
ჩემზე და შენზე, ყვითელ ფოთლებზე,
ვაშლის ნამცხვარზე და ლიმონის ჩაიზე.
მოიისფრო შეგრძნებებზე, ახდენილ, ან ვერახდენილ ოცნებებზე,
ლურჯ სიზმრებზე, ქარზე, წვიმაზე,
გვირილებით სავსე ველზე, ჩაკიდებულ ხელებზე,
შენი ყელიდან გამოყოლილ სურნელზე,
იასამნეთზე,
იასამნეთზე დავწერდი ბევრს, იასამნების ბაღში.
ახლაც, ბევრი იასამანი მაქვს სახლში.
ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონდეს.
Read Next
ასეც ხდება. ამინდი უეცრად, რადიკალურად იცვლება – ხოლმე. ალბათ ამაზე ამბობენ “მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო”. მეხი არ ვიცი, მაგრამ ქარი …
30 იანვარი. 2013 წელი. გამარჯობა საყვარელო. დღეს ჩვენ ერთი წლის გავხდით. გეფიცები, მგონია, რომ გუშინ ვწერდი ჩვენი სიყვარულის ისტორიას.. იმდენად ცხადად მახსოვს ყოველი დღე, რაც ამ ნაწერებს მივუძღვენი. ცხადად მახსოვს ყოველი ჩვენი შეხვედრა, მტრული თუ კეთილგანწყობილი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი …
მე ვეხები შენს ბაგეს, თითს შემოვავლებ მის კიდეს ისე, თითქოს ჩემი დახატული და ჩემი ხელით შექმნილი იყოს… ვითომ პირველად გაიპო შენი ბაგე და თუ ერთი წამით მაინც მოვხუჭავ თვალს, გაქრება, აღარ იქნება და მე ისევ თავიდან დავიწყებ მის ხატვას, ისეთს …
– ხვალაც გვექნება 1 საათზე რეპეტიცია ბავშვებო, ზეგ სავარაუდოდ გამოცდა.. დამღლელი დღე იყო.. არამარტო ფიზიკურად, ემოციურადაც – საკმაოდ. მეძინებოდა და სახლში მინდოდა საშინლად. ჩავიცვი და გამოვედი.. ფუ, კაშნე დამავიწყდა.. რატომ არ გავიკეთე ნეტა გამოსვლისას? ა, ჰო. არ ციოდა. ახლა ცივა …