საგიჟეთიდან გამოღწეულად ვგრძნობ თავს.
ირგვლივ სითეთრეა, სიმშვიდე და ალაგ-ალაგ ფეერვერკების ხმა ისმის.
ახალ წლამდე ჯერ რამდენიმე საათია, თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ისედაც არარსებული საახალწლო განწყობა სულ გააქრო.
საახალწლო არ ვიცი, თუმცა სიმშვიდის გრძნობა ნამდვილად მინდა მქონდეს.
გიჟური წელი იყო, მოულოდნელობებით სავსე.
გავიხსენებ გარდამტეხ მომენტებს.
- პრემიერა, რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ახლაც მახსოვს შეგრძნება, როგორ ვიდექი ქოლგით ხელში ხელოვნური თოვლის ქვეშ და ვგრძნობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. დამთავრდა ჩემი პერსონაჟისთვის, თუმცა ჩემთვის – დაიწყო. შუქები ჩაქვრა. პაკლონი. გადავიტანეთ, შევძელით. სცენაზე საოცარი სიმსუბუქის შეგრძნებით დავბრუნდი, მეამაყებოდა აპლოდისმენტები, ყვავილები და გათენებული ღამეებიც აღარაფრად მეჩვენებოდა, იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს. უცებ საოცარი რამ მოხდა, სანდრო სცენაზე ამოვიდა, პირდაპირ ჩემ წინ დაიჩოქა და ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო. ხმამაღალ მუსიკაში და ხალხის ყვირილში მისი ნათქვამი “ცოლად გამომყვები”? ვერც გავიგე, თუმცა უხმოდ დავუქნიე თავი. სიტყვები ყველაზე ზედმეტი იყო იმ წამს.
- დავიწყე მუშაობა ჩემთვის კომფორტულ გარემოში, კეთილგანწყობილ კოლექტივში. ამ სამსახურმა საკმაოდ დიდი გამოცდილება შემძინა და იმედი მაქვს, კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება ამ გამოცდილების შეძენა.
- სახლში მოვდიოდი სანდროსგან. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რა მოსაბეზრებელი იყო ეს უერთმანეთოდ გაგრძელებული დილა. ავდექი და მივწერე, ასე და ასე ვფიქრობ – მეთქი. “მოდი, ერთად გადავიდეთ” – მომივიდა პასუხი. “მოდი” – ვუთხარი მეც.
“დღესვე”?
“დღესვე”
მართლა იმ დღესვე გადავედით. მხოლოდ აუცილებელი ნივთები წავიღეთ თან და ასე დავიწყეთ ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დამოუკიდებელ, ჭკვიან ადამიანებად ვითვლებოდით, მაინც გვეშინოდა. ეს ახლა ვხვდები ამას, თორემ მაშინ გვეგონა, ყველაფერს იოლად ვართმევდით თავს. თითოეული ახალი ნივთის შეძენა ჩვენი ოჯახისთვის, უდიდეს სიხარულს გვანიჭებდა. მერე იყო ხელმოწერა, რომლის დამადასტურებელ საბუთს “მონობის მოწმობას” ვეძახით დღემდე და ძალიან გვეცინება იმ მომენტზე, “ის გოგო” რომ გადავრიეთ იუსტიციაში ამ “მონობის მოწმობის” ძახილით. ახლა კი, როცა ჩვენს სურათებით სავსე, ფერად სახლში შევდივართ, ღიმილით გადავხედავთ ერთმანეთს და ვხვდებით, რომ შევძელით. - კარიერული წინსვლაც იყო, მივიღე როლები ფილმებში, რომლებსაც ალბათ 2017 წელს ვიხილავთ ეკრანებზე და იმედი მაქვს, 2017 წლის დასასრულს ამით (და არა მარტო ამით) ვიამაყებ.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კარგი მომენტები გავიხსენე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ წელმა საოცრად დამწყვიტა გული. ბევრი ისეთი ადამიანი წაგვართვა სიკვდილმა, ვისმა წასვლამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე, ალბათ ამიტომაა, რომ ბოლო დღეები მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და მიჭირს საახალწლო განწყობის შექმნა.
რა მინდა 2017 წლისგან?
ჯანმრთელობა. იმ ადამიანების კარგად ყოფნა, ვინც მიყვარს და ჩემთვის მნიშვნელოვანია. აღარ მინდა მომავალ წელს ვინმეს სიკვდილი ვიგლოვო. დანარჩენს, რაც შეეხება სტაბილურობას ურთიერთობაში, წინსვლას კარიერაში, ჩემზეა დამოკიდებული და მევე ვეცდები, უფრო მეტი მქონდეს საამაყო.
იქნებ, 2017-ში მაინც ვთქვათ, რომ ამ წელმა იდეალურად ჩაიარა.
იქნებ, 2017-ში მაინც იყოს ყველაფერი ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.
გილოცავთ წინასწარ და სიცოცხლეს გისურვებთ. სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, წარმატებებს თავად მიაღწევთ <3