ასეც ხდება.
ამინდი უეცრად, რადიკალურად იცვლება – ხოლმე.
ალბათ ამაზე ამბობენ “მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო”.
მეხი არ ვიცი, მაგრამ ქარი კი ამოვარდა.
თან ძალიან, ძალიან ძლიერი, ცივი ქარი.
აი, ძვლებამდე რომ გაატანს და სიცივით აგივსებს მთელ არსებას,
ჩაყლაპვით და გაქრობით რომ გემუქრება, ისეთი.
მთელი ღამე ვუსმენდი ქარის ხმას. მაშინებდა, არ დამაძინა.
საზარელ სიჩუმეს მაინც სჯობდა, ალბათ.
ისეთ სიჩუმეს, რომელიც სიმშვიდის კი არა, სიცივის მომტანია.
გამჭვირვალეს რომ გაგხდის, იმ სიცივის.
ჰო და, ქარი მერჩივნა ისევ.
ეს ის შემთხვევაა, როცა ცუდსა და უარესს შორის აკეთებ არჩევანს.
ალბათ ქარის ბრალი იყო, რომ ის მცირე დროც, რაც ძილს დავუთმე,
თვითმკვლელი თევზებით იყო სავსე.
ლაბირინთი.
გასვლა მარტო ერთი კარიდან შეიძლება, მაგრამ ეს არაა გადარჩენა.
თუ ამ კარს გააღებ, სხვა, უფრო საშინელ სამყაროში აღმოჩნდები.
ვერაფერს ცვლი, არ არსებობს გამოსავალი, ვერც შენი ფერადი
ფანქრები დაგეხმარება აქ.
ამ გვირაბის ბოლოს შუქიც არ მოჩანს.
საერთოდ არ აქვს ბოლო.
საბოლოო კოლაფსამდე სულ ცოტა რჩება.
ვერც კი ხვდები სიზმარია, თუ რეალობა.
გეღვიძება.
ცივი ოფლი გასხამს და ხვდები, სიზმარი ყოფილა.
თავის ტკივილს და თავბრუსხვევას გრძნობ.
გარეთ კი ისევ ქარია.
ქარი, რომელსაც არაფერი მოაქვს სიცივის გარდა.
არც იასამნის სურნელი, არც ჰაერისფერი აკორდები, არაფერი.
ასეთ დღეებს არ აქვთ გაზაფხულის სუნი.
აღარ მინდა ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება…
უბრალოდ თვალები მინდა დავხუჭო.
და სულ ეს არის, ეს არის სულ.
იცი, გაზაფხული მოვიდა… მგონი.
ერთი ისაა, რომ ეს საშინელი ქარი არ მაცდის რამე შევიგრძნო,
მზის სხივებს მიმალავს.
ყოფილხართ ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს?
მე ვიყავი.
ჰო, ბალახზე ვიწექი და ცას ვუყურებდი. გეგონებოდა ვიღაცას მუჭით მიმოეფანტა ცაზე ვარსკვლავები.
“ისე ბრწყინავდნენ და ისე შორეულად”..
ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ შეუძლებელია მეც მქონდეს პატარა უფლისწულის მსგავსი ასტეროიდი – მეთქი,
ჩემთვის ხომ ყველა ვარსკვლავი იცინოდა იმ წამს.
მერე..
მერე გამახსენდა როგორ ვექცევით ადამიანები ერთმანეთს, არ ვიცი დამთხვევა იყო თუ რა,
მაგრამ როგორც კი ამაზე დავიწყე ფიქრი, შევამჩნიე როგორ ჩაქვრა ნელ-ნელა ყველა მათგანი.
ვინ მოგვძებნის მაშინ, როცა რძისფერი ნისლი ჩამოწვება ტყეში და გზას ვეღარ გავაგნებთ?
ალბათ ეს ქარიც ჩადგება ოდესმე და მზეც გამოანათებს, მაგრამ ახლა
მაინც კომას გავს ეს ყველაფერი.
როდის გავიღვიძებთ?
Read Next
ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ არ მიჭირდა ადამიანისთვის სწორი სიტყვების შერჩევა. ჰოდა რადგან უმეტესად ვიჯერებთ იმას, რასაც ხშირად გვეუბნებიან, მეც დავიჯერე და …
ადრე, როცა მე და ჩემი და პატარები ვიყავით, ერთი ტრადიცია გვქონდა. ნაძვის ხეს ყოველთვის 24 დეკემბერს ვაწყობდით, მამაჩემის დაბადების დღეს. ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ეს ტრადიცია,მამაჩემის დაბადებიდან. ჰოდა, ასე, 24 დეკემბერს ყველა ერთად, საზეიმოდ ვრთავდით ნაძვის ხეს, რომელიც იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ძველი იყო. სათამაშოებიც ძალიან ძველი ქონდა, მაგრამ ეგ ძველისძველი სათამაშოები დღემდე სიგიჟემდე მიყვარს. დროთა განმავლობაში ძველი ნაძვის ხე შეიცვალა ახლით, სათამაშოებიც ახალმა, უფრო თანამედროვე და სხვადასხვანაირი დიზაინის სათამაშოებმა ჩაანაცვლა. მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა – პატარა ზეიმი, რომლის მონაწილეებიც ყველა ერთად ვიყავით. დრომ პირველი ბებო გამოაკლო ამ ტრადიციას. დღეს კი პირველი წელია, როცა მამას დაბადების დღეზე, მამასთან ერთად არ ვაწყობთ ნაძვის ხეს. არ ვიცი, რამ უნდა გააქროს 24 დეკემბრის სევდა, ან რა დრო უნდა გავიდეს, რომ ჩვენი ეს პატარა ტრადიცია ცრემლების გარეშე, მხოლოდ ღიმილით გავიხსენო, ან როგორ უნდა დავიჯერო, რომ აღარ ხარ და აწი მხოლოდ შენთან დაკავშირებული მოგონებებით მოგვიწევს ცხოვრება. არც იმის მჯერა მაინცდამაინც, რომ დრო რამეს განკურნავს, ვერასდროს მივეჩვევი იმ ფაქტს, რომ შენ არ ხარ. ჩვეულებრივად მიდის თითქოს ცხოვრება, ნაძვის ხეც დავდგით, ეს წელიც წავა და ახალიც მოვა, მაგრამ ვეღარასოდეს, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცი, როგორ შევეგუო ამ რეალობას. გილოცავ მა დაბადების დღეს. მიყვარხარ.
საოცრად დიდი ემოციით სავსე, და მაინც უემოციო… ცივი… ხელებგაყინული, გრძნობებისგან დაცლილი, ფაიფურის თოჯინა… ყველასთვის სასურველი და ამავე დროს საძულველი… ყველა მისი დახმარების მოლოდინში… მისთვის კი – არავინ… ისეთი შიშით სავსე, ნეკერჩხლის ფოთოლი რომ გრძნობს ქარის ყოველი დაბერვისას… წყლის პატარა წვეთი …
30 იანვარი. მობილურის ზარმა გამაღვიძა.. გადავწყვიტე ვინც არ უნდა ყოფილიყო მეგინებინა, ასე უსინდისოდ რომ მაღვიძებდა დილის 8 საათზე!!! შოთა იყო.. გინება გადავიფიქრე, ისე მენატრებოდა <3 40 წუთში ილიასთან იყავიო.. წარმოდგენა არ მქონდა გამოცდამდე ორი საათით ადრე რა მინდოდა ილიასთან, მაგრამ …