თაფლის, ლიმონის, ჩამოცვენილი ფოთლებისა და შენი სურნელით
გაჯერებულ ჰაერს ვსუნთქავ მას მერე, რაც ოქტომბერი დაიწყო.
წელიწადის მესამე დროა უკვე შენი სურნელი მომყვება. წინ ცივი, ვრცელი ზამთარია,
ერთმანეთის არსებობამ რომ უნდა გადაგვატანინოს. იარსებე, რა.. სულ იარსებე.
ძნელია გიყვარდეს, ძნელია ამხელა სიყვარულის შენში დატევა, ეს ხომ მთელი სამყაროა,
ჩვენ ხომ მთელ სამყაროს ვიტევთ ჩვენში.
ეს სიყვარული შენს თვალებში ჩაძირვას და ჩემს თაფლისფერ თმას გავს.
ჩემი ტუჩების კვალს გავს შენს ტუჩებზე და ცხვირის შენს კისერში გათბობას.
შენს ხელებში მომწყვდეულ ჩემს თითებს გავს..
ჩვენი მზერის არეალში მოქცეულ ხედს გავს შენი აივნიდან.
ყვითელ ფოთლებში სეირნობას და წვიმის გუბეებში სირბილს გავს… და ტანგოს ცეკვას შუა ჭავჭავაძეზე.
იცი რომელ დღეებს გავს? ჩახუტებულები რომ ვუყურებთ ფილმებს, განვიხილავთ წიგნებს
ან უბრალოდ ერთმანეთზე ვფიქრობთ და ვხვდებით, რომ სიამოვნებით გავატარებდით ასე მთელ ცხოვრებას.
შენს სამზარეულოში ჯდომას და ყავის ან ჩაის სმას გავს ჩვენი სიყვარული..
ან იმ დღეებს, როცა ერთად ვამზადებთ სპაგეტის, პიცას..
ჩვენ გვგავს ჩვენი სიყვარული. ყველა იმ დღეს, რომლებიც ერთად გავიარეთ.
ყველა იმ ჩხუბს და შერიგებას, ყველა ჩახუტებას, მზერას, შეხებას..
მინდა სულ თაფლის, ლიმონის, ჩამოცვენილი ფოთლებისა და
შენი სურნელით გაჯერებული ჰაერი ვისუნთქო. შენთან ერთად ვხატო ჩემი ცისარტყელა,
რომელსაც ნელ-ნელა უფრო და უფრო ემატება ფერები, რაც ადრე არ ქონია.
მოდი, სულ ვიარსებოთ, რა.. ვიარსებოთ და ერთად გადავურჩეთ ცივ და ვრცელ ზამთარს.
მე, ჩვენი სიყვარულის სახელით ომს ვუცხადებ სიძულვილს, შურს, ბოროტებას..
მინდვრის ყვავილებს ვდებ ჩვენსკენ მოშვერილი იარაღის ლულაში და შენთან მოვდივარ,
რომ კიდევ დიდ ხანს დავრჩე ნაზ სურნელად შენს კუბოკრულ პერანგზე.
Read Next
There is no excerpt because this is a protected post.
– გახსოვს რა ლამაზი იყო რომ დაიბადა? – ახლაც ძალიან ლამაზია. – ჰო, მაშინ პატარა იყო ძალიან და ლამაზი. – ახლაც პატარა და ლამაზია. – კარგი ჰო! ბიძაჩემი და მამაჩემი იხსენებდნენ ჩემ დაბადებას.. როგორ მნახეს პირველად, როგორ დავიწყე სიარული, ლაპარაკი, …
ადრე, როცა მე და ჩემი და პატარები ვიყავით, ერთი ტრადიცია გვქონდა. ნაძვის ხეს ყოველთვის 24 დეკემბერს ვაწყობდით, მამაჩემის დაბადების დღეს. ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ეს ტრადიცია,მამაჩემის დაბადებიდან. ჰოდა, ასე, 24 დეკემბერს ყველა ერთად, საზეიმოდ ვრთავდით ნაძვის ხეს, რომელიც იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ძველი იყო. სათამაშოებიც ძალიან ძველი ქონდა, მაგრამ ეგ ძველისძველი სათამაშოები დღემდე სიგიჟემდე მიყვარს. დროთა განმავლობაში ძველი ნაძვის ხე შეიცვალა ახლით, სათამაშოებიც ახალმა, უფრო თანამედროვე და სხვადასხვანაირი დიზაინის სათამაშოებმა ჩაანაცვლა. მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა – პატარა ზეიმი, რომლის მონაწილეებიც ყველა ერთად ვიყავით. დრომ პირველი ბებო გამოაკლო ამ ტრადიციას. დღეს კი პირველი წელია, როცა მამას დაბადების დღეზე, მამასთან ერთად არ ვაწყობთ ნაძვის ხეს. არ ვიცი, რამ უნდა გააქროს 24 დეკემბრის სევდა, ან რა დრო უნდა გავიდეს, რომ ჩვენი ეს პატარა ტრადიცია ცრემლების გარეშე, მხოლოდ ღიმილით გავიხსენო, ან როგორ უნდა დავიჯერო, რომ აღარ ხარ და აწი მხოლოდ შენთან დაკავშირებული მოგონებებით მოგვიწევს ცხოვრება. არც იმის მჯერა მაინცდამაინც, რომ დრო რამეს განკურნავს, ვერასდროს მივეჩვევი იმ ფაქტს, რომ შენ არ ხარ. ჩვეულებრივად მიდის თითქოს ცხოვრება, ნაძვის ხეც დავდგით, ეს წელიც წავა და ახალიც მოვა, მაგრამ ვეღარასოდეს, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცი, როგორ შევეგუო ამ რეალობას. გილოცავ მა დაბადების დღეს. მიყვარხარ.
რა ლამაზია ზოგჯერ წარსული… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო… რაღაც კარგი, ისეთი, რაც არასოდეს გავიწყდება, რაც რთულ მომენტებში ღიმილს გგვრის, გულს სითბოთი გივსებს და თავს ადამიანად გაგრძნობინებს… რა ლამაზი იყო დრო, როცა ყველაფრის გჯეროდა… აწყობდი გეგმებს და დარწმუნებული იყავი, რომ …