“როდესაც მონსტრებს ებრძვი, ფრთხილად უნდა იყო, რომ თავადაც მონსტრად არ იქცე და თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგხედავს შენ”.
უფსკრულიდან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს.
თითქოს შენი ტკივილების, შეცდომების, სინანულის, შიშების
ყველა შრე ახლიდან გაიარე და საბოლოოდ ჩაიკარგე უსასრულობაში.
ფსკერზე დანარცხებული, მხოლოდ დამსხვრეული სამყაროს ტკივილს გრძნობ, იმ სამყაროსი, ნელ-ნელა რომ გენგრეოდა და ამ დაცემით ბოლომდე დაიშალა უთვალავ პატარა ნაწილად.
ხვდები, რომ ყველა და ყველაფერი თან ჩაიყოლე,
რაც ასე გიყვარდა და გაადამიანებდა, რისთვისაც და რითიც არსებობდი.
ზიხარ სრულ სიბნელეში, სიცარიელეში და შენი სამყაროს ნამსხვრევები დაუნდობლად გისერავს სხეულს.
იმდენად გტკივა, შინაგან ტკივილსაც ფარავს.
რამდენჯერ გიოცნებია, რომ რამეს მაინც შეძლებოდა ამ ტკივილის გადაფარვა და ახლა, როცა აგისრულდა, ხვდები,
რომ უფრო უარეს ტკივილსაც აიტან, ოღონდ ეს წამება შეწყდეს.
უფსკრულიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს,
კინოფირივით ტრიალებს კადრები.
საყვარელი ადამიანები, საყვარელი ადგილები, სხივები თვალებში.
თითქოს სხვა ადამიანის ცხოვრებას უყურებ.
გულშემატკივრობ, ტირი, იცინი მასთან ერთად.
გიხარია და გტკივა მასთან ერთად. დროის შეგრძნებას იმდენად კარგავ, როდის-როდის ხვდები, რომ საკუთარ წარსულთან ერთად ცხოვრობდი ამდენ ხანს, სრულ სიბნელეში, ისე, რომ მომავალზე აღარც კი გიფიქრია. თითქოს ყველაფერი, რაც თავს გადაგხდა სიზმარი იყო და იქვე დარჩა, ახლა კი ამ სიზმარს ატრიალებ დაუსრულებლად.
ჰო, ყველაფერი სხვანაირად ჩანს უფსკრულიდან.
საკუთარ დემონებს იმდენად დაუმეგობრდი, აღარაფრის გეშინია.
მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ხედავ.
იმდენი ვარსკვლავია, თითქოს ვიღაცამ მუჭით მიმოაბნია ცაზე.
აღარც წარსული გახსოვს, აღარც მარტოობას უშინდები.
მხოლოდ შეგრძნების დონეზე ხვდები, რომ ამ სიბნელის და სიცარიელის გარდა ბევრი რამ არსებობს.
სადღაც, მაღლა ალბათ უფსკრულის კიდეა.
მის გარშემო ქალაქია გაშენებული, სადაც შენი სხეული ცხოვრობს. მართალია, ძალიან შორს, მაგრამ არის.
ნეტავ, ასვლას თუ შეძლებ?
რისთვის უნდა ახვიდე… რა ხდება ზემოთ?
***
მიიღე ჩემი წერილი?
პაწაწინა საჰაერო ბურთს გამოვატანე.
ვზივარ და ვფიქრობ,
რამდენი წინააღმდეგობის გავლა მოუწევს ამ წერილს.
რამდენი შრის, ტკივილების, შეცდომების, სინანულის, შიშის…
და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევს უფსკრულის კიდეს.
თითქოს ვხედავ, როგორ აფრინდება მაღლა, როგორ პოულობს პატარა, ვარდისფერთმიანი გოგო, სიცილ-ტირილით კითხულობს და უხარია,
რომ იქ, ფკერზე, სრულ სიბნელესა და სიმარტოვეში ჯერ კიდევ ვარსებობ. ვარსებობ და მართალია, მხოლოდ შეგრძნებების დონეზე, მაგრამ მაინც მახსოვს მისი არსებობა.
ამბობენ, რომ უფსკრულიდან ამოსვლა ყველაზე რთულია.
დიდი შანსია სიცარიელემ ჩაგყლაპოს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა,
რას აირჩევ.
სამუდამოდ დარჩები ფსკერზე, თუ შენს თავს ნაწილ-ნაწილ შეაკოწიწებ და მაინც მიაღწევ ზედაპირს?
***
ჩვენი ქალაქის შუაში უდიდესი, მრგვალი უფსკრულია, მის გარშემოა გაშენებული ქალაქი.
ამ უფსკრულზე უამრავი ლეგენდა დადის.
ამბობენ, რომ ვინც უფსკრულის ფსკერს მიაღწევს,
იქედან ვეღარასოდეს ამოვა, ამიტომ ყველა უფრთხის კიდესთან ახლოს გავლას.
არადა, მე უზომოდ მიყვარს საღამოობით უფსკრულის კიდესთან სეირნობა, იმის ყურება, როგორ იკარგება მზე მის სიღრმეებში.
გუშინ დაუჯერებელი რამ მოხდა.
ზედ უფსკრულის კიდესთან წერილი ვიპოვე, პატარა საჰაერო ბურთში იდო.
ვკითხულობდი და მეგონა, საკუთარ სულს ვეხებოდი.
უზომოდ მტკიოდა მისი ტკივილი და მარტოობა,
მაგრამ მიხაროდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
რამდენ ხანს ვეძებდი…
რამდენი ზამთარი და გაზაფხული გავიდა მის გარეშე, ღმერთო.
ცრემლებს მოყვებოდა ამდენი ხნის მანძილზე შეკავებული ემოცია.
ყველა დღე, რომელიც მის გარეშე გავატარე.
ყველა სიტყვა, რომელიც ვერ ვუთხარი.
სადღაც, უფსკრულის სიღრმეებში დაკარგული ჩემი თავი ვიპოვე.
აწი, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მთელი არსებით ვგრძნობდი ამას.
ამბობენ, რომ უფსკრულიდან ამოსვლა შეუძლებელია.
ისე გყლაპავს სიცარიელე, რომ საკუთარ თავს კარგავ.
ჩემი აზრით, ყველაფერი ტყუილია. მხოლოდ არჩევანი არსებობს და მე მჯერა, რომ დაკარგული ჩემი თავი ფსკერზე ყოფნისთვის არ დაბადებულა. თავის თავს ნაწილ-ნაწილ შეაკოწიწებს და მაინც მიაღწევს ზედაპირს.