
საშინელი ხმაურია ირგვლივ. ქაოსი, უამრავი სახე, არც ერთი ნაცნობი.უნდა ვიპოვო. აუცილებლად უნდა ვიპოვო, თუ არა და ვგრძნობ, დავიღუპები. “პატარა გოგო ხომ არ გინახავთ?” ვეკითხები ყველას, ცალ-ცალკე და ერთად. თვალს მარიდებენ. ალბათ, შეშლილი ვგონივარ. ყველა ხომ ვერ გაიგებს, მე ის უნდა ვიპოვო! “იცით, მის ძებნაში უამრავი სამყარო გამოვიარე. უამრავი შემოდგომა, მარტო დავდიოდი უკაცრიელ ტყეებში, მინდვრებში, ყვითელ ფოთლებში მივიკვლევდი გზას. იცით, ზაფხულშიც ვეძებდი, ყველგან ვეძებდი! ზღვის, ოკეანის, მდინარეების სანაპიროებზე, მთაში… თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაიწელა ზამთარი. გეფიცებით, გეფიცებით ყველაზე ძვირფასს, თოვლსა და ყინვაში მოვდიოდი, ერთი წამიც კი არ შემისვენია. არასდროს გისურვებთ წარმოიდგინოთ, რა რთულია გაზაფხულის მის გარეშე შეხვედრა. იცით მერამდენე გაზაფხული დამიდგა მის გარეშე?ღმერთო…” სიტყვები ყელში მეჩხირება. სასოწარკვეთილი ვუყურებ ხალხს, რომელიც ჩემ გარშემო შეგროვილა. ვერაფერი გაუგიათ, ჩურჩულებენ.ყველა ერთმანეთში საუბრობს, პასუხს კი ვერავინ მცემს. ალბათ არც აინტერესებთ, სხვისი ჭირი… ისე მიყურებენ, მეშინია. დამახინჯებული, წაშლილი სახეებით, შუშის თვალებით. შეკავებული ქვითინისგან მხრები მიცახცახებს. ცრემლებს ჩემში ვაბრუნებ, უზარმაზარ ბურთს ვყლაპავ და ვაგრძელებ. …
სოც. ქსელები