მე შენს წინ ვდგავარ.
ვდგავარ და თითებს ვისრეს.. იცი, მე ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი შენთვის, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო.
მინდა გიამბო მზის ჩასვლებზე, მასთან ერთად ჩასვენებულ იმედებზე, გრძნობებზე, რომლებიც ბოლოს მუდამ იმედგაცრუებაში ერთიანდება..
დამჭკნარ ყვავილებზე მინდა გიამბო, მოთიბული ბალახის სუნზე, ასე რომ მენატრება, მზით გამთბარ თმაზე, თვალებზე.. ხელისგულებში შეგროვილ წვიმის წვეთებზე, ტუჩებზე დაღვრილ სურვილებზე..
მინდა გითხრა, რა სიამოვნებით მოგიყვებოდი, ჭიქა ჩაის და ჩემი გამომცხვარი კექსის თანხლებით, რა ვიგრძენი როცა პირველად მივხვდი, რომ აღარაფერი იქნება ისე..
მინდა გიამბო, როგორ მტკიოდა და მტკივა, როგორ არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვები ისეთებად მიიღონ, როგორებიც არიან.. არც მე შემიძლია ეს, არც მას, არც არავის… უბრალოდ შეუძლებელია და მორჩა.
მინდა გიამბო როგორ ვიარე იმ დღეს წვიმაში მანამ, სანამ სიცივისგან ძვლებიც არ გამეყინა, როგორ ვითბობდი მერე გაყინულ თითებს და ცხვირს ჩაის ჭიქიდან ამომავალ ორთქლზე.
მინდა მოგიყვე, რა ცოტა მყოფნის ხოლმე ბედნიერებისთვის, ათასჯერ ჩაკლულ სულზე, თვითმკვლელ თევზებზე მინდა მოგიყვე.
მინდა გიამბო ოცნების ჰორიზონტებზე, ვერაფრით რომ ვერ დავეწიე..
მინდა, მაგრამ არაფერს ვამბობ..
მხოლოდ ვდგავარ შენს წინ, თითებს ვისრეს და გიყურებ..
წამით კარგად დავიწყებული წარსული შემომცინებს..
ყვავილებს ვაწყობ შენს საფლავზე და სიმწრით მეღიმება..
ყველაზე მეტად ის გვანადგურებს, როცა წარმოვიდგენთ, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი და…
მივდივარ.
Read Next
ჩვენ გვიხდება რეი და წვიმა, წვიმა და რეი… გვიხდება წვიმიანი რეის ფონზე საათობით ჯდომა და ერთმანეთის თვალებში ყურება. ჩვენ კლასობანას თამაში გვიხდება. გვიხდება ჩხუბი, კამათი და შემდეგ ჩახუტება. მსუბუქი ეჭვიანობები გვიხდება. მიხდება, როცა მეუბნები, რომ ძალიან ლამაზი ვარ. გვიმრის გასრესილი …
ჩემს პატარა ქალბატონს. დღეს 17 წლის გახდი. უკვე მე-17 წელი დაიწყო, რაც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი ხარ. იცი, ბევრჯერ მიფიქრია რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება შენ გარეშე. პასუხი ყოველთვის ერთია – არაფერი. მინდა ძალიან ბევრი რამ გითხრა, მაგრამ ეს ის სიყვარულია, რომელსაც …
როცა რაღაც ძალიან ძალიან დიდს ვგრძნობ, ისეთს, რომ ვერ იტევს ტვინი, გული და ა.შ. მიჭირს წერის დაწყება.. 20 წლის ვარ.. რაც აზროვნება და სამყაროს აღქმა დავიწყე, მას მერე მახსოვს, რომ სხვებზე ვზრუნავდი. არა, განა ცუდია.. უბრალოდ ზედმეტი არაფერი ვარგა.. მე …
ბევრი მიფიქრია შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ყოველთვის, როცა უარყოფით პასუხამდე მივდივარ, ბებო და ბაბუ მახსენდება. ბაბუ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ბებო დარჩა, ჩვენთან ცხოვრობს. არც ვიცი რამდენი წელი იცხოვრეს ერთად. ფაქტია, ძალიან ბევრი.. არც ის ვიცი, …