Site icon მოიისფრო

ბავშობა ჩვენ დროს და ახლა.

ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად ვიარო, რომ ამ სიცივეს მალე დავაღწიო თავი.
უკვე სახლთან ვარ თითქმის, ჩემ საყვარელ და ბევრჯერ ნახსენებ ნაპირებში ხეებიან პატარა ქუჩაზე.
წინ ორი ბიჭი და ერთი გოგო მიდის, დაახლოებით 6-7 წლისები თუ იქნებიან.
– არა, ბიჭო, Iphone 5 ჯობს.. აუ, როგორ მინდა!
– მამაჩემმა მითხრა თუ კარგად დაამთავრებ ამ წელს გიყიდიო.
– მე ის მინდა, აი კომპიუტერივით როა – ჩაერთო საუბარში გოგოც.
– Ipad?
– ჰო ეგ.
– რად გინდა, აზრზე არ ხარ არაფრის.
იცინიან.
ბოლო დროს იმდენად ხშირად მახსენდება ბავშობა, ეჭვი მეპარება რამე ხომ არ მჭირს და ცხოვრების კადრები
თვალწინ ამიტომ ხომ არ მიდგება, ბავშობიდან მოყოლებული.
მახსენდება როგორი ვიყავი მე 6-7 წლის.
რაზე ვფიქრობდი, რა მინდოდა, რა მიხაროდა, რას ვაკეთებდი…

***

– დეე, ჩავალ რა ეზოში, თამო და ელენე და დათოც არიან, ჩავააალ.
– ახლა არ ამოხვედი დე? იყავი სახლში ცოტა ხანს.
– აუუ კაი რა! აუ დეე აუ აუ აუ! ჩავალ რა.
– ვაიმე კარგი, ოღონდ რომ გადმოვიხედავ ფანჯრიდან აქ დამხვდი, იცოდე არ მაძებნინო თავი მაშინდელივით.

როგორც კი გადმოიხედავდა იქ კი ვხვდებოდი, მაგრამ ჯობდა სხვაგან დავხვედროდი და უფრო სუფთა მდგომარეობაში.
ყოველ დღე მხრებამდე დასვრილი ხელებით ავდიოდი სახლში.
ნაკაწრებზე და გადაყვლეფილ მუხლებზე აღარაფერს ვამბობ.
ქვიშაში გაკეთებული “გვირაბები”, ტალახით გაკეთებული საჭმელი, “პასკა პასკა გამოდიი, თუ არ გამოხვაალ, თავში ჩაგარტყაამ”..
წრეში ბურთი, ” ეეე ხაჭაპურებს ნუ აცხობ!”, “ერთი პასი მაქვს”, “გაიჭერი”..
დახუჭობანა, “გამარჯვებულო გამოდიიი”
და ა.შ.
ვთამაშობდით ომობანას, დავძვრებოდით ხეებზე, ვაშენებდით შტაბებს..
ტექნიკასთან თუკი შეხება მქონია, ეს იყო 7 წლის ასაკში ბიძაჩემის ნაჩუქარი დენდის კომპიუტერი.
მარიოს და ტანკებს ვთამაშობდით ხოლმე მე და ბიძა, საათობით.
არც დედაჩემის მობილური მაინტერესებდა…
ტელევიზორსაც მხოლოდ იმიტომ ვუყურებდი, რომ ტომი და ჯერი გადიოდა ხოლმე, მიკი მაუსი, “ნუპაგაძი”..
მთელ დღეებს ერთად ვატარებდით ბავშვები.
განსაკუთრებით ზაფხული გვიყვარდა.
ვწუწაობდით, გვიანობამდე გარეთ ვიყავით.
მშობლებსაც არ ეშინოდათ, ყველა ყველას იცნობდა, რა იყო საშიში.

შეიძლება ძალიან ისეც ჟღერს, არ ვარ 70 წლის ბებო, რომ თაობათა შორის განსხვავებაზე ასეთი მწვავე რეაქციები მქონდეს, მაგრამ სადღაც ყრუდ მაინც მტკივა-სავით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ბოლო მოდელის ტელეფონები გვქონია, არც კომპიუტერები, ტელევიზორიც ბევრს ისევ შავ-თეთრი ქონდა და ერთადერთი დენდის კომპიუტერის მაგვარი რამ გვედგა სახლებში თავის უზარმაზარი კასეტებით, ძალიან ლამაზი იყო ის დრო. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშობა მქონდა. ბავშვი ვიყავი. ვსწავლობდი ადამიანებთან ჯანსაღ ურთიერთობებს, რომლებიც რეალური იყო და არა ვირტუალური. ვოცნებობდი ისეთ თოჯინებზე, რომლებსაც ლაპარაკი შეეძლებოდათ და არა Iphone 5 – ზე. ჩემთვის ეზოში ბავშვებთან გატარებული დრო იყო ფასეული, ან შუადღისას, როცა ძალიან ცხელოდა, ნახატებიანი წიგნების კითხვა.

ამ ბავშვებს რომ ვუყურებ, თითქოს რობოტებივით არიან.. თითქოს ტექნიკის გარდა არაფერი დარჩათ საოცნებო. სკოლიდან ეგრევე სახლებში მიდიან, რომ Facebook-ში ელაპარაკონ ერთმანეთს, როცა შეუძლიათ სკოლის მერე რეალურად ისაუბრონ..
არ ვიცი, რომ გაიზრდებიან შეძლებენ თუ არა იმის თქმას, რომ ბავშობა ქონდათ..
განა რა უნდა გქონდეს სახლში, კომპიუტერთან ჯდომით გასახსენებელი.
ერთმანეთთან რეალურ ურთიერთობებსაც ნელ-ნელა სულ უფრო გადაეჩვევიან.

არც ისე შორსაა მომავალი, სადაც რეი ბრედბერის ფარენჰეიტი 451 – ს მიხედვით, ადამიანები ფიქრს დაივიწყებენ, აზროვნებას შეეშვებიან, დაწვავენ წიგნებს… სადაც კედლების ნაცვლად იქნება ეკრანები და ამის მეშვეობით ექნებათ ურთიერთობა, რეალურის ნაცვლად..

თუმცა რეის წიგნების განხილვას ახლა არ ვაპირებ..
უბრალოდ რატომღაც მომინდა დამეწერა, რომ ეს იყო ბავშობა ჩვენ დროს, და ესაა ახლა.

Exit mobile version