Site icon მოიისფრო

გვერდი 365.

2015.
თავი 12.
გვერდი 365.

ჩვეულებრივი, უთოვლო დილა,
თოვლის მოლოდინით.
განწყობა – ჩვეულებრივი.
სამზადისი, როგორც ყოველ წელს ამ დროს.
ღამის გეგმები, სახელად “მაგრად ვერთობით, დილამდე!”
იმედები, სახელად “ამ წელს ყველაფერი კარგად იქნება.”
და ა.შ, და ა.შ…
ჭიქა ყავით აივანთან მოკალათებული – როგორც ყოველთვის.
ვზივარ და ვფიქრობ.
2015.
კარგი თუ ცუდი?
და უცებ ვასკვნი, რომ ყველაზე, ყველაზე ქაოტური წელი იყო ჩემს ცხოვრებაში.
უამრავი კარგი და ცუდი სიახლით, თუმცა სიახლე მაინც სიახლეა
და საბოლოო ჯამში იმ ცუდმა მოვლენებმა იმდენად კარგისკენ შეცვალა ყველაფერი,
რომ არ ველოდი.
აღარაფერს რომ ელოდები კარგს და უცებ უზომო ბედნიერება მოვა – აი ეს იყო 2015.
პირველად ვცადე ბედი გახმოვანებაში.
ვცადე და დავიწყე კიდეც ამ კუთხით მუშაობა.
დასახვეწი ბევრია, მაგრამ სრულიად შესაძლებელი.
იყო სპექტაკლები, კიდევ მეტი იქნება 2016 წელს. (იმედია)
იყო შემოთავაზებები, რომლებიც არ გამოვიდა მაინცდამაინც, მაგრამ
მაინც კარგია, რომ გამჩნევენ.
ჩემი ბლოგისთვისაც სიახლის წელი იყო, ახალ მისამართზე გადავედით <3
დავკარგე ძალიან ბევრი ადამიანი,
მაგრამ არ ვნანობ, თითქოს მიხარია კიდეც.
იყო ულამაზესი ზაფხული, მიუხედავად ამ დანაკარგებისა.
კიდევ უფრო ლამაზი შემოდგომა და ზამთარი.
ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე,
რაც მთავარია, 2015-მა წელმა შემახვედრა ალექსანდრეს,
რომელმაც იმდენად ლამაზი რეალობა შემიქმნა, თავი
ზღაპარში მგონია ზოგჯერ.
ხმაურმა გამომაფხიზლა, ასაფეთქებლებს აფეთქებდნენ ბავშვები.
ახალ წლამდე ძალიან ცოტა რჩება და…
ძალიან პოზიტიურად, ძალიან ბედნიერად, ძალიან დიდი იმედებით სავსე,
ბოლო გვერდს ვხურავ.
ამ შეგრძნებებს გისურვებთ თქვენც.
ერთ რამეს მივხვდი, რაც არ უნდა მოხდეს,
ყოველთვის მოყვება რაღაც ისეთი,
რაც ბედნიერს გაგხდით.
მომავალ წლამდე.

Exit mobile version