Site icon მოიისფრო

დედამიწის ლაზარეთი…

ღმერთო, რომელსაც ვერასოდეს გიწოდე მამა, და არ ვიცი, სად ხარ.
შენ არასოდეს მოისურვე ჩემთან შეხვედრა. ვცოდავდი, რათა სასჯელში მაინც დამენახე და ვერ დაგინახე.
ახლა მოგმართავ:

მე, ვინც შეურაცხყოფილი ვარ არა მხოლოდ ცხოვრებით, ჩვენ რომ მოვიწყვეთ, არამედ სიცოცხლითაც, შენ რომ შეჰქმენი, ვინც შეურაცხყოფილი ვარ არა მხოლოდ სხვით, არამედ საკუთარი ჩემი თავითაც, ნიადაგ ხელიდან რომ მისხლტებოდა. ვინც გამაჩინე: რათა ცოდვა მეხარებინა, ცოდვა სრულმეყო.

ისმინე ვედრება ჩემი: დაასრულე ადამიანობა! დაარულე ეს სიცოცხლე: – ნაკლოვანი, სიკვდილი რომ სჭირდება განახლებისთვის და ავადმყოფობა – სიძლიერისთვის. სიცოცხლე, ხრწნას რომ უერთდება ყოველწამიერ.
შეურაცხყოფილი ვარ, ღმერთო, რომელიც ვერ გავიგე: სად ხარ, როდის ხარ.
სირცხვლია – აკვანი ჩვენი.
შენ სიმახინჯე აგვიზილე სილამაზეში და სიწმინდეში – ბიწიერება!
მახინჯი და სამარცხვინოა ჩასახვა ჩვენი. სამარცხვინოა დაბადება ჩვენი (დედა – გულისგამხეთქად გადაშლილი) და მახინჯია სიკვდილი ჩვენი – ლპობა და დაშლა.

ღმერთო, შეურაცხყოოფილი ვარ ცხოვრებით, სიცოცხლით და ადამიანობით!
შეგვადუღე, თუკი მაინც მაინც ეს გვიწერია, გამოგვხარშე, გამოგვწვი, აზილე ჩვენი ნაცარ-ტუტა და გამოძერწე სულ სხვა არსება: ძლიერი, შეუბღალავი და კეთილშობილი, რომელიც ილივლივებს წყალში, ჰაერში. სახლი იქნება მისთვის მიწაც და მიწისქვეშეთიც.

რომლის სიყვარულიც არ დასრულდება წამხობით, დაწოლით და წაპირქვავებით. რომლის სხეულის გვირაბებშიც ხრწნაშემდგარი, ოხშივარიანი საჭმელ-სასმელი არ იბუყბუყებს. რომელსაც ექნება თვალები – წყაროს წყალივით და ფრთები – ძლიერი და დაულაქავი.
დახურე, ღმერთო, დედამიწის ლაზარეთი. წალეკე დრო, სისხლი და ხორცი და ჩვენი ნაცატუტა ახალ თიხად გამოიყენე.

ამინ!

ნაირა გელაშვილი – “დედის ოთახი”

Exit mobile version