Site icon მოიისფრო

დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს.

“ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო,
რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს,
ხომ გრძნობ, ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის,
შენ კი, კვლავ გწამს, რომ სიმღერა დაგიცავს.
შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს.”
კისერზე გადებ სუსტ მკლავებს.. შენ ხელებს მხვევ წელზე, ძლიერად მიხუტებ და ნელა ვყვებით მუსიკას..
ირაკლი მღერის..
თავი შენ მკერდზე მაქვს მოდებული და საოცრად კარგადაა ყველაფერი.
ალბათ ამ წამს ორივე ჩვენს უცნაურ სიყვარულზე ვფიქრობთ.
გვახსენდება როგორ გიმღეროდი სცენიდან და როგორ გიციმციმებდა თვალები..
“I can’t take my eyes of you”…
ხელისგულზე მკოცნი. მე თავს არ ვწევ, არ ვინძრევი, ჩემთვის, ჩუმად მეღიმება..
“დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს”..
– იცი, მე მჯერა ამ სიტყვების. ჩურჩულებ და თვალებში მიყურებ.
– მეც მჯერა..
გპასუხობ ძალიან ჩუმად, ისე, რომ მხოლოდ ჩვენ გავიგოთ..
ვცეკვავთ ისე, თითქოს დარბაზში არავინაა..
მხოლოდ ჩვენ ორნი.. უსასრულობა.
– იცი, მინდა სულ გიყურო. რა ლამაზი ხარ. როგორ გიხდება ეს შავი კაბა..
– მე ყველაფერი მიხდება.
გეუბნები თვალებმოჭუტული. რეალურად კი უზომოდ მიხარია, რომ მოგწონვარ.
“დღე, ისევ წაიღებს დარდს,
ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩებით,
სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს.”
– ჩვენ დავრჩებით ნოტებზე?
გეკითხები მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ვიცი. ჩვენ ყველგან დავრჩებით.. ჰო, ასეა.
გიყურებ და მახსენდება 3 დღის გაცნობილს როგორ გასწავლიდი ცეკვას შუა ჭავჭავაძეზე..
როგორ ვთამაშობდით კლასობანას და როგორ ბუზღუნებდი იმაზე, რომ უსამართლო თამაში იყო.
“შენ გამხდარი ხარ და მსუბუქად ხტები სადაც ქვა გადავარდება, მე რა ვქნა?”
ვიხსენებ და მეღიმება..
სულ პირველი შეხვედრა, Linville-ში.
იცი, იქიდან გამოსული უკვე ძალიან ახლობელი იყავი ჩემთვის.. მეგონა მთელი ცხოვრება გიცნობდი.
ახლა რა შორეული ჩანს ეს ყველაფერი.. <3
"შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს,
მე მინდა შენთან, ისევ და უშენობა მკლავს.."
ნელა მაბზრიალებ და ისევ მეხუტები. ჩვენი 17 აპრილი მახსენდება.
– დრო მართლა მხოლოდ სიყვარულს დაინდობს.. ჩვენსას.. წვიმაში გამხელილს. ჰო, ასეა..
გეუბნები და ცხვირს შენ კისერში ვრგავ.
დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს, გახსოვს?
ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩებით…

Exit mobile version