Site icon მოიისფრო

იქნებ, იმიტომ? რომ..

იქნებ იმიტომ, რომ ვერასოდეს გაიგებ?
იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის უბრალო გაზაფხულის წვიმაში ბოდიალი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე
კარგი მანქანა ან ნებისმიერი ძვირფასი ნივთი?
იქნებ იმიტომ, რომ გული მერევა თქვენ სიყალბეზე, გაუფასურებულ გრძნობებზე, ფულზე გაყიდულ ფასეულობებზე და მაინც მიყვარხართ?
იქნებ იმიტომ, რომ ყველაფერი ადამიანური მიყვარს და მტკივა, ვგრძნობ და განვიცდი?
შეიძლება იმიტომაც, რომ ამ ყველაფრის ჩვენება არ მიყვარს.
ან იმიტომ, რომ როგორც კი რამე “წამომცდება” ჩემი რეალური შეხედულებებისა თუ ფიქრებიდან,
მაშინვე ყველა იმას ფიქრობს, რომ ვთამაშობ.
ალბათ ეს ყველა იმ ადამიანის “წყევლაა”, ვინც მსახიობის პროფესიას ეუფლება.
რა იციან..

როცა დგახარ თეატრის ეზოში, აგროვებ წვიმის წვეთებს ხელისგულებში,
როცა წყალი ნელ-ნელა გროვდება, ბოლომდე რომ გაივსება ხელებს აიქნევ და ვითომ წვიმას უბრუნებ თავის წვეთებს,
როცა წვიმას უშვერ სახეს და იღიმი..
თავიდან თვალები დახუჭული გაქვს, მერე ახელ.
წვიმა თვალებში ჩაგდის, გტკივა, მაგრამ მაინც არ ხუჭავ.

ეს ბედნიერებაა, ხალხო.

ის ბედნიერება, რასაც ეჭვი მაქვს თქვენი უმეტესობა ვერ გაიგებს.

ამ ბედნიერებას, იმ ადამიანებს, ვისაც ამ ყველაფრის აღქმა, განცდა შეუძლია, ძალიან ხშირად იმეტებენ მოსაკლავად.
სულიერ სიკვდილს ვგულისხმობ, თორემ ფიზიკური კვდომა აბა აქ რა მოსატანია, სულის სიკვდილს ყველაფერი ჯობს.

ჰო, რას ვამბობდი.. ასეთ ადამიანებს ადვილად კლავენ-მეთქი.
ჰო, სულს უკლავენ.
სწორედ ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად უყვართ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან.
და რამდენი ასეთი სული ჩაიკლა, ვინ იცის.

ადამიანის მოკვლას არაფერი უნდა.
არ სჭირდება ამას დანა, ცეცხლსასროლი იარაღი ან საწამლავი ჭიქა ღვინოში.
ადამიანის მოკვლა სულ უბრალოდ, სიტყვით შეიძლება.
სიტყვით, ქცევით, მიმიკით.
სულ უბრალოდ და ადვილად.

მერე ნანობენ ხოლმე.
მეც მინანია, ბევრჯერ.
მაგრამ სიტყვაა ყველაფერი.
რითიც ადამიანი ცოცხლობს და კვდება.
და ზუსტად ის სიტყვა, ის ქმედება, სიტუაცია არ ბრუნდება, რომელიც არ უნდა გვეთქვა, არ უნდა გაგვეკეთებინა.

ხვალაც იწვიმებს ალბათ.
აი, ამიტომ.

Exit mobile version