Site icon მოიისფრო

იქ, სადაც. ანუ ალტერნატიული რეალობა

იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა,
სკოლებში დღემდე ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიან ალგებრის ნაცვლად.
მე+შენ = უსასრულობას.

იქ ერთმანეთის თვალებში მოგზაურობას, ერთმანეთით ცხოვრებას ასწავლიდნენ მხოლოდ.
ყოველი ჩვენი ქმედების შედეგად რეალობა იყოფაო – თქვეს ერთხელ.
როგორ გგონია, რა იქნებოდა ალტერნატიულ რეალობაში?

მე ალბათ წარმატებით ვითამაშებდი მორიგ როლს,
შენ კი – უზომოდ ამაყი ჩემით, ყვავილებით დამხვდებოდი საგრიმიოროში და მეტყოდი,
რომ მხოლოდ ჩემთვის და ჩემით გინდა ცხოვრება. და რომ ამ პატარა თეატრის სცენაზე ჩემი დანახვა,
ყველაზე მაგარ ემოციებს ბადებდა შენში.

მე კი, უზომოდ ბედნიერი,
ცალკე წარმატებული პრემიერით და ცალკე იმით,
რომ შენ სიტყვებს ყველაზე მეტად აქვთ იასამნის სუნი,
ჩაგეხუტებოდი და ამეკვიატებოდა ფიქრი, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ
და იქნებ არც კი ვიმსახურებ ამას. სიხარულის ცრემლიც წამომივიდოდა ალბათ.

იქ, ალტერნატიულ რეალობაში,
სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა,
ახლა სამასკარადო ნიღბების მაღაზიაა.

ალტერნატიული მე ალბათ გულგრილად ჩაუვლიდა ამ ნიღბებს შენთან ერთად გულწრფელი ღიმილით,
მაგრამ ახლა, ამ რეალობაში, ვირგებ გაღიმებულ ნიღაბს,
რომელიც წარმატებით დაფარავს იმედგაცრუების სევდისფერ ცრემლს.

ეს ხომ მეჯლისია, არტისტთა პარადი.
სახეს ვიფარავ ფართო ღიმილით და…

ისევ თვითმკვლელ თევზებს ვხედავ სიზმრად.
სიზმრად გხედავ შენ და ამ სიზმრიდან გაღვიძებული ვაანალიზებ,
რომ რეალობა მხოლოდ ერთია და არ აქვს აზრი იმაზე ფიქრს, “რომ იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა…”

Exit mobile version