Site icon მოიისფრო

იყო და არა იყო რა, ანუ ჩემი სენტიმენტალური ნიღაბი.

ყველაზე ძნელია დარჩე ძლიერი მაშინ, როცა ბევრ პატარა ნამსხვრევად იქცევი ნელ-ნელა ისე,
რომ ამ პროცესს ვერ აჩერებ. ძნელია, როცა დრომ და გარემოებებმა საოცრად შეგცვალა და
საკუთარი თავი კი არა ყველა დაკარგე, ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა.
ძნელია, უყურებდე როგორ ქრება შენი სიყვარული და ხელსაც ვერ უწვდიდე გადასარჩენად.
იყო და არა იყო რა.
ბავშობაში ზღაპარს რომ მიკითხავდნენ, ყოველთვის ასე იწყებოდა,
ყოველთვის ყველაფერი ასე იწყება.
ჩვენი ამბავიც ასე დაიწყო.
იყო და არა იყო რა.
ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი.
მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ.
ყავის არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ დაგინახე.
ისეთი ლამაზი იყავი, თავად ჰგავდი მხატვარი – ნახატს.
ვხვდები, რომ სევდამ იმდენად გაიდგა ფესვები ჩემში, რომ ფილტვებიც კი ამ
სევდით სუნთქავს ჰაერის ნაცვლად.
ვერ ვჩერდები იმ სიცარიელეში, რომელსაც შენი სახელი ქვია და განცდის ფერი აქვს.
როცა ძალიან მენატრებოდი, შენით სავსე წუთების გახსენებით ვცდილობდი – ხოლმე ამ
დანაკლისის შევსებას.
ვიხსენებდი ხოლმე პირველ შეხვედრას, იმ შეგრძნებას, რომ სულის ადამიანი ვიპოვე.
ვიხსენებდი რეი ჩარლზს, წვიმას და ჩუმად მეღიმებოდა – ბედნიერად.
არა, მაინც რა ლამაზი იყო ყველაფერი.
ბრძოლას ჩემს თავთან და ყოველი დამარცხებით კიდევ უფრო მეტად მოახლოებას შენთან.
გაფერადებულ არსებობას და წვიმაში, ყოყმანით გამხელილ გრძნობებს.
შენს აივანს, საიდანაც ცა ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად ჩანდა.
შენს ოთახს, სადაც ბევრი სურათი და წიგნი იყო. და ყველაზე მთავარს – შენს სურნელს,
რომელიც ახლაც ჩემთანაა.
ვიხსენებდი ხოლმე ზაფხულს, ზღვის სანაპიროზე დაუსრულებელ სეირნობას, გაყინულ წუთებს – როცა ჩვენს გარდა არავინ და არაფერი არსებობდა.
ვიხსენებდი ოქროსფერ შემოდგომას, უამრავ ფოტოს, ვნებისფერ სიმორცხვეს თვალებში
და ჩემს თავს ვეკითხებოდი.
“მეტი რა შეიძლება, რომ გვინდოდეს?”
მეტი რა შეიძლებოდა გვდომოდა…
ორივემ ვიცოდით, რომ სიყვარული ერთადერთი რამაა,
რის გამოც ყველაფერი უნდა დაგვეთმო.. სიამაყე, პრინციპები..
რომ ეს ერთადერთია, რასაც მართლა შეეძლო დედამიწა ებრუნებინა,
რომ როცა გიყვარს, სისულელეა სხვა ყველაფერი.
ადამიანს ხომ საოცარი უნარი აქვს უყვარდეს, ზრუნავდეს..
სად მიგვაქვს, რას ვუშვებით ჩვენ – ჩვენს სიყვარულს,
ისე სად ვმარხავთ, რომ თავად ვეღარ ვპოულობთ-ხოლმე, ჩვენ დედამიწას როგორ ვაჩერებთ?
ჩვენ ხომ ყველაფერი გვქონდა, ღმერთო..

მე მინდა საშინლად ოპტიმისტი ვიყო და მჯეროდეს,

რომ ჩვენ “არასოდეს დავრჩებით მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად, ერთმანეთთან ვერმიახლოების გარდაუვალი განაჩენით.

ალბათ ისევ დავჯდები ფანჯრის რაფაზე წვიმის საყურებლად და ისევ შეეპარება ბზარები ისედაც
მსხვრევამდე მისულ სულს.
გული დამწყდება წარსულში დარჩენილ ლიმნისფერ დღეებზე, მოიისფრო შეგრძნებებზე
და დილაზე, რომელსაც ერთად ვერ შევხვდით.
გული დამწყდება პატარა სახლზე, სადაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, შენთვის მთელი გულით გაკეთებულ
ლიმონიან ჩაიზე და ბუტერბროდებზე, ჩვენს ძაღლზე და პატარა კნუტზე, რომელიც სულ ნერვებს მოუშლიდა
ცუგას და მაინც ეყვარებოდათ ერთმანეთი, იმიტომ, რომ ერთად გაიზრდებოდნენ.
მისჯილი სიცოცხლეც ისევ დაიწყებს გასასვლელის ძებნას.
წამით ისევ დავიწყებული წარსული შემომცინებს.
“და არ არსებობს ქვეყნად ამბავი, რომ ჰქონებოდეს ოდესმე ბოლო.”
სცენარები მეორდება ცხოვრებაში, და ალბათ საშინლად ბუნებრივია ეს ყველაფერი.
და სულ ეს არის? სულ ეს არის, რაც უნდა გვქონოდა?
იმის გააზრება, რომ გაცილებით მეტი შეგვეძლო…
ღმერთო, რომელსაც ვერასოდეს გიწოდე მამა, და არ ვიცი, სად ხარ.
შენ არასოდეს მოისურვე ჩემთან შეხვედრა. ვცოდავდი, რათა სასჯელში მაინც დამენახე და ვერ დაგინახე.
ახლა მოგმართავ.
შეურაცხყოოფილი ვარ ცხოვრებით, სიცოცხლით და ადამიანობით!
დაასრულე ეს ლაზარეთი… დაასრულე…
დაასრულე ჩიტების ფიტულები და ჩემი თვითმკვლელი თევზები.
დაასრულე და მითხარი, რომ ყველაფერი ასე არ მთავრდება, რომ ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავი
აღარასოდეს მომაგონებს წარსულის ტკივილს, რომ ყველა ზღაპარი სულაც არ სრულდება ასე და არც ყველა ქალის ისტორია იწყება ამით.
აღარ მინდა ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება… უბრალოდ თვალები მინდა დავხუჭო.
და სულ ეს არის, ეს არის სულ.

Exit mobile version