Site icon მოიისფრო

ლიმნისფრად.

ლიმნიან ჩაისფერ დღეების წარსულში დარჩენა და სევდის სურნელის შეგრძნება წამებში.. სიჩუმის მელოდიით აღსავსე არსებობა და ჩიტების ფიტულები ირგვლივ.
და სულ ეს არის?
ეს არის ყველაფერი, რაც უნდა გვქონოდა?
იმის გააზრება, რომ “ჩვენ გაცილებით მეტი შეგვეძლო”… გამანადგურებელია? არ ვიცი, თუმცა…
ადამიანად არყოფნის სევდის სიძლიერეს ყველაზე მეტად მაშინ გრძნობ, როცა ნელ-ნელა იწყებ დაჯერებას, რომ მართლა აღარ არსებობს.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის შემდეგ, მაგრამ დგება დრო, როცა ამას აღიარებ..
წარსულში რჩება ლიმნისფერ დღეთა სვლა, მზით გამთბარი თმა და თვალები..
სევდისფერ მომენტებს სახელებს უძებნი და სულისშემხუთველ რეალობასაც აღარ გაურბიხარ.
რა აზრი აქვს გაქცევას? დამალვას?
ბოლოს დიდი ხნის წინ ვიდექი შენს წინ. აღარ ვიმტვრევ თითებს და არ ვცდილობ მოგიყვე, როგორ წარმომედგინა და რა სხვანაირად აღმოჩნდა ყველაფერი ბოლოს.
ყველანი ვცდებით, ალბათ არაუშავს.
არჩევანის წინაშე დაყენება, ეს ისაა, რაც არასდროს უნდა გაუკეთო ადამიანს. ალბათ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა სცე პატივი, რომ ასეთი უნდობლობა არ გამოიჩინო.
თუმცა ალბათ დიდი ხანია საკუთარი თავები აღარ გვიყვარს, აღარ გვადარდებს.
ყველაფერი მახსოვს, ახლა უფრო ცხადად ვიდრე ოდესმე. ყველა შეგრძნება, სინანული – ყველაზე მეტად.
ტკბილ-მწარე გაღიმებაც, იმის წარმოდგენაზე, როგორ შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი, ყვავილების ბოლოჯერ დაწყობა სველ მიწაზე და მძიმე ნაბიჯები.
ჰო, მე წავედი და დავიფიცე, რომ არასოდეს დავბრუნდებოდი უკან.
მე ფიცი შევასრულე, არ დავბრუნებულვარ.
ყვავილებიც ალბათ დიდი ხანია გახმა.
ალბათ მე შენს შვილს მოვნათლავდი, ან შენ – ჩემსას. რა მნიშვნელობა აქვს ახლა – არანაირი.
მწიფე ლიმნები მახსოვს და სურნელი, სურნელი…
ვერაფერი გააქრობს მოთიბული ბალახის სურნელს, ეს ისაა, რასაც ვერასდროს წაიღებენ თვითმკვლელი თევზები.
დრო არაფერს კურნავს, ეს ყველაზე დიდი ტყუილია.
ჩვენ თავებს უფლებას ვაძლევთ სხვებს ვატკინოთ. ფეხებზე ვიკიდებთ სხვების გრძნობებს, სურვილებს. ეგოისტურად გვგონია, რომ გარშემომყოფებმა ბედნიერება მხოლოდ ჩვენში უნდა ეძებონ. ერთი წამით არ ვუფიქრდებით, რომ მხატვრისთვის შეიძლება ჩვენ გარდა ფუნჯი და მოლბერტი იყოს ბედნიერება. მუსიკოსისთვის – მუსიკა, მსახიობისთვის – სცენა, მათემატიკოსისთვის – რიცხვები. და ა.შ და ამ ყველაფრის გარეშე ისევე ვერ იცხოვრებენ, როგორც ჩვენ გარეშე.
ყოველთვის გვგონია, რომ ბევრი დროა დარჩენილი და და შეცდომების გამოსწორებას მუდამ შევძლებთ. ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი შევწირეთ გაუაზრებელ სიტყვებს, პრინციპებს, ყველაფერი დავანგრევინეთ – პირველ რიგში საკუთარი თავები და ამას ვეღარასოდეს გამოვასწორებთ, იმიტომ, რომ აღმოაჩენ, რომ ის, ვისაც თავის დროზე გაუაზრებლად ვტკენდით, გაქრა. ფიზიკურად აღარ არსებობს და სწორედ ამ დროს შეიგრძნობ განსხვავებას ადამიანად ყოფნისა და არყოფნის სევდას შორის.
და სულ ეს არის…
იწყება ლიმნიან ჩაისფერ დღეების წარსულში დარჩენა და სევდის სურნელის შეგრძნება წამებში.

Exit mobile version