Site icon მოიისფრო

მალე გაგიცნობ.

რამდენიმე საათიც და გათენდება.

ჰო, რამდენიმე საათში ძალიან იწვიმებს, მე კი ეს ესაა სახლში შემოსული უნარების კონსპექტებს ჩავუჯდები.

მერე რა, რომ რეპეტიციაზე ძალიან დავიღლები, მაინც სრული შემართებით დავაპირებ მაგისტრატურაში ჩაბარებას. მერე რა, რომ მალევე გადავიფიქრებ. მთავარია, რომ 28 თებერვლის საღამოს წვიმისგან გალუმპული, თავისუფალი ჯინსით და ფერადი წინდებით, უზარმაზარ კუბოკრულ პერანგში გახვეული ვიჯდები მაგიდასთან უამრავი ფურცლით გარშემო და არც მეცოდინება, რომ რამდენიმე წუთში გაგიცნობ.

მალე 28 თებერვალი გათენდება და ჩემი მეგობარი ჩემთან ამოსვლას გადაწყვეტს. მე კი არც კი ვეცდები მოვწესრიგდე, რადგან აზრადაც ვერ გავივლებ, რომ თავის ძმაკაცსაც წამოიყვანს. საათი დაახლოებით 11-ს უჩვენებს და კარზეც დააკაკუნებენ.

2 წუთში უკვე კისერზე ჩამოვეკიდები ახლად შემოსულ საბას და თავიდან ვერც შევამჩნევ შესასვლელში უხერხულად გაჩერებულ ბიჭს. ვერ შევამჩნევ მის მზერას, უეცარ დაბნევას და ვერ არიდებულ თვალებს.

თურმე ალექსანდრე გქვია და საოცრად კეთილი ღიმილი გაქვს. ”სიამოვნებით ვიმეგობრებდი” – გავიფიქრებ და გამეღიმება. ამ დროს ჯერ კიდევ არ მეცოდინება, რომ მთელი საღამო ვერ მომაშორებ თვალს, არც ის, რომ უკვე იმაზე დიდი ადგილი დავიკავე შენში, ვიდრე შეიძლება.

რამდენიმე საათში, შენთან და საბასთან ერთად სამზარეულოში ჩაის ჭიქით ხელში ვიჯდები და იმდენს ვილაპარაკებ, წესით თავი უნდა აგტკივდეს, მაგრამ ისეთი თბილი ღიმილით განაგრძობ ჩემს მოსმენას, ჩავთვლი, რომ ძალიანაც კარგად ვიქცევი და ლაქლაქს გავაგრძელებ. შენს დაბნეულობას კი იმას მივაწერ, რომ ჩემს სახლში პირველად ხარ.

მალე თქვენი წასვლის დრო მოვა და შეგამჩნევ, როგორ ითრევ ფეხს და როგორ არ გინდა წასვლა. გამიკვირდება, თუმცა არ შევიმჩნევ. ”ალბათ ვიმეგობრებთ” – ვფიქრობ და კარს ვკეტავ. სავარძელში ვჯდები და…

28 თებერვალს, სავაძელში მჯდარს ჯერ არ მეცოდინება, რომ რამდენიმე წამში მეგობრობის თხოვნა მოვა Facebook – ზე. ჯერ კიდევ არ მეცოდინება, რომ ბიჭი, რომელიც ეს ესაა გავაცილე, ამდენად შეცვლის ჩემ ცხოვრებას. არ მეცოდინება, რომ ცოტა ხანში ჩემს საუკეთესო მეგობრად იქცევა და ჩემთან იქნება მაშინ, როცა უზომოდ გამიცრუვდება იმედი და ყველაზე ცუდად ვიქნები.

28 თებერვალს, სავაძელში მჯდარს ჯერ არ მეცოდინება, რომ ძალიან ბევრჯერ გატკენ და მაინც ასე გეყვარები. ვერც წარმოვიდგენ, რომ ზღვის სანაპიროზე ვისხდებით ერთად. არც ის მეცოდინება, რომ შემოდგომასთან ერთად მოხვალ ახალ გრძნობად და სიყვარულად ქცეული მეგობრობა ყველაზე ბედნიერს გამხდის. ჯერ კიდევ არ მეცოდინება, რომ მალე შემიქმნი იისფერ რეალობას, სადაც მეც პრინცესად ვიგრძნობ თავს.

მალე გათენდება.. ძალიან იწვიმებს და უნარებიდან სახლისკენ მომავალი, ვერც წარმოვიდგენ, რომ რამდენიმე წუთში კეთილ ღიმილად მოხვალ, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემში და ყოველთვის ასეთი მემახსოვრები. ჩემი სამზარეულოს სკამზე უხერხულად მჯდარი, დაბნეული მზერით, გაღიმებული.

მაშინ არ ვიცოდი, ახლა.. ახლა მიყვარხარ.

რამდენიმე საათიც და 1 წელი გავა, რაც გიცნობ.

Exit mobile version