Site icon მოიისფრო

მოღალატე.

– ახლა რა იქნება?
შენ მიყურებდი შიშით, სევდით, ტკივილით და დანაშაულით სავსე თვალებით, რომლებიც ასე მიყვარდა, ასე ვერ ვუძლებდი და რომლებშიც ახლა მოღალატეს ვხედავდი მხოლოდ.
მე მტკიოდა შენი ტკივილი – მაგრამ ჩემი კიდევ უფრო მეტად, ორივესი ერთად კი რაღაც გაუსაძლისს ქმნიდა, როგორც ჩემთვის, ისე – შენთვის.
სიგარეტის ღერი აკანკალებულ თითებში მოვიქციე და მოვუკიდე.
რამ გინდა გაგათბოს…
– ახლა? ახლა… უერთმანეთობა. აი, რა იქნება ახლა.
ვხედავდი სასოწარკვეთას შენში. ვხედავდი და არ ვიცოდი მწყენოდა თუ გამხარებოდა. მწყინდა ის, რომ ჩემი დაკარგვა ყველაფრის, ყველა ფერის დაკარგვას ნიშნავდა იმ მომენტში შენთვის, მაგრამ მიხაროდა, რომ საკმარისად მწარედ ისჯებოდი.
სულის წართმევისთვის.
განადგურებისთვის.
ნდობის დანგრევისთვის.
გრძნობის, სულის, სხეულის ღალატისთვის.
შენი და ჩემი სიტყვების ღალატისთვის.
ვისხედით ბნელ ოთახში. გარეთ წვიმდა. მე ვეწეოდი, შენ მიყურებდი, თუმცა მეეჭვება დაგენახე, უფრო ჩემ მიღმა იყურებოდი.
ვიცოდი, როგორ გინდოდა ცრემლებისთვის გზა მიგეცა, თუნდაც დაჩოქილს გეთხოვა პატიება, მაგრამ ის კი არ იცოდი, როგორ გაგეკეთებინა ეს.
ამას ვეღარ მკადრებდი.
პატიების თხოვნით უფრო მეტად ვერ დამამცირებდი, ვერ გამთელავდი ვერც მე და ვერც შენ გრძნობას, რომელიც ორივემ ვიცოდით – ახლა უფრო ძლიერი იყო შენში, ვიდრე ოდესმე. ახლა – როცა ყველაფერი დამთავრდა.
– მორჩა? სულ, სულ მორჩა?
– შენ თავიდანვე იცოდი რა შემთხვევაში დავმთავრდებოდით ჩვენ. ჰო, სულ მორჩა.
დაახლოებით ორი საათი ვისხედით სრულ სიჩუმეში.
არ ვჩქარობდი წასვლას.
მე ხომ ამ წამიდან მოყოლებული მომავლის მტანჯველ უერთმანეთობასაც ვეალერსებოდი.
კიდევ ერთხელ გავიხსენე ყველაფერი, რაც შენთან მაკავშირებდა.
კიდევ ერთხელ გამეღიმა ტკბილად და მწარედ.
კიდევ ერთხელ არ მივეცი თავს ტირილის უფლება.
კიდევ ერთხელ გამახსენდა როგორ გენდობოდი და…
მართალი ყოფილა რომ ამბობენ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო.
წავედი.

P.s. სანამ კითხვები გაგიჩნდებოდეთ, პოსტი მე არ მეხება. ანუ ჩემი ცხოვრების არც ერთ მონაკვეთს არ ასახავს.

Exit mobile version