Site icon მოიისფრო

რაც კარგები ვართ… ანუ რა ხდება სუფრის იქით.

არ ვაპირებდი ამ ფაქტზე დაწერას, მაგრამ ძალიან, ძალიან ვარ გაბრაზებული.
ყველაზე და ყველაფერზე, ქვეყანაზე, მთავრობაზე, სამღვდელოებაზე, ჩემ თავზე..
მრცხვენია.
მრცხვენია ამ ქვეყნის, ამ საზოგადოების და მხოლოდ სუფრაზე გაზიარებული ქართველობის.
მრცხვენია იმ ქვეყანაში ცხოვრების, სადაც ყველა სუფრაზე სიყვარულის და ერთად დგომის სადღეგრძელო ისმევა, თამადა ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისვრის,
მაღალჩინოსანი ბიძიები და მამაოები ღიპებგადმოგდებულები დაგრიალებენ ჯიპებით და ამ ყველაფრის პარალელურად 1 წლის ბავშვი კვდება და მისი სიკვდილის მიზეზი შიმშილია.
მივმართავ მთავრობას, “ძველსაც” და “ახალსაც” , რომელიც ჩემი აზრით ერთი და იგივეა. რომელსაც ისევე კიდია ფეხებზე საზოგადოება, როგორც “ძველებს” ეკიდათ. მივმართავ “ნამდვილებსაც” და “ყალბებსაც”, რომელმაც უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარება არ მისცა და ამან პატარას სიკვდილი გამოიწვია.
მივმართავ სამღვდელოებას, რომელიც “შესაწირს მარტო იმიტომ იღებს, რომ გაჭირვებულებს დაეხმაროს” და რატომღაც ასეთი ფაქტი ხდება.
მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არც მღვდელია არც მაღალჩინოსანი, არც ნამდვილია და არც ყალბი, არც შესაწირს იღებს და არც არამიზნობრივად იყენებს მას. იმ ნაწილს, რომელიც ასევე დიდ ფულს ატრიალებს და ტუალეტში ერთი ადგილის გამოსაწმენდადაც ფულს იყენებს, იმდენი აქვს და მაინც, 5 თეთრის მიცემა ენანება გაჭირვებული ადამიანისთვის.
მრცხვენია თქვენი და მეზიზღებით.
ყველას კარგად ყოფნას ვუსურვებ, ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა ვიღაცისთვის, მაგრამ რა ქნას იმ ბავშვმა ან ოჯახმა, ვისაც არ ყავს იმხელა სანაცნობო წრე, რომ ფული აუგროვონ ან საქველმოქმედო აქციები გაუმართონ, ვისაც თავადაც არ აქვს იმდენი საშუალება რომ საჭმელი მაინც ქონდეს და არის სოციალური დახმარების იმედზე, მაშინ როცა სოციალური დახმარებაც არ ჩანს.
არც მთავრობაზე საუბარს აქვს აზრი და არც საპატრიარქოს 25 მილიონზე, როცა თვითონ საზოგადოებაა ამაზრზენად გულგრილი.
საზოგადოება, რომელსაც მაინც და მაინც 1 წლის ბავშვის სიკვდილი ან ტრაკში გაკეთებული ცოცხები სჭირდება გამოსაფხიზლებლად.
საზოგადოება, რომელში მცხოვრები მამაკაცებიც ყოველ დღე განსხვავებულით სვამენ წინა დღეს ნაცემი ცოლის სადღეგრძელოს.
საზოგადოება, რომელმაც მარტო სუფრაზე იცის სიყვარული, სოლიდარობა და ურთიერთდახმარება.
ადამიანების ხროვაში, რომელიც თავს საზოგადოებას უწოდებს, 21 საუკუნეში პატარა ბავშვი შიმშილით არ უნდა კვდებოდეს.
სხვა შემთხვევაში საზოგადოება კი არა ჯოგი ვართ და არც უნდა გვქონდეს სხვა წოდებაზე პრეტენზია.

Exit mobile version