Site icon მოიისფრო

როდის გავიღვიძებთ?

ყოფილხართ ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს?
მე ვიყავი.
ერთი ეგ იყო, საკმარისად ახლოს მაინც ვერ აღმოვჩნდი და ახლაც 21 ნომერი ავტობუსიდან ვწერ ამ პოსტს.
არადა 2 დღის წინ ჯერ ისევ ვარსკვლავებთან ვიყავი.
ჰო, ბალახზე ვიწექი და ცას ვუყურებდი. გეგონებოდა ვიღაცას მუჭით მიმოეფანტა ცაზე ვარსკვლავები. “ისე ბრწყინავდნენ და ისე შორეულად”..
ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ შეუძლებელია მეც მქონდეს პატარა უფლისწულის მსგავსი ასტეროიდი – მეთქი, ჩემთვის ხომ ყველა ვარსკვლავი იცინოდა იმ წამს.
მერე..
მერე გამახსენდა როგორ ვექცევით ადამიანები ერთმანეთს, არ ვიცი დამთხვევა იყო თუ რა, მაგრამ როგორც კი ამაზე დავიწყე ფიქრი, შევამჩნიე როგორ ჩაქვრა ნელ-ნელა ყველა მათგანი.
ანიმ მითხრა, ძალიან უცნაურები ვართო, ერთმანეთს ტანსაცმელივით ვირგებთო. მერე თუ არ მოგვეწონა ვიხდით, სხვას ვარჩევთ და ასე გრძელდება მუდამო.
მე და შენ იდეალურად მოვერგეთ ერთმანეთს, ლამაზი მთლიანობა შევქმენით, მაგრამ მაინც გაცვდა ეს ყველაფერი და ახლაც მგონია, რომ შიშველი დავდივარ.
უამრავი სამოსია ირგვლივ, მე კი მხოლოდ “უერთმანეთოდ კარგად ვართ” ნიღბის მორგება შევძელი წარმატებით.
ვერ ვგუობ სხვა სამოსს, სხვა შეხებას.
იცი, იქ, მთაში, ჩვენი ოცნების ქოხი ვიპოვე. პატარა, ხის. ორი საწოლით, ერთი მაგიდით და ბუხრით.
ვათვალიერებდი სახლის ყოველ სანტიმეტრს და თითქოს იმ ფისოს და ძაღლსაც კი ვხედავდი ჩვენ რომ უნდა გვყოლოდა.
უცნაურას ვგრძნობ ამ წამს თავს.
ამ გახდილ სამოსს გაყიდული სიყვარულის სურნელიც დაყვება თითქოს და აუტანელ, ჩახუთულ, სევდისფერ რეალობას ქმნის.
დავდივარ და ვფიქრობ.
ვინ მოგვძებნის მაშინ, როცა რძისფერი ნისლი ჩამოწვება ტყეში და გზას ვეღარ გავაგნებთ?
უცნაურია, მე გადავრჩი უშენოდ, შენც ასევე, მაგრამ მაინც კომას გავს ეს ყველაფერი.
როდის გავიღვიძებთ?

Exit mobile version