Site icon მოიისფრო

სხვისი ჭირი..

ალბათ ყველას გვაქვს ცხოვრებაში მომენტები, როცა ბრძოლას ვწყვეტთ და ცხოვრებას ვნებდებით, თუნდაც ერთი წუთით..
ხშირად ხდება ისე, რომ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყობა და ამოსუნთქვის საშუალება არ გაქვს.. ამ დროს ფიქრობ, რომ აღარაფერი იქნება კარგად..
ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი შრამები..
შეიძლება ღამეებს ტირილში ვათევდეთ, გარეთ კი ვიღიმოდეთ და არაფერს ვიმჩნევდეთ..
ყველა ჩვენ-ჩვენი ტკივილით ვცხოვრობთ.. ყველას ჩვენი სიმართლე გაგვაჩნია..
მაგრამ როცა ცუდად ვართ, ჩვენი ტკივილის იქეთ ვეღარაფერს ვხედავთ..
ალბათ იმ მომენტში თავი ყველაზე უბედური გვგონია..
გვიყვარს ადამიანებს ყველაფრის დრამატიზირება.. გაბუქება.. პრობლემების ხელოვნურად გამოგონება..
მეც ხშირად მომსვლია ასე..
მაგრამ რომ ვიყურები გარშემო, მრცხვენია..
იმდენი უბედურია ქვეყნად..
მათთან შედარებით ჩემი პრობლემები ალბათ სასაცილოც კია.. ერთი შეხედვით..
იმ დღეს მარშუტკაში ამოვიდა ერთი ოჯახი.. მამა, ბებია და შვილიშვილი..
ეტყობოდათ ძალიან გაჭირვებულები იყვნენ..
ბებიას მდოგვისფერი პალტო ეცვა, ჭუჭყისგან ფერდაკარგული..
ხელები გამხდარი და მოუვლელი ქონდა, სახე კი ნაოჭებს დაეფარა სულ..
ნახევრად ჩრჩილისგან შეჭმული შალის ქუდი ეფარა თავზე.. ალაგ-ალაგ გაჭაღარავებული თმა მოუჩანდა..
მამას სადად ეცვა, მაგრამ სუფთად..
მხოლოდ ქურთუკის სახელოზე ქონდა მტვერი, შეიძლება კედელს მოედო..
მოწყენილი სახე ქონდა და აუტანელი სევდით სავსე თვალები..
რაღაცნაირად, წელში მოხრილი იდგა.. მობუზული..
ბავშვი 10 წლამდე იქნებოდა.. ულამაზესი პატარა გოგო…
ეტყობოდათ, ყველანაირად ცდილობდნენ ბავშვისთვის არაფერი დაეკლოთ..
მართლაც, პატარას სუფთად და ლამაზად ეცვა..
ძალიან იყო მიკრული ბებიაზე, იმხელა ახლობლობა იგრძნობოდა მათ შორის, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გოგონას დედა არ ყავდა..
რაღაცნაირად მომეწურა გული.. ცრემლის ბურთი ჩავყლაპე და ფანჯარაში გავიხედე..
მალევე ჩამოვედი და მთელი დღე გამყვა მათზე ფიქრი..
დღეები ისე მიეწყო ერთმანეთს, რომ ბევრი ადამიანის გაჭირვების მომსწრე გავხდი..
ვხედავდი დედას, რომელსაც 14 წელი არ ენახა თავის შვილები..
ბებიას, რომელიც შვილიშვილს ვერ ნახულობდა იმიტომ, რომ საშუალება არ ქონდა რამე
მიეტანა მისთვის, ისე მისვლა კი ეუხერხულებოდა..
მოხუც ქალს, რომელსაც და მოუკვდა და თითქმის არავინ იყო მათი პატრონი..
პანაშვიდზე მიმსვლელ-მომსვლელებს ეკითხებოდა ხვალაც მივიდოდნენ თუ არა..
ყველა აიმედებდა – მოვალთო, მაგრამ მივხვდი მეორე დღეს იქ მიმსვლელი არავინ იყო..
რამხელა ტკივილი იყო მოხუცის თვალებში..
ვუყურებდი ეს დღეები ამ ხალხს და სირცხვილით ვიწვოდი..
მე ხომ მათთან შედარებით იდეალური ცხოვრება მაქვს..
ზოგჯერ ისეთ სისულელეებზე ვწუწუნებ, მოსაკლავი ვარ..
რატომ არ ვუფიქრდებით იმას, რომ შეიძლება ჩვენ გვერდით ვინმე შიმშილით კვდება?
ჩვენ ხომ თითქმის ყოველდღე ვხვდებით ქუჩის კუთხეში მდგარ მათხოვარს, სახეს რომ მალავს..
თითქმის ყოველდღე ვხედავთ დედებს, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ, რომ მათ შვილებს ელემენტარული მოთხოვნები დაუკმაყოფილონ?
ყოველდღე ვისმენთ ტელევიზორში, რომ ვიღაც კვდება და სისხლი სჭირდება..
მე შესანიშნავი დედა მყავს, ბევრი მეგობარი და საყვარელი ადამიანი..
ვერ ვიტყვი, იდეალური ცხოვრება მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ისეთი, რომ საწუწუნო მქონდეს რამე..
თუმცა ადამიანებისთვის ხომ თითქმის არ არსებობს ზღვარი.. არასოდეს გვაკმაყოფილებს ის, რაც გვაქვს..
ამაზე რომ დავფიქრდი და გარშემო მიმოვიხედე, ისეთ ფაქტებს წავაწყდი, რომელიც ყოველდღე ხდება..
ყოველდღე ვხედავ და მაინც, აქამდე ასე არ დავფიქრებულვარ ამაზე..
ალბათ მანამ, სანამ ცოცხლები ვართ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც მონდომების და შრომის შემთხვევაში ვერ მივაღწევთ..
იქნებ უქმად ჯდომას და წუწუნს ჯობდა ხელი გაგვენძრია?
კარგია, როცა შენზე კარგს ედრები და გინდა რამეს მიაღწიო..
მაგრამ ზოგჯერ საჭიროა შენზე გაჭირვებულს შეედარო და ნახო, რომ არც ისე ცუდად გაქვს საქმე..
საოცარი ძალით მავსებენ ადამიანები, რომლებსაც მართლა აღარაფერი დარჩათ ცხოვრებაში და მაინც
იმედით არიან სავსე..
ზოგისთვის უბრალო ღიმილიც მთელ ცხოვრებას ნიშნავს, ჩვენ კი ასეთ წვრილმანებს არც ვაფასებთ…
თუმცა ..
“ის ხომ თავის თავისთვის ერთი, ერთადერთი იყო..”
როგორც ზემოთ აღვნიშნე, როცა ჩვენ ვართ ცუდად, სულ არ გვაინტერესებს ვინ კვდება გვერდით, ვის შია და ა.შ..
ასეა.. ეგოიზმს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი დოზითაა ჩვენში, სრულიად უკუვაგდებთ ხოლმე..
არა, არავის ვადანაშაულებ.. ბუნებრივია.. ასე ვართ ყველა, მეც მათ შორის..
“ეჰ, სხვისი ჭირი…”

Exit mobile version