Site icon მოიისფრო

უკან, ჯანდაბაში!

სულმოუთქმელად გადაკრა სასმლით სავსე ჭიქა. უკვე სათვალავიც აერია მერამდენეს სვამს. სასმლისგან გამოწვეულმა ჟრჟოლამ ოდნავ რომ გაუარა, დაცლილი ჭიქა ისევ გაუწოდა ალექსს.
– ძალიან ბევრს სვამ, იქნებ აღარ გინდა?
– ნუ მასწავლი რა მინდა და რა არა, დამისხი.
– ამით რას გაუმარჯოს?
– აუსრულებელ სურვილებს. იმას, რაც გულით გვინდოდა და არ გამოვიდა.
– გაუმარჯოს… ჩვენს აუსრულებელ სურვილებს გაუმარჯოს. კიდევ, რატომღაც არაღიარებულ გრძნობებს და შეცდომებს, რომლებმაც ასე გაგვაადამიანეს. მართალია ძალიან გვიან, მაგრამ..
– იქნებ არაა გვიან, ალექს?
– გვიანია, ანნა. დამიჯერე.
უხმოდ დალიეს. ისხდნენ სიგარეტის კვამლში გახვეულები, საკუთარ ფიქრებში ჩაძირულნი. გარეთ კი ისევ კოკისპირულად წვიმდა.
– რატომ აღარ ხართ ერთად?
– ვერ ვხვდებოდი რამდენად ჩემი იყო.
– ეგ როგორ?
– “პატარა უფლისწული” წაკითხული გაქვს?
– ალექს, ხვდები, რომ შეურაცხყოფას მაყენებ?
– ოჰ, მაპატიეთ მილედი.
– განაგრძე.
– ჰო.. ის ეპიზოდი გახსოვს, პატარა უფლისწული ვარდების ბაღს რომ იპოვის? და უჩნდება შეგრძნება, რომ მოატყუეს, რომ მის პლანეტაზე დარჩენილი ვარდიც ისეთივე ყოფილა, როგორც სხვები. უფრო სწორად ათასობით მისი ვარდისნაირი არსებულა. მოგვიანებით აანალიზებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში უამრავი ვარდი არსებობს, მისი ვარდი მაინც ყველასგან გამოირჩეოდა. არავის ჰქონდა მისნაირი სურნელი, ის ერთი, ერთადერთი იყო.
– ალექს, მგონი დათვერი.
– ნუ იცინი და სიგარეტი მომაწოდე. ჰო, იმის თქმა მინდოდა, რომ ვერ დავაფასე და მისთვის მისაცემი სითბოც სხვებს გავუნაწილე. უბრალოდ ვერ მივხვდი, რომ ჩემი ვარდი სხვა ვარდებზე ლამაზი, სურნელოვანი და ფაქიზი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი იყო.
– თავს ნუ იტანჯავ, შეუძლებელია მხოლოდ შენ იყო დამნაშავე.
– ამას არც ვამბობ, დამნაშავე ორივე ვიყავით. მისი დანაშაული ის იყო, რომ ზედმეტად მომეჯაჭვა. რაღაც მომენტებში მეგონა, რომ მხუთავდა, მახრჩობდა და მის გვერდით ერთი წამით ვერ გავჩერდებოდი. რომ წავიდა რაღაცნაირად ამოვისუნთქე კიდეც, მაგრამ სულ რაღაც ერთ თვეში მივხვდი, რომ საშინლად მაკლდა. მაკლდა მისი ბავშურობა, სისულელეები, ნერვებს რომ მიშლიდა ეგეც კი… და კიდევ ის, რასაც თავის დროზე ჩახუთულობა ვუწოდე – მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში.
– ერთი წელი გავიდა, ალექს. დავიჯერო არც ერთს არ გაგჩენიათ სურვილი რამე გამოგესწორებინათ? სადაა ახლა?
– საერთოდ წავიდა ქვეყნიდან. სხვაგან ცხოვრობს და… ალბათ კარგადაა, მაგრამ მეეჭვება. კარგი, მოვრჩეთ ჩემზე. შენ რაღა დაგემართა? თქვენ, უფრო სწორად.
– არ მინდა ამაზე.
– უსამართლობაა, ანნა. მე ყველაფერი მოგიყევი.
– სულთამხუთავი ხარ. კარგი… მე, უფრო სწორად ჩვენ… არ ვიცი. უბრალოდ მივეცით ურთიერთობას დასრულების უფლება. ჩემი ბრალია, ამას მშვენივრად ვხვდები. ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ მე შევიცვალე რაღაცნაირად. ის სიხალისე, რაც ჩემში უყვარდა, ჯანდაბაში მოვისროლე და იმ სიხალისის და სიცოცხლის სიყვარულის გარეშე რა ვარ შენც კარგად ხედავ. მე არ მომწონს ასეთი ჩემი თავი და მისთვის რა მომეთხოვა, მას როგორღა მოვეწონებოდი.
– ანუ სტანდარტულ გოგოდ იქეცი?
– ჰო, ალექს. ასეც შეიძლება ითქვას. სასმელი აღარ გვაქვს?
– კი, აგერაა მეორე ბოთლი. მომეცი ჭიქა.
– ამით რას გაუმარჯოს?
– სიყვარულს!
– ავადმყოფი ხარ!
– ვიცი.
– მეცოდება შენი გოგო.
– აღარაა ჩემი.
– შენია, იდიოტო. და სანამ ერთმანეთი გიყვართ გვიანი არასდროსაა.
– ოჰ, დიდი ხანია ამას მიხვდი?
– ამ წამს!
– მაშინ რატომ არ წახვალ ჯანდაბაში?
– უკაცრავად?
– ჰო, ჯანდაბაში წადი, ანნა! იქ, სადაც შენი სიცოცხლის სიყვარული, სიხალისე და ის ყველაფერი მოისროლე, რაც მას ასე უყვარდა შენში. ამოქექე, დაიბრუნე და განახლებული მიდი მასთან.
– მართლა ავადმყოფი ხარ!
– ვიცი!!!
– მეცოდება შენი გოგო!
– მეც მეცოდება… ჩემი გოგო.
– ეს უკვე მომწონს!!! …
– სად მიდიხარ, ანნ?
– ჯანდაბაში, ალექს. ჩემი თავი უნდა დავიბრუნო! სიგარეტი წამოიღე.
გარეთ ისევ კოკისპირულად წვიმდა.

Exit mobile version