Site icon მოიისფრო

შავ-თეთრ დღეებში.

რამდენჯერ მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა, რაღაც დროით გაუჩინარება შეგვეძლოს, ოღონდ ისე, რომ არავის ვახსოვდეთ, ვერავინ მიხვდეს და შესაბამისად არავის ეტკინოს.
უბრალოდ, რომ ადგე და გაქრე. არ ახსოვდე მშობლებს, მეგობრებს, ადამიანებს, ვისაც უყვარხარ… გავიდეს დრო, დამშვიდდე, დალაგდე, შენი თავი იპოვო და დაბრუნდე ისე, თითქოს არც გამქრალხარ.
იმდენად გღლის ზოგჯერ ყველაფერი, ამდენი ემოცია, ამდენი მოვლენა ერთად, რომ ვეღარ იტევ. ემოციებს, გრძნობებს, ადამიანებს, სამყაროს!!!
ხომ ხდება ხოლმე, რომ მიდიხარ რაღაც ზღვარზე, რის იქითაც აღარ შეგიძლია.
ვეღარ სუნთქავ. ერთ ნათელ ფერსაც ვეღარ ხედავ. გინდა ყველაფერი მოისროლო, გადამალო, გააქრო, რაც ბავშობასთან,
ემოციებთან, გრძნობებთან და გულუბრყვილო ცრემლებთან გაკავშირებდა, მაგრამ არა, ვერა!
როცა გამუდმებით ცდილობ ხატო, მზის სხივებს სდიო, ბევრი ნათელი ფერი შეაგროვო და ცისარტყელად გააერთიანო,
მაგრამ რეალურად ეს ცისარტყელაც შავ-თეთრი გამოდის.
შავ-თეთრია შენი ფერადი ტანსაცმელიც, მუსიკაც, რომელსაც უსმენ, ადამიანებიც, ვისაც ხედავ… ყველაფერი.
შავ-თეთრად დადიხარ, შავ-თეთრად სუნთქავ, შავ-თეთრად ხატავ, შავ-თეთრად ისმენ, შავ-თეთრად საუბრობ.
არის მომენტები, როცა ხვდები ადამიანებს, ვინც გაფერადებენ, თუნდაც რამდენიმე დღით, საათით, წუთით,
მაგრამ გარემოება მალე ამასაც გართმევს და ისევ შავი და თეთრი ფერებისამარა რჩები.
თავაწეული დადიხარ ვარსკვლავების დანახვის იმედით, მაგრამ ერთი ვარსკვლავიც კი არაა ცაზე.
მთვარესაც ბეზრდები და მიდის… ქრება ყველაფერი. შენი თვითმკვლელი თევზებიც კი, რომლებიც ყოველღამე გესიზმრებოდნენ.
ნელ-ნელა ქრები, ხდები გამჭვირვალე, ერევი შენს შავ-თეთრ დღეებს და… მთავრდები, ალბათ.

იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, ახლა ფერადი ფანქრების და სამასკარადო ნიღბების მაღაზიაა. სურათი, რომელშიც მე და შენ უნდა ვჩანდეთ, ახლა ვიღაცის დაბადების დღეს აღნიშნავს. დავიღალე ნიღბების თრევით ჩემი უჩინარი ხურჯინით და ჩემი გალეული კუნთებით და ჩემი გამომშრალი ნებისყოფით, გაღიმებული, სევდიანი, არაფრისმთქმელი, უკანასკნელი გამოხედვის და დამთავრებული ადამიანის ნიღბებს ვზიდავ. თან ყოველი ნიღბის გამოცვლაზე სხვადასხვა ცეკვას ვასრულებ. მოდი, გვეყოს ცვლა და გვეყოს თრევა და გვეყოს ერთმანეთი და უბრალოდ გვეყოს რა და მორჩა. მოდი გულახდილი საუბარი გვქონდეს და ერთმანეთზე გადადებული ორი თითი ორივემ მაგიდის ქვეშ დავმალოთ. მერე ერთად გავიღიმოთ წითელი ფანქრების ტუჩებზე გადასმით და ვთქვათ, რომ დიდები ხანდახან ძალიან უაზროდ ვიქცევით. შენ ცარიელი ხელი მიგაქვს პირთან და ვითომ ღვინოს სვამ. მე ცარიელი ხელით ვითომ ხელსახოცით გწმენდ პირს. მერე უცებ ვითომდა მოულოდნელად გადავწყვიტოთ ბარიდან წასვლა. ვითომ ოფიციანტი ანგარიშს მოგვიტანს. ჩვენც ვითომ ვიხდით, მაგრამ ოფიციანტი არ თამაშობს ამ თამაშს… სხვა გზა არ არის, უნდა გავიქცეთ. გავრბივართ და დახატული – ფართოდ გაღებული პირებით ხმამაღლა ვიცინით, ვითომ წვიმა ისე გვასველებს, გუბეებში ფეხის ჩავარდნებს აღარ დავეძებთ. მე ნიღბებიანი ჩანთა მივარდება, შენ კი ფანქრები.
სასწრაფოდ, ორივე რაღაცას ვიმიზეზებთ და ვშორდებით. მე ჩანთას ვეძებ, ის ფანქრებს.
იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, ახლა ფერადი ფანქრების და სამასკარადო ნიღბების მაღაზიაა.

რამდენჯერ მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა, რაღაც დროით გაუჩინარება შეგვეძლოს.

 

Exit mobile version