Site icon მოიისფრო

ჩემი ნება რომ იყოს.

Daddy__Bring_Me_The_Moon_by_pesare

– შენ არ მოგწონს ეს სამყარო, ჰო?
– არა.
– რატომ?
– მტკენს.
– ეგ როგორ?
– აი, ასე. ყოველი ამოსუნთქვით, შუშის თვალებიდან ნასროლი მზერით, გაუფასურებული გრძნობებით, მოწამლული ჰაერით,
შურით, ბოღმით, ბოროტებით, შექმნილი კერპებით და მათი თაყვანისცემით, გაუფასურებული რწმენით,
მოდაში შემოსული რელიგიებით შეურაცხყოფილი ღმერთით… ყველაფრით!
– და მაინც გიყვარს.
– ჰო, ადამიანები მიყვარს.
– მაგრამ ცხოველები – უფრო, არა?
– ჰო, მაგრამ ადამიანებიც. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი 30 ვერცხლზე ნაკლებად გაყიდეს.
სიყვარულს საერთოდ უფასოდ იძლევიან. სიმართლე მოდაში აღარაა. ფულზე იყიდება სული. ფერადი ფერების ეშინიათ. ნაცრისფერი მასისგან გამორჩეულ
ერთ ფერსაც კი ანათემას გადასცემენ. გიცინიან, ზურგს უკან კი იმხელა სამარეს გითხრიან, ოდნავ რომ ფეხი დაგიცდეს მაშინვე ფსკერზე აღმოჩნდები.
– შენი ნება რომ იყოს, როგორ სამყაროს შექმნიდი?
– ჩემი ნება რომ იყოს?
ჩემი ნება რომ იყოს, დავწვებოდი ღია ოქროსფერ ბალახზე და ბამბის ნაყინის ღრუბლებს დიდ ხანს ვუყურებდი.
ქაღალდის ნავით შემოვუვლიდი დედამიწას გარშემო.
ქაღალდის ყვავილებს დავკრეფდი და იმ ფრად გავაფერადებდი, რა ფერიც მე მომინდებოდა.
გუბეებში ვიცეკვებდი ბალეტს, მერე რა, რომ არ ვიცი.
წვიმის წვეთებს შევაგროვებდი ხელში, ერთს, ორს, სამს..
ცოტა ხნით ჩემთან მეყოლებოდნენ, ჩურჩულით გავანდობდი უდიდეს საიდუმლოს, ლურჯი სევდით სავსე
ლამაზ ლექსებს დამაწერინებდნენ იმაზე, თუ როგორ მითხარი ერთხელ დავიკარგოთო და ამ დროს დროც აგვცდა..
მოგვიანებით როგორ შეეტყო უშენობა ქალაქს და როგორ დაკარგა ყოველმა ნივთმა შენი ანაბეჭდი.
მერე კი ავდგებოდი და ხელისგულში მომწყვდეულ წვიმის წვეთებს წვიმას დავუბრუნებდი, არ მიყვარს ვალები.
ქალაქის განაპირას, ნახატებით სავსე სახლში ვიქნებოდით მე და შენ.
ჩამოცვენილი ფოთლების საწოლზე, გაშლილ თმაზე მომეფერებოდი და მეტყოდი, რომ ჩემ წარმოსახვას
განცდის ფერი აღარასოდეს ექნება, რადგან ახლა შენ ხარ ამ განცდის შემოქმედი და არც ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავი მოგაგონებს წარსულის ტკივილს.
ყველაფერი თბილი შემოდგომის ფრად იქნებოდა შეღებილი და მე და შენ კიბის გავლით ავიდოდით მთვარეზე.
დიდ ხანს ვიჯდებოდით იქ, გადმოვხედავდით დედამიწას, მერე კვლავ უჰაეროდ დამტოვებდა შენი სიახლოვე და სიცოცხლე აივსებოდა შენით.
ფანჯრის რაფაზე ვიჯდებოდით მე, შენ და ჩვენი სიყვარული.
დაორთქლილ მინაზე დაწერილი სიტყვებით ვისაუბრებდით, ხელისგულში მომწყვდეული ბგერებითაც შეიძლება საუბარი, ისე.
ჩემი ნება რომ იყოს…
– შენ ისედაც ცეკვავ – ხოლმე გუბეებში, წვიმის წვეთებსაც აგროვებ და უბრუნებ წვიმას, ისედაც წერ, რა განსხვავებაა შენ სამყაროსა და ამ სამყაროს შორის?
– ჩემ სამყაროში ჩემ უწყინარ თამაშს წვიმასთან არავინ ჩამითვლიდა ტყუილად, არც გაუკვირდებოდათ, იქ ხომ ხშირად მოდის ხოლმე ნაყინის წვიმა.

წამოდი, დრო გვიცდის სცენაზე.

Exit mobile version