Site icon მოიისფრო

ჩვენს სახლში.

ჩვენი სახლი სიყვარულის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგება. მუდამ საკურას სუნით გაჟღენთილ ქუჩაზე,
მთვარისფერი სინაზით სავსე.
რეპეტიციიდან მოსულს შენს სიმშვიდეში გამახვევ და შუბლზე კოცნით გააქრობ დაღლილობას.
მერე ერთად ვუყურებთ ფილმს და შენი სურნელით სავსე დილამდე ვიძინებ იმ ძილით, რომლის სიზმრებშიც ვერასდროს იქნებიან ჩიტების ფიტულები, ვერც თვითმკვლელი თევზები შემაწუხებენ და დილას, ახლად თვალგახელილი ვიფიქრებ, რომ ნამდვილად ”მომატყუა იმ წვრილთვალება, იაპონელმა კაცმა და ჩვენ არასოდეს დავრჩებით მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად
ერთმანეთთან ვერასოდეს მიახლოვების გარდაუვალი განაჩენით. და ყველა ქალის ისტორია არასოდეს იწყება ამით”.
ახლა, როცა ჩემს არათითზე წამოცმულ ბეჭედს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ცხოვრება უნდა გვქონოდა.
ზუსტად ასეთი ხვეული თმა უნდა მქონოდა, ასეთი თვალები და ჩემს სახლში შემთხვევით მოხვედრილს, უზომოდ უნდა შეგყვარებოდი. ასე ვფიქრობდი მაშინაც, როცა პრემიერა დასრულდა, პაკლონზე გამოვედი და თეატრის სცენაზე, ჩემ წინ ცალ მუხლზე დაჩოქილმა უხმოდ მთხოვე ცოლობა, მე კი ემოციებს ვეღარ ვიტევდი. სცენის მტვერში გახვეული, ყვავილებ მიხუტებული ვიდექი და სიტყვას ვერ ვძრავდი. მინდოდა მეთქვა, რომ უზომოდ მიყვარდი, რომ სხვა გოგოებისგან განსხვავებით არ მიფიქრია როგორ მინდოდა ეთხოვათ ხელი, მაგრამ შენ ყველა მოლოდინს გადააჭარბე, რომ ჩემი ყველა ემოცია შენ გეკუთვნოდა და შენ გარეშე რიყის ქვასავით უსიცოცხლო ვიქნებოდი, რომ ერთი სული მქონდა ერთად აგვერჩია ფერადი ჭიქები ჩვენი სახლისთვის, კედლებზე ჩვენი ფოტოები დაგვეკიდა, რომ ზუსტად ასეთი მომავალი უნდა გვქონოდა, თუმცა მხოლოდ ”ჰო”-ს თქმა მოვახერხე ხმამაღლა.
ჩუმად მოვუსმენთ ნორვეგიულ ტყეს ჭიქა ღვინის თანხლებით და მოიისფრო სიზმარს დაემსგავსება ეს ყველაფერი. სიზმარს, რომლის დასასრულს, ჩვენს შვილიშვილში რომ
დავიჭერთ ჩემ ან შენ თვალებს, მივხვდებით, რომ ზუსტად ასე უნდა გვეცხოვრა.
რა კარგია, რომ ”ჰო” ვთქვი. IMG_1726

Exit mobile version