Site icon მოიისფრო

ჩვენი ოთახები

პატარაობიდან მოყოლებული, ჩვენი ოთახები იყო ჩვენი თავშესაფარი. ჩვენი, ყველაფრის მოწმე ოთახები. ყველა სიხარულის, ყველა იმედის, ყველა ცრემლის, თუ ტკივილის. 

ოთახები, რომლებმაც ყოველთვის იცოდნენ, როდის შეგვიყვარდა პირველად, როდის გაგვიჩნდა ვნებიფერი სიმორცხვე თვალებში, როდის დავეცით პირველად მტკივნეულად და როდის გაჩნდა ჩვენს სხეულში პირველი ბზარი. ოთახები გამოუსწორებელი რომანტიკოსების, რომლებსაც ფრთები ძირში მოამტვრიეს, მიამიტი, უბრალო გოგონების ოთახები.

ვერავინ გაიგებს, რა ხდებოდა ასეთი უბრალო გოგონების ოთახებს მიღმა. მხოლოდ ჩვენი ოთახის კედლებმა იციან, როგორ ვიღებავდით ბავშვობაში თმას სხვადასხვაფრად და ზუსტად ვიცოდით, რომ ამის გამო დავისჯებოდით, მაგრამ მაინც ვცდილობდით, ჩვენი თავებისგან რაღაც განსხვავებული გამოგვეძერწა, ისეთი, სხვა რომ არავინ იქნებოდა.
როგორ ვცდილობდით, განსხვავებულად ლამაზები ვყოფილიყავით და როგორ არასდროს გამოგვდიოდა ეს. 

ჩვენს ოთახებში, ჩვენს დღიურებს ვუზიარებდით ჩვენ-ჩვენს სიყვარულს, (სხვას ხომ არავის უყვარდა ასე). ფურცლებზე გადაგვქონდა ყველა განცდა, ყველა ემოცია. ვუყვებოდით, როგორ დავინახეთ პირველად, როგორ ვიდექით თმაჩამოშლილნი და ვუყურებდით თვალებში, რომელიც მთელს სამყაროს იტევდა მაშინ. ვუყვებოდით, როგორ გვიყვარდა, როგორ წავიდა და როგორ დაეტყო უმისობა ყველაფერს, როგორ ვცხოვრობდით დაყოფილნი ათასობით ნაწილად და მაინც როგორ გვქონდა გაგაზაფხულების იმედი. 
და ყოველთვის ყველაფერი მეორდებოდა. კვლავ გვიყვარდებოდა სამყაროსხელაზე და კვლავ ბავშვური შიშით გვეშინოდა მათი დაკარგვის. 
შიშს კი ყოველთვის დიდი თვალები ჰქონდა და ჩვენ, საბანწაფარებულები ვცდილობდით ამ შიშისგან დამალვას. 

წლებთან ერთად ოთახები იცვლება, მაგრამ ჩვენ – არა. ჩვენ ისევ იმ პატარა გოგონებად ვრჩებით, ოთახის კედლებს ფერადი ფოტოებით და ციმციმა ნათურებით რომ ალამაზებენ, იმ გოგონებად, ბალიშზე თავის დადებისთანავე ისევ მეოცნებე ბავშვებად რომ იქცევიან და ვოცნებობთ. ვოცნებობთ იმაზე, რაც არასდროს ახდება. 

ყოველთვის ვიტყვით, რომ კარგად ვართ, რომ ცხოვრება მართლაც საოცრად მშვენიერია. ჩვენი ოთახის სილურჯეში ჩაკარგულები, გულის დაღლამდე ვიტირებთ ისევ და ვეცდებით, ახლა მაინც შევეგუოთ ჩვენს არსებობას. 

პატარაობიდან მოყოლებული, ჩვენი ოთახები იყო ჩვენი თავშესაფარი.
ახლაც ასეა. 

Exit mobile version