Site icon მოიისფრო

30 წუთი.

30 წუთი. 

გაუნძრევლად ვწევარ და ჭერზე არსებულ ლაქას მივჩერებივარ. 
28 წელი…
ვცდილობ მივხვდე, რამდენად ბევრი, ან ცოტა იყო ჩემ შემთხვევაში. 
ალბათ, არც ისე ცოტა, რომ საშინლად არ დავღლილიყავი და
არც ისე ბევრი, რომ ბოლო მომენტში სინანული არ მეგრძნო.

25 წუთი. 
ჭერზე არსებული ლაქა სხვადასხვა გამოსახულებად იქცევა,
თითქოს ჩემი ცხოვრების ისტორიას ვუყურებ. 
ჩემივე თავი მიღიმის მაღლიდან, გრძელი ჟღალი თმით
და თმაში ჩაწნული ყვავილებით. 
ისეთი ბედნიერია, არც კი მჯერა, რომ მე ვარ.
მგონია, რომ სხვის ცხოვრებას ვუყურებ.
ვუყურებ და საშინელი დანაშაულის გრძნობა მიპყრობს.
მე ხომ ჩემს თავს შევპირდი, რომ კარგად ვიქნებოდით?
რომ აუცილებლად გამოვიღვიძებდით ამ კოშმარიდან?
“მაპატიე”.
ვამბობ და ვცდილობ ცრემლები შევიკავო,
მაგრამ მაინც გამცემენ მოცახცახე მხრები.

20 წუთი. 
რა აუტანლად ჩამესმის საათის ხმა… 
რთულია ყოფილა წუთების დათვლა. 
სიცარიელეში ცხოვრება – კიდევ უფრო რთული.
ვცდილობ, ერთი ფერი მაინც დავინახო.
რაღაც, რის გამოც ვიფიქრებ, რომ ჯერ კიდევ არაა გვიან,
უკანასკნელ ძალებს მოვიკრებ, წამოვდგები და მთელი ძალით ვუყვირებ ჩემს თავს, რომ გამოფხიზლდეს, რომ აუცილებლად შევძლებთ გაქცევას.
გავიქცევით იქ, სადაც არ იქნება სიცივე და ბოროტება, გაყინული მზერა, შუშის თვალები, სევდა და სიბნელე.
მაგრამ…
აქ დარჩენას ყველაფერი ჯობს, ოღონდ აქ არა… ოღონდ მათთან არა.
აქ ყოფნას სულ არყოფნა აჯობებს.


15 წუთი.
საშინლად მცივა და მწყურია. 
ცივი ოფლი მასხამს და ყოველი ჩასუნთქვა იმდენად მტკივნეულად მიკაწრავს ფილტვებს, ვოცნებობ, მალე დასრულდეს.
გამოსახულებები ერთმანეთში მერევა. 

იმ შტაბში ვარ , სადაც ბავშვობაში ვთამაშობდით სახლობანას. ბედნიერად მიციმციმებს თვალები და ვოცნებობ, ბებოს დაავიწყდეს საჭმლის გაკეთება და კიდევ ცოტა ხანს არ დამიძახოს.

გამოსახულება იცვლება.
მზის გულზე ვსხედვართ, ოდნავ შეყვითლებულ მდელოზე, გრძელ თმას  მინდვრის პაწაწინა ყვავილები მიმშვენებს.
უერთმანეთოდ ვერ წარმოგვიდგენია არსებობა, ჩვენ სამნი ხომ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.
გვგონია, რომ სამუდამოდ ასე იქნება ყველაფერი.
ჯერ კიდევ პატარები ვართ და ვერც კი ვიფიქრებთ, რომ ისეთი რამ იარსებებს, რაც ჩვენს დაშორებას შეძლებს.
არ ვფიქრობთ არაფერ ცუდზე, არ ვფიქრობთ სიკვდილზე.
ვერ ვიფიქრებდით, რომ ეს უკანასკნელი ასე უცებ გაგვზრდიდა.

გამოსახულება კვლავ იცვლება და ვხედავ, როგორ მოთქმით დავტირი ჩემს გადაყვლეფილ მუხლებს. 
დავტირი და წარმოდგენაც არ მაქვს, კიდევ რამდენჯერ მომიწევს წაქცევა, რამდენჯერ წამოვდგები და როგორ დაკარგავს ბოლოს აზრს წამოდგომაც. 

10 წუთი. 
შენელებულ კადრებში ვუყურებ, როგორ ქრებიან საყვარელი ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან.
როგორ ვუთვლი პულსს, როგორ ვაგროვებ მათ უკანასკნელ ამოსუნთქვას.
ვუყურებ, როგორ მართმევს სიკვდილი შენს თავს და ხელახლა მეუფლება საზიზღარი უსუსურობის განცდა. განცდა იმისა, რომ ვერაფერი გავაკეთე… ვერაფერი შევძელი და შენი ჩამქვრალი თვალები ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად მექცა.
მონატრება იმდენად მიჭერს ყელში, მგონია, საკუთარ ცრემლებში დავიხრჩობი. 
ზოგი ჭრილობა არასდროს მთელდება.

5 წუთი.
გთხოვ მაპატიო, ლენ.
ყველაზე მეტად შენ გთხოვ პატიებას.
ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს, მაგრამ ძალიან გვიანია. 
იმდენად დავაგვიანე, ვგრძნობ როგორ მეყინება კიდურები.
ყველაფერს მოლურჯო-მოიისფრო ფერებში ვხედავ. 
არასდროს ყოფილა ჩასუნთქვა ასეთი მძიმე,
ამოსუნთქვა – ასეთი ძვირფასი. 
შენ ვერაფერს შეცვლიდი.

1 წუთი. 
დამნაშავეებს ვეძებთ ყოველთვის, ყველაფერში.
ყველას და ყველაფერს ვადანაშაულებთ საკუთარი თავების გარდა.
არადა, ვერავის მოსთხოვ შეამჩნიოს, როგორ ხდები ნელ-ნელა გამჭვირვალე. 
როგორ ედება სევდა მთელს სხეულს მეტასტაზებივით და ერთ სანტიმეტრსაც კი არ გიტოვებს ცარიელს, ფილტვებიც კი ამ სევდით სუნთქავს, ჰაერის ნაცვლად. მთელს სხეულში მოდებული სევდა, ამავდროულად საოცარი სიცარიელით გავსებს.
უცნაურია, არა? იყო ამდენად სავსე და ამდენად ცარიელი. 
არადა, რა მარტივია. 
ხანდახან დამნაშავე ყველა და ამავდროულად არავინაა. 

***
ზუსტად ასე წარმომედგინა. 
მოლურჯო-მოიისფრო…
მუდმივი წვიმების მხარეში დაბრუნება. 
სულ 30 წუთი და… 
ასე, მარტივად.

Exit mobile version