Site icon მოიისფრო

7 დღის შემდეგ. ნაწილი III

ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის.
არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი.
უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე.

დღე V

ვწევარ არაფრის კეთების სურვილით შეპყრობილი და ბედნიერი.
თუმცა მე რისი მე ვარ, ეს ბედნიერება რამით რომ არ გავიფუჭო.
“მასას არ უყვარს ჩვენნაირები” – მახსენდება თათოს საფირმო გამოთქმა და ვცდილობ
ზუსტი განსაზღვრება ვიპოვო – როგორები ვართ.
გიო ისევ მთელი ღამე მუშაობდა და რა თქმა უნდა დღისით სძინავს.
და რა თქმა უნდა დღეს ვერ ვნახავ.
მეცოდება, ვერ გავაღვიძებ.
ვხვდები, რაღაც მორიგი “საოცრების” ჩასადენად ემზადება ჩემი ქვეცნობიერი და ვშიშობ ამ მოსალოდნელი საშინელების
“მსხვერპლი” გიო არ აღმოჩნდეს.
მეტისმეტად კარგია, რომ გული ვატკინო.
შევდივარ საბანაოდ.
დუშგელის სურნელი უფრო მეტად მახვევს თავბრუს, რაღაცნაირი სუნი აქვს.
ვერ აღვწერ ისეთი, მაგრამ საოცრად კარგია.
უარესად მოთენთილი გამოვდივარ.
სველ თმას პირსახოცით ვიკრავ და ყავას ვყრი ჭიქაში.
სანამ წყალი ცხელდება ლეპტოპთან ვზივარ და უაზროდ ვსქროლავ Facebook-ს.
აი, ისევ.
ჩვენ ნაწერებს ვათვალიერებ და იდიოტივით მეცინება.
ისევ თავიდან ვიწყებ თვალიერებას.
წყალი კი არ ადუღდა, გაფრინდა ჩაიდანი ლამის.
გამოვერკვიე, ყავა დავასხი და ჩემი ჭიქიანად (რომელიც ლამის ჩემზე დიდია), ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი.
გარეთ ციოდა.
სახლში – არა.
აქედანვე ეტყობოდა როგორ ყინავდა.
ყოველთვის ვაიგივებდი სახლის სითბოს სამოთხესთან.
აი, ზიხარ სახლში, თბილად, მშვიდად, ყავის უზარმაზარი ჭიქით ხელში, იყნოსავ ყავის სურნელს და ერთადერთი ფანჯრით ემიჯნები სიცივეს, ხმაურს – ჯოჯოხეთს.
ვიცი, ვგრძნობ, რომ უკვე დავასრულებ იმას, რაც ჯერ არც დაწყებულა.
ბურთი ყელში – ასეც ვიცოდი.

დღე VI

მთელი ღამე ვწერდი გიოს.
იმდენად ბედნიერი ვარ, როცა მას ვწერ, რომ მგონია სამუდამოდ გაგრძელდება ასე.
თუმცა ვიცი, არაფერი გრძელდება სამუდამოდ. ჩემთან – მითუმეტეს.
ზოგჯერ თავი ყველაზე საშინელი არსება მგონია.
ვცდილობ ფიქრები დავალაგო.
მას ღამე ღვიძავს.
მე – დღისით.
შანსი არაა ჩვენი შეხვედრები ნორმალურად გაგრძელდეს.
წინასწარ ვიცი როგორც იქნება ყველაფერი.
ვიცი, შემიყვარდება, იმიტომ, რომ არავის არ ჰგავს და სანამ შემყვარებია, ჯობს მანამ ვუშველო თავს.
არ ვიცი.
შეიძლება უბრალოდ მე მეშინია სიყვარულის და ახლა სხვადასხვა მიზეზებს ვიგონებ.
ფაქტი ერთია, ჯობს ახლა გვეტკინოს ცოტა ხნით, ვიდრე მერე, როცა ყველაფერი უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს.

***

ქუჩის კუთხეში დგას და ბედნიერი მიღიმის.
მავიწყდება რაზე ვფიქრობდი, მივრბივარ მისკენ და ვეხუტები.
არ ვიცი რამდენ ხანს ვდგავართ ასე, ნელ-ნელა გულისცემა წყნარდება და ვშორდები.
ისე მყავდა ჩაბღუჯული, თითები მეტკინა.
თითქოს უკანასკნელად ვხვდები, და იქნებ ასეცაა, არ ვიცი.
ძალიან ბევრი ვიარეთ, ძალიან ბევრზე კიდევ მეტი.
ბოლოს დავსხედით ერთ-ერთ კაფეში.
ვუყურებ.
ლამაზი პროფილი აქვს ძალიან.
სერიოზულად იყურება ფანჯარაში, დაძაბული გამომეტყველება აქვს, ნეტავ რაზე ფიქრობს.
უცებ ტრიალდება ჩემკენ, ძალიან, ძალიან ფართოდ მიღიმის და ამბობს.
– ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვინც კი შემხვედრია. მართლა ყველაზე ლამაზი. უბრალოდ ლამაზი არა, ჭკვიანი, საინტერესო..
ძალიან მინდა დიდ ხანს, რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა.
ისე უხარია, ისე გულწრფელად ამბობს, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ.

***

სახლთან ვდგავართ.
თვალები უნათებს ბედნიერებისგან.
მეც მინათებს ალბათ.
ოღონდ ბედნიერების ბრალია თუ ცრემლების, ეგ ჯერ არ ვიცი.
ნელა მიახლოვდება.
ნაზი, სულ ოდნავი შეხება ტუჩზე.
მშორდება და მიყურებს.
ამჯერად მე ვიწევი ფეხის წვერებზე, ხელებს ვხვევ კისერზე და ვკოცნი ისე, თითქოს უკანასკნელია.
– ხვალ შევხვდებით – ვამბობ ჩურჩულით და სწრაფად ვტრიალდები, რომ ცრემლები არ შემამჩნიოს.
გადაწყვეტილება მიღებულია.

Exit mobile version