Site icon მოიისფრო

About snow, about us.

მთელი ცხოვრება მიყვარდა თოვლი.
მახსოვს, როცა ძალიან პატარა ვიყავი, რომ მოთოვდა,
რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო,
ბიძაჩემს ჩავყავდი ეზოში და თოვლში მასეირნებდა, მეთამაშებოდა.
ბებო ეჩხუბებოდა, პატარაა და ძილი სჭირდებაო,
ხვალ სკოლაში უნდა წავიდესო… მაშინ ძალიან ვბრაზდებოდი ბებოზე. 
რა მნიშვნელობა ქონდა ძილს, სკოლას, როცა თოვდა?
სკოლაშიც კი სიხარულით მივდიოდი.
ვიჯექი ნავთის სუნით გაჟღენთილ ოთახში,
ფანჯრიდან ვაკვირდებოდი ფანტელების ცეკვას და
გონებით გარეთ ვიყავი, თოვლში, ჩემ მეგობრებთან ერთად,
რომლებიც ასევე ნავთის სუნით გაჟღენთილ საკლასო ოთახებში ისხდნენ.

დღეს მოთოვა.
მთელი ზამთარი ვნატრობდი თოვლს, მინდოდა დაედო,
გავსულიყავი და იმდენი მეგუნდავა, სანამ ყინვისგან გაყინული კიდურების ტკივილი არ შემაწუხებდა, როგორც ბავშვობაში.
7 საათზე გავიღვიძე. 
ნაცნობი და ძალიან საყვარელი,
თოვლისთვის დამახასიათებელი ბურუსი დავინახე ფანჯარაში და…
თოვდა. “უცხო სიმართლე ფარფატებდა ირგვლივ”. 
გვიან დაიწყო ზამთრის თამაშები.

სამსახურისკენ მიმავალ გზაზე,
თვალი ვერ მოვწყვიტე მოცეკვავე ფანტელებს.
ვუყურებდი და კადრებად მიდგებოდა მთელი ბავშვობა,
სკოლა, თითების ატკიებამდე გუნდაობა,
თოვლში დაკარგული ჩემი მეგობრის მობილური ტელეფონი,
მატიანე, პონჩიკები, ადამიანები, რომლებიც
მაშინდელი თოვლივით გააქრო დრომ.
და მაინც, მაინც აუხსნელი ბედნიერებით ვიყავი სავსე.
დღეს უკვე სამსახურის ფანჯრიდან ვუყურებდი თოვას.
ვუყურებდი და თავი ისევ ნავთის სუნით გაჟღენთილ,
საკლასო ოთახში მეგონა.
მეგონა, მალე ზარი დაირეკებოდა და
ქურთუკის გარეშე გავიქცეოდი გარეთ ისევ,
ისევ დამავიწყდებოდა ხელთათმანები და
შიშველი ხელებით შევაგროვებდი თოვლს. 

“ზარი დაირეკა”.
შესვენება დაიწყო.
ნაწილი მართლა გავიდა გარეთ საგუნდაოდ…
არ ვიცი რატომ დავრჩი.
იქნებ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს არ მოყვებოდა
ბებოს შემწვარი კარტოფილის სუნით გაჟღენთილი სახლი?
არ ვიცი, როდის გადაიქცა ჩემი საყვარელი ფანტელები,
ადრე რომ მუდამ სიხარული მოქონდათ ჩემთვის,
სხვების უკანასკნელ ამოსუნთქვად. 
როდის მექცა ბავშვობის სიყვარული ყოვლისმომცველ სევდად?

დრო ყველაფერს აქრობს.
აქრობს თოვლს, ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს
და მათთან ყოფნისგან გამოწვეულ სიხარულს.
გვრჩება მხოლოდ მოგონებები,
რომლებიც იმდენად გვეძვირფასება, რომ სხვებისთვის გაზიარება გვიჭირს. 
ამიტომ ვყლაპავთ ცრემლს, სევდას ღიმილით ვფარავთ და
ცხოვრებას ვაგრძელებთ.
ვაგრძელებთ თოვლის ყურებას, ვაგრძელებთ სიხარულს მათ გარეშე. 

არაუშავს, თუ მონატრება ცხვირის წვერს გვიწვავს.
არაუშავს, თუ თოვლისგან გამოწვეულ სიხარულს,
აუცილებლად მოყვება მოგონებებისგან გამოწვეული სევდა.
არაუშავს…
მთავარია, ითოვოს.
მთავარია, ხშირად გაგვახსენდეს, როგორ გვიხაროდა.
მთავარია, ხშირად ვიგრძნოთ თავი ნავთის სუნით გაჟღენთილ
საკლასო ოთახში მყოფ მოსწავლეებად,
ერთი სული რომ ქონდათ როდის ითამაშებდნენ თოვლში.

დრო მაინც ყველაფერს გააქრობს.
ამიტომ, ალბათ ისღა დაგვრჩენია, ყველა ლამაზი წუთი შევაგროვოთ,
მოგონებებად ავკინძოთ და ყოველთვის,
როცა ის ადამიანები მოგვენატრებიან, ვინც აღარასდროს დაბრუნდებიან ამ განზომილებაში, გავიხსენოთ.
გავიხსენოთ ცრემლნარევი ღიმილით,
მერე ვაიძულოთ ჩვენს თავებს ადგნენ,
გარეთ გავიდნენ ქურთუკის გარეშე
და შიშველი ხელებით შეაგროვონ თოვლის ყოველი ფანტელი, ხელთათმანები ხომ მუდამ გვავიწყდება.

ძალიან, ძალიან მენატრებით.

Exit mobile version