Site icon მოიისფრო

But it wasn't that simple.

image

მაშინაც ძლიერად წვიმდა, როცა ოდნავ შემთვრალები გამოვიდნენ ბარიდან. ბიჭი სიმპათიური იყო, სიფრიფანა გოგოზე გადაეხვია ხელი და ნელა მოდიოდნენ წვიმაში.
– ეს ჩემი აზრია, მაგრამ შენ გეკითხები.. რა ვქნათ?
ჩუმად თქვა გოგომ და კითხვით სავსე თვალებით ახედა ბიჭს.
– უკვე მერამდენე დღეა ამ კითხვას ვუსვამ ჩემ თავს, პასუხი არ ვიცი.. უბრალოდ ვგრძნობ, როგორ შეგეჩვიე, ვგრძნობ, როგორ ვკეტავ გრძნობებს ჩემში და როგორ არ ვაძლევ გარეთ გამოღწევის უფლებას, თორემ..
– თორემ, თუ ერთმანეთი შეგვიყვარდა, – გააწყვეტინა გოგომ – მერე..
– მერე?
– მეშინია..
ჩაიჩურჩულა.. – მეშინია, რომ თუ ერთხელ კიდევ მივცემ თავს ბედნიერების უფლებას, მთელი სამყარო თავზე დამენგრევა.. აღარ მინდა.
– მე არ მინდა გტკიოდეს.. გვტკიოდეს.
ნაღვლიანად დაურთო ბიჭმა.
– ჰო, არც მე..
მიდიოდნენ. რაღაცნაირად, ვერმიღებული გადაწყვეტილება დაყვებოდათ თან თითქოს. ორივემ იცოდა, რომ არ იქნებოდა მათი ურთიერთობა ადვილი, ორივემ იცოდა, რომ იმ პირველი კოცნის მერე ეთამაშებოდნენ ცეცხლს, რომელიც საბოლოოდ ორივეს დაწვავდა.
უცებ გოგომ თავი დააღწია ბიჭის ხელს, შედგა, მაღლა აიხედა და რაღაც უხილავს შესცინა. ფეხი ოდნავ დაკრა სველ მიწას, ცალი ხელი თეძოზე შემოიდო, მეორე უდარდელად აიქნია და ჰაერში უხილავი წრე მოხაზა. ბიჭი ჯერ გაკვირვებით უყურებდა, შემდეგ თვალებში დასადგურებული დაბნეულობა თბილმა სხივმა შეცვალა. ბიჭი მიხვდა, რომ გოგო ცეკვავდა. ცეკვავდა გრძნობით, წვიმის ხშირ წვეთებში გახვეული, ცეკვავდა მისთვის, მათი ვერშემდგარი სიყვარულისთვის, ცეკვავდა გზნებით, მთელი არსებით ცეკვავდა.
ისევე უცებ შეწყვიტა, როგორც დაიწყო. ბიჭს მიუახლოვდა და თავი უღონოდ მიაყრდნო მკერდზე.
– იქნებ, ცოტა ადრე რომ შევხვედროდით ერთმანეთს..
ჩუმად დაიწყო გოგომ. – მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ვიქნებოდით ასეთი დაზიანებულები და ერთმანეთის გამო ყველაფრის ატანა შეგვეძლებოდა…
– ჰო, იქნებ..
დაეთანხმა ბიჭი.
– მოდი, დავშორდეთ.. დავშორდეთ მანამ, სანამ ყველაფერს გავაფუჭებთ.. დავტოვოთ ყველაფერი ლამაზ მოგონებად, თორემ თუ გრძნობები გაგვიღრმავდა, თუ ამოსავალ წერტილებად ვექეცით ერთმანეთს, მერე გაგვიჭირდება, გვეტკინება, არ გვინდა.. დავშორდეთ, სანამ ერთმანეთი შეგვყვარებია..
– მე უკვე შემიყვარდი..
ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
გოგომ გაოცებულმა ახედა. ყველა სიტყვა, რაც იცოდა, უცებ დაავიწყდა. “მე უკვე შემიყვარდი” .. ეს სიტყვები თავში ზარივით რეკდა. გაუცნობიერებლად მიუახლოვდა. გაუცნობიერებლად მოკიდა ხელი ხელზე, თითის წვერებზე აიწია და… აკოცა.
ქუხდა. ელვა ანათებდა დროდადრო არემარეს და ძლიერ წვიმაში იდგნენ მხოლოდ ის ორნი. ძლივს აღიარებული სიყვარულით უბედნიერესი უბედურები.

ქუხს..
ალბათ ძლიერი წვიმა წამოვა მალე და..
მე შენ გეკითხები, რა ვქნათ?

Exit mobile version