Site icon მოიისფრო

Christmas flashbacks..


– გახსოვს რა ლამაზი იყო რომ დაიბადა?
– ახლაც ძალიან ლამაზია.
– ჰო, მაშინ პატარა იყო ძალიან და ლამაზი.
– ახლაც პატარა და ლამაზია.
– კარგი ჰო!
ბიძაჩემი და მამაჩემი იხსენებდნენ ჩემ დაბადებას.. როგორ მნახეს პირველად, როგორ დავიწყე სიარული, ლაპარაკი, როგორ წამიყვანეს ბაღში, როგორ გამომიყვანეს მეორე დღესვე, როგორ მეშინოდა ბანაობის,
როგორ მასეირნებდა ბიძაჩემი დღეში რამდენჯერმე.. სკოლა.. ზეიმები.. სპექტაკლები..
მე ამასობაში ნაძვის ხეს ვუტრიალებდი.
ძველი ნაძვის ხე იყო..
არა, ძალიან ძველი.
– ჩემზე უფროსია ეგ, რომ იცოდე – გაიცინა ბიძამ.
– შენზე კი არა, ჩემზე უფროსიცაა. – დააყოლა მამამ.
ხელოვნური ნაძვის ხე იყო.
ძველის ძველი..
მიუხედავად იმისა, რომ ჩემ სახლში ახალი, ძალიან ლამაზი ნაძვის ხის დადგმას ვაპირებდი და სათამაშოებსაც ყოველ წელს ახალ-ახალს ვყიდულობ, მაინც მხიბლავდა ბიძაჩემის სახლში ეს ძველი ნაძვის ხე ასევე ძველი სათამაშოებით..
მტვრიანი პარკი შემოვაცალე და ნაძვის ხის აწყობა დავიწყე..
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს წარსულს, მთელ მათ ცხოვრებას ვხედავდი და ვეხებოდი..
ძალიან მალე ავაწყე ნაძვის ხე.
სათამაშოების ჯერიც მოვიდა..
აი, ღრმა ბავშობაში თუ მენახა ასეთები <3
მერე არ ვიცი სად წავიდა.. სახლის ფორმის, სოკოები, კანფეტები, გირჩები..
ძველები, რაღაცნაირები..
რომ წარმოვიდგინე რამდენ წელს გაუძლეს, რამდენ ხანს ინახავდნენ..
– უი, რა ლამაზად აგიწყვიათ.
ეს ბებო იყო..
ძალიან დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ერთად ავაწყვეთ ნაძვის ხე მე, ჩემმა დამ, მამამ, ბიძამ და ბებომ.
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იშვიათად მივდიოდი მათთან..
ალბათ ასე გაგრძელდება მომავალშიც..
არ ქრება ტკივილი, წყენა.. პატიობ, მაგრამ შორდები.. გინდა არ გინდა ასეა..
საერთოდ, ალბათ არაფერი ქრება ამ ქვეყნად.. არაფერი იკარგება.. არც ერთი სიტყვა, ემოცია, ქმედება..
სიტყვა – უფრო.
სიტყვები.. როგორ ვთქვვა.. არ ბრუნდებიან..
თანაც, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეთქვა..
არ მქონდა საახალწლო განწყობა..
ეს უფრო რაღაც.. სევდის მომგვრელი მოგონებები იყო ბავშობაზე, წარსულზე.. ამ სახლში გავიზარდე.
სახლის გვერდით, მეგობრის მამამ შემოგვიღობა რაღაც ტერიტორია.. დღე და ღამე იქ ვიყავით. ჩატანილი გვქონდა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა სახლიდან წაგეღო, ჭურჭელი, ბალიშებიც კი.
და ვთამაშობდით სახლობანას.. იქვე იდგა ძალიან კარგი ბლის ხე.
მაისში მწიფდებოდა ხოლმე და ისეთი ტკბილი იყო, ისეთი გემრიელი, დღემდე მახსოვს მისი გემო..
– ერთხელ ცხონებულმა მამაჩემმა ფული დამიტოვა, პური ამოიტანეო.. მეც გავედი. ვიყიდე პური, მოვდივარ სახლისკენ და გზად ბაღთან გავიარე. ვხედავ თათო ვიღაცას უზის კალთაში, არის ძალიან პატარა და ტირის.
გული გამისკდა ლამის. მივედი მასწავლებელთან, ბავშვი მომეცით მეთქი. არ მატანდა, ვინ ხარო. ბიძამისი ვარ და სადაც მინდა იქ წავიყვან – მეთქი ვუთხარი.. შენ მთელი დღე ვერ აწყნარებ ბავშვს, ხომ ხედავს ტირის-მეთქი ვუთხარი..  ამანაც მიცნო და გაჩუმდა, ჩემკენ გამოიქცა. ხელში ავიყვანე და წამოვიყვანე.. ვაჭამე, დავაძინე.. რომ გაიღვიძა გავასეირნე.. მერე აღარც წაგვიყვანია იქ. – ბიძაჩემი აგრძელებდა ჩემ ბავშობაზე მოყოლას…
მე უკვე აწყობილ ნაძვის ხეს ვუყურებდი და მოდიოდა და მოდიოდა მოგონებები…

” You hold the answers deep within your own mind.
Consciously, you’ve forgotten it.
That’s the way the human mind works.
Whenever something is too unpleasant, to shameful for us
to entertain, we reject it.
We erase it from our memories.
But the imprint is always there.
Nothing is ever really forgotten. ”

Exit mobile version