Site icon მოიისფრო

Face to face.

– როგორ ხარ?
– ლიმნისფრად.
ეგ როგორია?
– ლიმნისფერია.
ნორმალურად პასუხის გაცემა ისევ ვერ ისწავლე, არა?
– და შენ ისევ ისე განაღვლებს ეს.. სასაცილოა.
სასაცილო ჩვენ შორის თუ ვინმეა, ეს შენ ხარ.
ვიცი.
ისევ ასე, სველ ბალახზე მწოლიარე, სასოწარკვეთილი.. როდემდე უნდა მეორდებოდეს ერთი და იგივე სცენარი შენს ცხოვრებაში?
– აბა რა ვქნა, ცვრიან ბალახზე ვიარო? ასე უფრო კარგი ტიპი გამოვჩნდები? წოლა უფრო სასოწარკვეთილს მხდის?
იმის გააზრება, რომ გაცილებით მეტი შეგეძლოთ… გტკივა, არა?
– გაწიე ხელები ჩემი სულიდან. ცხვირიც
შენ შენი თავი უდანაშაულო გგონია?
– არ მგონია უდანაშაულო და რატომ შემჭამე?
შენ რატომ ჭამ შიგნიდან შენს თავს?
– ცუდად ვარ. კმაყოფილი ხარ ჩემი აღიარებით?
რატომ გგონია, რომ შენგან სულ რაღაცას ვითხოვ?
– იმიტომ, რომ ითხოვ. ითხოვ ვაღიარო ტკივილი და სიცარიელე. ითხოვ ვაღიარო, როგორ მტკივა იისფერ დღეთა სვლა, როგორ მეგონა და როგორ აღმოჩნდა ყველაფერი ბოლოს. ითხოვ ვაღიარო, რომ სრულიად მარტოსული ვარ და არავის ვჭირდები, რომ არავინ იბრძოლებს ჩემთვის, რომ ფეხებზე ვკიდივარ ყველას. მაინცდამაინც ეს გინდა გაიგო? ჰოდა გაიგე!!!
მე არ მიხარია შენი ტკივილი. სულაც არ მინდოდა ასეთი გაბზარული მენახე, არასდროს მდომებია ეს.
– ვეღარ ვეგუები საკუთარ არსებობას.
– და ვერც წარსულში ტოვებ. როდემდე უნდა იკითხო ძველი წერილები? როდემდე უნდა უყურო ძველ ფოტოებს? გაიგე, რომ ის, რაც იყო წარსულში იყო და იქვე დარჩა. აქ სხვა ცხოვრებაა, აქ მარტო ხარ, შეეგუე და მორჩი თვითგვემას. არ დაიღალე?
– მართლა იდიოტი ხარ. და კიდევ რჩევები გაქვს გენიალური.
მიჩვეული ვარ შენგან შეურაცხყოფას. სხვა მაინც არავინ გაგაჩნია, ჩემს იქით გზა არ გაქვს.
გმადლობ, რომ შემახსენე.
ხშირად ვფიქრობ, რომ “ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა”,
როცა ღამით ცრემლი მომდიოდა და ტუჩებზე ვითვლიდი გარინდებულ სიმარტოვეს.
არა და დღემდე ვერაფრით ვეშვები ღამეების გათენებას და მზის ამოსვლასაც ერთად ვხვდებით მე,
ჩიტების ფიტულები და ჩემი თვითმკვლელი თევზები..
ყოველ დილით მაკიაჟით ფერების ცვლაღა თუ გაგაფერადებს, სხვა არაფერი.
სულ არ უხდება სევდისფერ სამოსს ეს ყველაფერი, მაგრამ გარეგნულად მაინც ხომ უნდა იყო ფერადი?
უნდა იყო… უნდა იყო…
– არ მომწონს მაკიაჟი. მირჩევნია სურათში დავრჩე, მოგონებებშიც .. და შეიძლება კონკრეტულმა სურნელმაც გაახსენოს “ფაო”.
იცი, მე მაჩუქეს აპრილის ფერადი კაბა და…
და შენ გაიზარდე, თუ ის კაბა დაპატარავდა, არ იცი..
– ჰო, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველ დღე ვწონი.
რას გრძნობ? ახლა, ამ წამს.
– უცნაურია, მაგრამ როცა უზომოდ გტკივა, როცა რაღაც ძალიან ლამაზი, ნაზი და ნამდვილი ითელება შენში, გრძნობ გაოცებას, წყენას.. თავიდან ცრემლების ნაკადიც უწყვეტია, ემოციები პიკს აღწევს და არ იცი, როგორ დაიცალო. თუმცა რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ უცებ, ერთბაშად გაქრა ყველა ემოცია. სწორედ ესაა უცნაური.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
– ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი.
ისუნთქე, იცინე, იყვირე, რომ ჭკუიდან არ შეიშალო, რომ გადარჩე! მერე რა, რომ ამდენი ყვირილისგან ხმა აღარ გაქვს, იყვირე!!!!  …  ისევ სიკვდილის სუნია ჰაერში.
– ჰო, ამ წამს მოკვდა ბოლო პეპელა.
ხელი ჩამკიდე. წამო, გადავხტეთ.
– უფრო ლურჯად, თუ უფრო ლიმნისფრად?
მოიისფროდ.

“ეს იმას ჰგავს, რომ სარკეში თავი მოიკლა. სარკის აქეთ კი ცოცხალი დარჩე”.

Exit mobile version