Site icon მოიისფრო

Lose Yourself.

საშინელი ხმაურია ირგვლივ. ქაოსი, უამრავი სახე, არც ერთი ნაცნობი.
უნდა ვიპოვო. აუცილებლად უნდა ვიპოვო, თუ არა და ვგრძნობ, დავიღუპები.

“პატარა გოგო ხომ არ გინახავთ?” ვეკითხები ყველას, ცალ-ცალკე და ერთად. თვალს მარიდებენ. ალბათ, შეშლილი ვგონივარ. ყველა ხომ ვერ გაიგებს, მე ის უნდა ვიპოვო!

“იცით, მის ძებნაში უამრავი სამყარო გამოვიარე. უამრავი შემოდგომა, 
მარტო დავდიოდი უკაცრიელ ტყეებში, მინდვრებში, ყვითელ ფოთლებში მივიკვლევდი გზას. იცით, ზაფხულშიც ვეძებდი, ყველგან ვეძებდი! ზღვის, ოკეანის, 
მდინარეების სანაპიროებზე, მთაში… თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაიწელა ზამთარი. გეფიცებით, 
გეფიცებით ყველაზე ძვირფასს, თოვლსა და ყინვაში მოვდიოდი, ერთი წამიც კი არ შემისვენია. არასდროს გისურვებთ წარმოიდგინოთ, რა რთულია გაზაფხულის მის 
გარეშე შეხვედრა. იცით მერამდენე გაზაფხული დამიდგა მის გარეშე?
ღმერთო…”

სიტყვები ყელში მეჩხირება. სასოწარკვეთილი ვუყურებ ხალხს, რომელიც ჩემ გარშემო შეგროვილა. 
ვერაფერი გაუგიათ, ჩურჩულებენ.
ყველა ერთმანეთში საუბრობს, პასუხს კი ვერავინ მცემს. ალბათ არც 
აინტერესებთ, სხვისი ჭირი…

ისე მიყურებენ, მეშინია.
დამახინჯებული, წაშლილი სახეებით, შუშის თვალებით. შეკავებული ქვითინისგან მხრები მიცახცახებს. 
ცრემლებს ჩემში ვაბრუნებ, უზარმაზარ ბურთს ვყლაპავ და ვაგრძელებ.

“მისმინეთ, მე გიჟი არ ვარ. უბრალოდ, ის თუ ვერ ვიპოვე, დავიღუპები, 
გესმით სათვალავი ამერია რამდენი წელი გავიდა, აღარც კი მახსოვს როდის 
წავიდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიპოვო.
პატარა გოგონა იყო, ჟღალი თმით  და მუდამ ფერადი ტანსაცმლით. ცხოველები უყვარდა, ერთხელ მაინც გეყოლებათ ნანახი, როგორ 
ეფერებოდა პატარა ფისოებს და ძაღლებს ქუჩაში. გაზაფხულზე თხელი, ფრიალა კაბებით დადიოდა და ძალიან, 
ძალიან ბევრს იღიმოდა.”

ღმერთო, წარსულში რატომ ვლაპარაკობ მასზე?

“ერთ დღესაც უბრალოდ ადგა და წავიდა.
ალბათ, დაიღალა უთქმელი სიტყვებით, ნაცრისფერი ყოველდღიურობით და წავიდა.
საშინელი ქარი იყო იმ დღეს. ქარი არ უყვარდა სარკის წინ იდგა, საოცრად დაღლილი სახით და ჩამქვრალი თვალებით.
წამით, თითქოს რაღაც გაახსენდა, ღიმილმა გაუნათა სახე. ღიმილმა, რომელიც მალევე ჩაანაცვლა სევდამ. ვუყურებდი და ვხვდებოდი, როგორ იშლებოდა ნელ-ნელა უამრავ პატარა ნაწილად. მივხვდი, რომ მტოვებდა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი მის შესაჩერებლად.
მინდოდა მეყვირა, მეყვირა, რომ არ არსებობს არაფერი, 
რაც მისი ღიმილის ჩაქრობას შეძლებდა, მზად ვიყავი მუხლზე დაჩოქილს მეთხოვა, რომ არ დაევიწყებინა ლამაზი, მზიანი დღეები, თმაში ჩაწნული პაწაწინა ყვავილები, ყველაფერი ის, რაც ასე გვიყვარდა და გვაადამიანებდა, პატარა ბედნიერებები, რომლებიც ისეთ მთლიანობას ქმნიდნენ, 
რომლისთვისაც გვიღირდა ცხოვრება. ვერაფერი გავაკეთე.
ვუყურებდი, როგორ გაიხურა ჩვენი ფერადი სახლის კარი და წავიდა. მას მერე ვეძებ.
უამრავი წელი გავიდა. უამრავი ზამთარი და გაზაფხული. გთხოვთ, გთხოვთ, სადმე თუ ნახეთ დაკარგული ჩემი თავი, აუცილებლად მითხარით.”

ხალხის წრე გავარღვიე. მივდიოდი უმისამართოდ, უკან ხალხის ჩურჩული მომყვებოდა. ასეა, როცა საკუთარ თავს კარგავ, ვეღარაფერი იქნება ძველებურად. როცა საკუთარ თავს კარგავ, კარგავ ყველაფერს, ყველა ფერს. მხოლოდ ორი არჩევანი გრჩება ამ დროს. ბოლომდე ჩაყვინთო შენივე სევდის ოკეანეში და დარჩე მუდმივი წვიმების მხარეს, ან საკუთარი თავი იპოვო, ყველაფრის ფასად.

კიდევ უამრავი მთის გადავლა და ზღვის გადაცურვა რომ დამჭირდეს,
აუცილებლად ვიპოვი დაკარგულ ჩემს თავს.
წინ დიდი გზაა.

Exit mobile version