Site icon მოიისფრო

Something to remember.

პირველად რომ დამინახე, მაშინვე უცნაური ნოტებით აივსო შენს გარშემო ყველაფერი. მიყურებდი და ვერ ხვდებოდი საიდან მოდიოდა ეს მუსიკა.
იმდენად დაიბენი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხე და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლეთ. 
მხოლოდ წლების შემდეგ, ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ მოახერხე ამის თქმა ჩემთვის.

ყოველ ჩემს დანახვაზე მუსიკა გესმოდა. იმდენად ლამაზი, რომ იმ მომენტებში მეც წარმოუდგენლად ლამაზი გეჩვენებოდი. 
ხანდახან, როცა ჩემზე ფიქრობდი, ალბათ ხვდებოდი, რომ სინამდვილეში სულაც არ ვიყავი ასეთი. სულ ამ მუსიკის ბრალი იყო ყველაფერი. მუსიკის, რომელიც მხოლოდ შენ გესმოდა, შენში ისმოდა და ჩემთან ასოცირდებოდა. ჩემი იყო. 
ყველა ნოტს ჩემი სახელი ერქვა და მაინც, ვერასდროს მოახერხე ამ მელოდიის ბოლომდე დაკვრა. 

ნოემბერი იყო, ძალიან ციოდა. 
წუწუნით შემოვედი სახლში, ცხვირი და თითები სულ გაყინული მქონდა. 
ცხელი შოკოლადი გამიკეთე, ჩემი თითები შენს ხელებში მოიქციე და მითბობდი. ცოტა მოგვიანებით, როცა გავთბი და ცხვირი შენს კისერში ჩავრგე, მოიწყინე. 
პირველად მაშინ მითხარი, რომ იმდენად სრულყოფილი ვიყავი, გეუხერხულებოდა კიდეც ჩემთან ურთერთობა. მუსიკასავით სრულყოფილი ვიყავი შენთვის, ოღონდ, რატომღაც, მუდამ აკლდა ამ ყველაფერს ის ერთი ნოტი. ნოტი, რომლის გამოც ბოლომდე ამ მელოდიას ვერასდროს ვუკრავდით. 

მას შემდეგ, რაც ჩვენ-ჩვენი გზით წავედით, ყოველ დღე მოჰქონდა ნიავს ნოტები შენამდე. ასე ხვდებოდი, რომ ჯერ კიდევ ვარსებობდი შენს განზომილებაში, ერთ ჰაერს ვსუნთქავდით ისევ. 
ამ მელოდიის წყალობით, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდი. ჩემგან შორს, მაგრამ მთავარი ხომ ნოტების არსებობა იყო, ჩემი სული რომ მოჰქონდათ შენამდე. 

ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ ერთ დღეს სრულ სიჩუმეში არ გაიღვიძე. დილას, ახლად თვალგახელილს ისეთი სისასტიკით, ისე ძლიერად დაგეჯახა ეს სიჩუმე, რომ რამდენიმე წამით ამოსუნთქვაც ვერ მოახერხე. 
და მერე მოვიდა ყველაზე საშინელი გრძნობა – გაცნობიერება. 
მაშინ მიხვდი, რომ ჩვენი მუსიკალური ნაწარმოები დასრულდა. ბოლო ნოტიც გაისმა თანატოსის სახელით და იმ მომენტში საოცარი ძალით იფეთქა ჩვენმა მუსიკამ შენში.
ყველაფერი, ყველა ფერი და აზრი ერთმანეთში გერეოდა. ყველა ღიმილი, ცრემლი, წყენა, ყველა გამოყენებული, თუ გაშვებული შანსი. 
მაშინ მიხვდი, რა გესმოდა ყოველი ჩემი დანახვისას. 
მაშინ მიხვდი, რომ ჩემთვის ვერ იარსებებდა ეროსი, თანატოსის გარეშე. 

At least, you have something to remember. 

 

Exit mobile version