Site icon მოიისფრო

შენ, მე და ჩვენი პატარა კატა.

შენ, მე და ჩვენი პატარა კატა, რომელიც ჯერ ისევ თვეებს ითვლის, ძალიან გვაბრაზებს და მაინც, იმდენად საყვარელია, რომ შეუძლებელია არ გიყვარდეს – ოჯახური იდილიაა.
ალბათ, ყველაზე ლამაზ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ასეთი ბედნიერი იყო.
ბედნიერებაა ყველა დეტალში, როცა შენთან ერთად ვარ.
სხვადასხვა ივენთებზე, კლუბებში გათენებულ ღამეებშიც და 24 საათი, სახლში ყოფნასა და წიგნის კითხვაში, ანიმეების და ფილმების ყურებაში, ან უბრალოდ შენთან საუბარში.
ბედნიერი ვარ, როცა მუშაობას ვამთავრებ და სანამ შენ სახლში მოხვალ, ვასწრებ, რომ სახლიც დალაგებული იყოს და გემრიელი სადილი – გამზადებული, არა იმიტომ, რომ შენ მთხოვ რამეს, შენ პირიქით, სულ იმას ამბობ, რომ საჭირო არაა რამე ვაკეთო, რომ გინდა დავისვენო და მაქსიმალურად დავტკბე ცხოვრებით, მაგრამ ვერ წარმოიდგენ რამხელა სიამოვნებას მანიჭებს ეს ყველაფერი.
არ მჯერა, მალე ერთი წელი გახდება, რაც ერთ ოჯახად ვცხოვრობთ. ერთი ოჯახი… შენ, მე და ჩვენი პატარა კატა.
კიდევ უფრო დაუჯერებელია, რომ არაფერი შეცვლილა, რომ ისევ ისე მიხარია შენთან გატარებული ყოველი წუთი, როგორც მაშინ, როცა მივხვდი, რომ შენ იყავი ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრებას შევძლებდი, ალბათ.
ალბათ არა, შევძელი, შევძელით.
მე ვიცი, არაა ჩემი გაძლება მარტივი. ბავშვური, ჯიუტი, იმპულსული და ზოგჯერ არაადეკვატურიც ვარ, ამას თან ერთვის ჩემი განუზომელი ირონია და ცინიზმი, მაგრამ იმასაც ვხვდები, როგორ გავიზარდე და რა თბილი გავხდი შენი წყალობით.
იცი, სულ მეგონა, რომ ოჯახი ურთიერთობებს აუფერულებს, რომ ქრება გართობის სურვილი, ენთუზიაზმი, მაგრამ როცა ვხედავ, როგორ ვგეგმავთ weekend-ს, როგორ დავდივართ კილომეტრებს, დავბოდიალობთ მიუვალ ადგილებში, ერთი თვით ადრე როგორ ვყიდულობთ სხვადასხვა ფესტივალის აბონიმენტებს, როგორ ვგეგმავთ სხვადასხვა ტურებს, რომ ბოლომდე, ჩვენ რომ ვიცით, ისე გავერთოთ, ვხვდები, რომ არაფერი უფერულდება იქ, სადაც სიყვარული და ერთად ყოფნის სურვილია.
მიყვარს ჩვენი ფოტოებით სავსე, ფერადი სახლი, სადაც ყველა სტუმარი საკუთარ სახლში გრძნობს თავს.
მიყვარს, რომ გვიყვარს ერთმანეთის მეგობრები, რომ არასოდეს ვამბობთ უარს, ჩვენს სახლში ვინმეს სტუმრობაზე.
მიყვარს ერთად გატარებული ყოველი წუთი.
ახლა შენ გძინავს, ძალიან ხარ გადაღლილი ამდენი მუშაობით. მე კიდევ ვზივარ და წვიმის ხმას ვუსმენ.
მინდა კიდევ გითხრა ის, რასაც დღეში უამრავჯერ გეუბნები. მიყვარხარ უზომოდ!
მიყვარს ჩვენი პატარა ოჯახი, რომელიც ჯერ სულ სამი წევრისგან შედგება: შენ, მე და ჩვენი პატარა კატა.
გავა დრო და ისევ დავწერ პოსტს, როგორ ვცხოვრობთ შენ, ჩვენი შვილები, მე და ჩვენი პატარა კატა.
მინდა დიდი დროის გასვლის შემდეგ, როცა ორივე მივაღწევთ იმას, რაც გვინდა, ყველა დასახულ მიზანს, ისევ ასე გვიყვარდეს ერთმანეთი, ისევ ასე მიხაროდეს ყოველი დღის შენთან ერთად გათენება, ჩვენი ყოველი კამათი და შერიგება, შენთვის გამზადებული სადილი და ჩვენი ცანცარა კატის უაზრო ქცევები.
მინდა, უამრავი წლის შემდეგ ისევ მოგქონდეს სასუსნავები ჩემთვის და მეუბნებოდე, რომ +10 კილოთიც ყველაზე ლამაზი გოგო ვიქნები და ზედმეტ კილოგრამებზე ფიქრი არ უნდა მაწუხებდეს. მინდა, ძალიან დიდი ხნის მერეც ასე აღნიშნავდე რა ლამაზი ვარ, ჩემთან ერთად არჩევდე ტანსაცმელს (მიუხედავად იმისა, რომ კაცებს ეს დიდად არ ხიბლავთ) და მაბედნიერებდე შენთან ერთად გატარებული ყოველი წუთით.
ცხოვრება მოგონებებისგან შედგებაო, ამბობენ.
ყოველი წუთი შეაგროვეო.
ჰოდა, მეც ვაგროვებ ჩვენს ფერად სახლში, ფერად სამყაროში გატარებულ ყოველ წუთს იმ იმედით, რომ 10, 20, 30, 40 და ა.შ. წლის მერეც შენთან ერთად გავიხსენებ ჩვენი გაცნობის ძალიან საინტერესო და სასაცილო ისტორიას, რომ ყოველთვის მექნება შენი იმედი ისე, როგორც ახლა მაქვს.
მიყვარხარ, მიყვარხარ ყველა შესაძლო სიყვარულზე მეტად და გახსოვდეს, 1+1 არასოდეს იქნება 2.
1+1=1 – ს.
ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ.
სიყვარულით, მე.

Exit mobile version