თვალებში მიყურებს.ისე, თითქოს ჩემს სულში შეღწევა და ყველაზე დაფარული საიდუმლოებების გაგება აქვს გადაწყვეტილი.უხერხულობისგან ვიშმუშნები და თვალს ვარიდებ. რატომ მიყურებს ასე? რისი გაგება სურს? სიგარეტის ღერს თითებს შორის ვიქცევ და ვუკიდებ. იისფერ კვამლში ეხვევა ყველაფერი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნისლში ვხედავ მის სახეს. ისევ ჩემი შესწავლითაა დაკავებული. სიტუაცია უკვე აუტანელი ხდება და ის ისაა გამალებული ვიწყებ ფიქრს, როგორ დავარღვიო ეს ხმამაღალი სიჩუმე, რომ სავარძელში სწორდება და ამბობს: არა, მაინც რა ყალბი ხარ? ყალბი? ანუ? ამდენი ხანია გაკვირდები, ყველა შენი მიმიკა ზეპირად ვიცი. ვხედავ, ხანდახან როგორ გიშტერდება მზერა და სადღაც დაფრინავ, სადღაც, სადაც ალბათ შენი ყველაზე სევდიანი მოგონებები ბინადრობენ. მერე ისე აგრძელებ გართობას,თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს მეათასედ არ მოკვდი იმ მომენტში და თავიდან არ მოგიწია შენი თავის აწყობა. რაში გჭირდება ეს ზედაპირულობის, უდარდელობის ნიღაბი? ძალიან კი გინდა გამორჩეული და ფერადი იყო, მაგრამ რეალურად ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ, რომელმაც მთელი სამყაროს მოტყუება გადაწყვიტა თავისი თავის ჩათვლით და რატომღაც ვერავინ ხედავს ამას. მეღიმება. რა გონია ახლა ამას, მატყუარა და ყალბი მიწოდა და რა? მაწყენინა? რეალობა დამანახა? გულით მეცინება. გაოგნებულია.ძალიან დიდ ხანს ვიცინი და ოდნავ დამშვიდებული, სიცილისგან წამოსული ცრემლების წმენდით ვპასუხობ: კი, მე ყალბი ვარ, თანაც ძალიან, არც არასდროს მითქვამს, რომ არ ვთამაშობ. კი, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ან როდის მქონია პრეტენზია არაჩვეულებრივობაზე? ნიღაბი რაში გჭირდებაო, რომ მეკითხები, მოდი, ახლა შენ მიპასუხე. ვის რა ჩემ ფეხებად უნდა სინამდვილე? ან რაში აინტერესებთ ჩემი დემონები, სევდა თუ ტკივილი? ათასჯერ კი არა, მილიონჯერ რომ მოვკვდე მათ თვალწინ, მილიონჯერ რომ დავიშალო უთვალავ პატარა ნაწილად და სულ, სულ ახლიდან მომიწიოს საკუთარი თავის აწყობა, ყველას კიდია და ასეც უნდა იყოს, ვერავის მოსთხოვ შენი ტკივილი გაიზიაროს და არც მინდა, სიმართლე გითხრა. ამას მირჩევნია იმას იცნობდნენ, ვისაც ხედავენ. ხედავენ და მოსწონთ. საზოგადოებას არ უყვარს სევდიანი და გატეხილი ადამიანები, ამაში არაფერია ახალი და სადაც ასეთი “ჭკვიანი” ხარ, ესეც უნდა იცოდე. რამდენი კლიშე შეტენე რამდენიმე წინადადებაში, უსმენ მაინც შენს თავს? კი, მე ვუსმენ და შენ? მოდი, შენ მითხარი, ნამდვილი ხარ? პირდაპირობის ნიღაბი რომ გაქვს აფარებული და ვითომ დახვეწილი ცინიზმით ხარ წარმოდგენილი აქ, შენ არ მალავ შენს გრძნობებს? ჩუმადაა. ისევ თვალებში მიყურებს, მაგრამ ამჯერად ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვდგები და ვუახლოვდები.ჩვენს შორის მანძილი ისე მცირდება, მისი სუნთქვის შეგრძნებაც კი შემიძლია. შენც ყალბი ხარ, თანაც ძალიან. ისეთი სიჩუმეა, ჩემი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებიც კი ძალიან მკვეთრად ისმის. ამდენი ხანია გაკვირდები და შენი ყველა მიმიკა ზეპირად ვიცი. იმაზე უკეთ გიცნობ, ვიდრე წარმოდგიდგენია და ის ყველაფერიც ვიცი, რისი თქმაც ძალიან გინდა ჩემთვის, მაგრამ ვერასდროს გაბედავ, იმიტომ, რომ ყალბთან ერთად მშიშარაც ხარ, ჩემგან განსხვავებით. ახლა მე ვუყურებ თვალებში. ვუყურებ ისე, თითქოს მის სულში შეღწევა და ყველაზე დაფარული საიდუმლოებების გაგება მაქვს გადაწყვეტილი. უამრავ რამეს ვხედავ მის თვალებში. ჩემი სახის ანარეკლიდან დაწყებული, იმ ყველაფრით დამთავრებული, რისი თქმაც ყოველთვის სურდა ჩემთვის. ახლა ის იშმუშნება უხერხულობისგან და თვალს მარიდებს. გვიანია, ისედაც ყველაფერი გავიგე. საწყენია, რომ ამ ყველაფრიდან არაფერს აქვს აზრი.პირს აღებს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ უცებ ისეთი შიში მიპყრობს იმის, რომ მართლა ყველაფერს მეტყვის, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ველოდი, რომ ვდგები და მივდივარ. …
მოიისფრო Articles.
ადრე, როცა მე და ჩემი და პატარები ვიყავით, ერთი ტრადიცია გვქონდა. ნაძვის ხეს ყოველთვის 24 დეკემბერს ვაწყობდით, მამაჩემის დაბადების დღეს. ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ეს ტრადიცია,მამაჩემის დაბადებიდან. ჰოდა, ასე, 24 დეკემბერს ყველა ერთად, საზეიმოდ ვრთავდით ნაძვის ხეს, რომელიც იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ძველი იყო. სათამაშოებიც ძალიან ძველი ქონდა, მაგრამ ეგ ძველისძველი სათამაშოები დღემდე სიგიჟემდე მიყვარს. დროთა განმავლობაში ძველი ნაძვის ხე შეიცვალა ახლით, სათამაშოებიც ახალმა, უფრო თანამედროვე და სხვადასხვანაირი დიზაინის სათამაშოებმა ჩაანაცვლა. მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა – პატარა ზეიმი, რომლის მონაწილეებიც ყველა ერთად ვიყავით. დრომ პირველი ბებო გამოაკლო ამ ტრადიციას. დღეს კი პირველი წელია, როცა მამას დაბადების დღეზე, მამასთან ერთად არ ვაწყობთ ნაძვის ხეს. არ ვიცი, რამ უნდა გააქროს 24 დეკემბრის სევდა, ან რა დრო უნდა გავიდეს, რომ ჩვენი ეს პატარა ტრადიცია ცრემლების გარეშე, მხოლოდ ღიმილით გავიხსენო, ან როგორ უნდა დავიჯერო, რომ აღარ ხარ და აწი მხოლოდ შენთან დაკავშირებული მოგონებებით მოგვიწევს ცხოვრება. არც იმის მჯერა მაინცდამაინც, რომ დრო რამეს განკურნავს, ვერასდროს მივეჩვევი იმ ფაქტს, რომ შენ არ ხარ. ჩვეულებრივად მიდის თითქოს ცხოვრება, ნაძვის ხეც დავდგით, ეს წელიც წავა და ახალიც მოვა, მაგრამ ვეღარასოდეს, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცი, როგორ შევეგუო ამ რეალობას. გილოცავ მა დაბადების დღეს. მიყვარხარ.
ასეთი ცარიელი არასდროს ვყოფილვარ. არც მაშინ, ბებო თოვლის ფანტელივით რომ ჩამადნა ხელში. მეგონა, ვერაფერი იქნებოდა იმაზე უარესი, შენს თითებში რომ უწყდება პულსი ადამიანს. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ვიცოდი, მაგრამ თურმე ადამიანი ვერასდროს იქნები მზად ასეთი რამისთვის. ამ დღეებმა სრულ ბურუსში ჩაიარა. იმდენად …
აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.ალბათ, ზუსტად ისეთები ვიქნებით, როგორებიც ახლა და აქ.შენ, ისევ გაგიჭირდება ემოციების გამოხატვა, ისევ მოგინდება რამე თბილი მითხრა, მომეფერო, მაგრამ მხოლოდ თავზე გადამისვამ ხელს – უხერხულად, როგორც ყოველთვის. ჩვენ არასდროს გამოგვდიოდა თბილი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად ვიყავით. არასოდეს გითქვამს ჩემთვის, როგორ გიყვარდი. რა თქმა უნდა, არც მე მომიკლავს თავი ამაზე საუბრით. ზუსტად ვიცი, აუცილებლად იარსებებს “იქითა სახლი” სხვა ცხოვრებაშიც, სადაც სკოლიდან დაბრუნებულს,კარაქში შემწვარი კარტოფილის, ახალი პურის და ცხელი ჩაის სურნელი შემიღიტინებს ცხვირში. გავა ბევრი ზამთარი და გაზაფხული, ბევრი გრძელი წელიწადი და ნელ-ნელა გაუფერულდება სახლიც, შენცდა ახალი პურის სურნელიც. სულ უფრო მეტი რამ გვეწყინება ერთმანეთისგან, სულ უფრო მეტ რამეში დაგადანაშაულებ, სულ უფრო ხშირად შეგპირდები, რომ მოვალ და სულ უფრო ხშირად ვერ მოვიცლი შენთვის. მერე, შემოდგომის ერთ არც თუ ისე მშვენიერ საღამოს გავიგებ, რომ მალე ამ სამყაროდან სადღაც სხვაგან გადაინაცვლებ. მე კი ისევ ისე ვინანებ იმ არ-შესრულებულ დანაპირებ(ებ)ს, როგორც ახლა და აქ. ყოველთვის ასე ხდება, ადამიანები ყოველთვის ვტკენთ ერთმანეთს.ყოველ დილას ახლიდან ვსწავლობთ სუნთქვას, სიარულს, ახლიდან ვირგებთ ფერად ნიღბებს და ვუერთდებით ამ მასკარადს. ვიცინით, ვიცინით ძალიან ბევრს, ვიცინით მანამ, სანამ სუნთქვა არ გაგვიჭირდება, ვიცინით მანამ, სანამ მუცელი არ გვეტკინება სიცილისგან, ვიცინით, რომ წამოსული ცრემლები ისევ სიცილს დავაბრალოთ, ვიცინით, რომ გადავრჩეთ,ვიცინით, რომ ჭკუიდან არ შევიშალოთ. და ასე იქნება მუდამ. გავქრებით თოვლის ფიფქებივით და… …აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.
“როდესაც მონსტრებს ებრძვი, ფრთხილად უნდა იყო, რომ თავადაც მონსტრად არ იქცე და თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგხედავს შენ”. უფსკრულიდან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს. თითქოს შენი ტკივილების, შეცდომების, სინანულის, შიშების ყველა შრე ახლიდან გაიარე და საბოლოოდ ჩაიკარგე უსასრულობაში.ფსკერზე დანარცხებული, მხოლოდ …
გაზაფხულია. სულ რაღაც 8 დღეა, გაზაფხულმა პირველი ნოტების დაკვრა დაიწყო, ქალთა დღეაო, ამბობენ, გაზაფხულია. გაზაფხულია. ჩვენს ქვეყანაში ბოლო 2 თვის მანძილზე 8 ქალი მოკლეს, 8 ქალს ჩაუქრეს სხივები თვალებში, სიტყვები თქმამდე გაუქრეს ბაგეებიდან, გაზაფხულია. გაზაფხულია.მალე ყვავილობა დაიწყება, თავბრუდამხვევი სურნელი დატრიალდება ირგვლივ. …
მახსოვს, ჩემი შარშანდელი პოსტი მთავრდებოდა სიტყვებით: “იქნებ, 2017-ში მაინც”… პირდაპირ ვიტყვი, ბევრი რამ არ ასრულდა. ძალიან, ძალიან რთული წელი იყო ყველა ასპექტში, განსაკუთრებით ემოციურად. ეს იყო წელი სრული გარდატეხის და გადაფასების. უამრავჯერ შემეპარა ეჭვი ჩემი ნაბიჯების სისწორეში, ბევრჯერ გავრისკე და …

და ასეთია ყოველთვის ბოლო ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების. და მეც, ამ დიდი კანონის ნებით – მიყვარხარ. შენ – …

შენ, მე და ჩვენი პატარა კატა, რომელიც ჯერ ისევ თვეებს ითვლის, ძალიან გვაბრაზებს და მაინც, იმდენად საყვარელია, რომ შეუძლებელია არ …
სოც. ქსელები