თვალებში მიყურებს.
ისე, თითქოს ჩემს სულში შეღწევა
და ყველაზე დაფარული საიდუმლოებების გაგება აქვს გადაწყვეტილი.
უხერხულობისგან ვიშმუშნები და თვალს ვარიდებ.
რატომ მიყურებს ასე?
რისი გაგება სურს?
სიგარეტის ღერს თითებს შორის ვიქცევ და ვუკიდებ.
იისფერ კვამლში ეხვევა ყველაფერი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნისლში ვხედავ მის სახეს.
ისევ ჩემი შესწავლითაა დაკავებული.
სიტუაცია უკვე აუტანელი ხდება და ის ისაა გამალებული ვიწყებ ფიქრს, როგორ დავარღვიო ეს ხმამაღალი სიჩუმე, რომ სავარძელში სწორდება და ამბობს:
- არა, მაინც რა ყალბი ხარ?
- ყალბი? ანუ?
- ამდენი ხანია გაკვირდები,
ყველა შენი მიმიკა ზეპირად ვიცი. ვხედავ, ხანდახან როგორ გიშტერდება მზერა და სადღაც დაფრინავ,
სადღაც, სადაც ალბათ შენი ყველაზე სევდიანი მოგონებები ბინადრობენ. მერე ისე აგრძელებ გართობას,
თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს მეათასედ არ მოკვდი იმ მომენტში და თავიდან არ მოგიწია შენი თავის აწყობა.
რაში გჭირდება ეს ზედაპირულობის, უდარდელობის ნიღაბი?
ძალიან კი გინდა გამორჩეული და ფერადი იყო, მაგრამ რეალურად ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ, რომელმაც მთელი სამყაროს მოტყუება გადაწყვიტა თავისი თავის ჩათვლით და რატომღაც ვერავინ ხედავს ამას.
მეღიმება.
რა გონია ახლა ამას, მატყუარა და ყალბი მიწოდა და რა? მაწყენინა? რეალობა დამანახა?
გულით მეცინება.
გაოგნებულია.
ძალიან დიდ ხანს ვიცინი და ოდნავ დამშვიდებული, სიცილისგან წამოსული ცრემლების წმენდით ვპასუხობ:
- კი, მე ყალბი ვარ, თანაც ძალიან,
არც არასდროს მითქვამს,
რომ არ ვთამაშობ.
კი, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,
ან როდის მქონია პრეტენზია არაჩვეულებრივობაზე?
ნიღაბი რაში გჭირდებაო, რომ მეკითხები, მოდი, ახლა შენ მიპასუხე. ვის რა ჩემ ფეხებად უნდა სინამდვილე? ან რაში აინტერესებთ ჩემი დემონები, სევდა თუ ტკივილი? ათასჯერ კი არა, მილიონჯერ რომ მოვკვდე მათ თვალწინ, მილიონჯერ რომ დავიშალო უთვალავ პატარა ნაწილად და სულ, სულ ახლიდან მომიწიოს საკუთარი თავის აწყობა, ყველას კიდია და ასეც უნდა იყოს, ვერავის მოსთხოვ შენი ტკივილი გაიზიაროს და არც მინდა, სიმართლე გითხრა.
ამას მირჩევნია იმას იცნობდნენ, ვისაც ხედავენ. ხედავენ და მოსწონთ. საზოგადოებას არ უყვარს სევდიანი და გატეხილი ადამიანები, ამაში არაფერია ახალი და სადაც ასეთი “ჭკვიანი” ხარ, ესეც უნდა იცოდე. - რამდენი კლიშე შეტენე რამდენიმე წინადადებაში, უსმენ მაინც შენს თავს?
- კი, მე ვუსმენ და შენ? მოდი, შენ მითხარი, ნამდვილი ხარ? პირდაპირობის ნიღაბი რომ გაქვს აფარებული და ვითომ დახვეწილი ცინიზმით ხარ წარმოდგენილი აქ,
შენ არ მალავ შენს გრძნობებს?
ჩუმადაა.
ისევ თვალებში მიყურებს, მაგრამ ამჯერად ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვდგები და ვუახლოვდები.
ჩვენს შორის მანძილი ისე მცირდება, მისი სუნთქვის შეგრძნებაც კი შემიძლია.
- შენც ყალბი ხარ, თანაც ძალიან.
ისეთი სიჩუმეა, ჩემი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებიც კი ძალიან მკვეთრად ისმის.
- ამდენი ხანია გაკვირდები და შენი ყველა მიმიკა ზეპირად ვიცი. იმაზე უკეთ გიცნობ, ვიდრე წარმოდგიდგენია და ის ყველაფერიც ვიცი, რისი თქმაც ძალიან გინდა ჩემთვის, მაგრამ ვერასდროს გაბედავ, იმიტომ, რომ ყალბთან ერთად მშიშარაც ხარ, ჩემგან განსხვავებით.
ახლა მე ვუყურებ თვალებში.
ვუყურებ ისე, თითქოს მის სულში შეღწევა და ყველაზე დაფარული საიდუმლოებების გაგება მაქვს გადაწყვეტილი.
უამრავ რამეს ვხედავ მის თვალებში.
ჩემი სახის ანარეკლიდან დაწყებული, იმ ყველაფრით დამთავრებული, რისი თქმაც ყოველთვის სურდა ჩემთვის.
ახლა ის იშმუშნება უხერხულობისგან და თვალს მარიდებს.
გვიანია, ისედაც ყველაფერი გავიგე. საწყენია, რომ ამ ყველაფრიდან არაფერს აქვს აზრი.
პირს აღებს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ უცებ ისეთი შიში მიპყრობს იმის, რომ მართლა ყველაფერს მეტყვის, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ველოდი, რომ ვდგები და მივდივარ.
მივდივარ ჩემი ფიქრებიანად, მას კი თავის ფიქრებთან და უთქმელ სიტყვებთან ერთად ვტოვებ.
თოვს.
ოდესღაც, როცა პატარა და ნამდვილად ფერადი ვიყავი, ძალიან მიყვარდა თოვლი.
ეს ოდესღაც კი ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ახლა აღარც თოვლი მიყვარს, აღარც ადამიანები და აღარც საკუთარი თავი.
საინტერესოა, იტყოდა თუ არა რამეს, რომ დამეცადა, რომ არ შემშინებოდა და საპასუხო ცინიზმის ნიღაბს ამოფარებული თავქუდმოგლეჯილი არ გამოვქცეულიყავი.
რაღა აზრი აქვს, არც არაფერი,
როგორც ყოველთვის, როგორც ყველაფერს.
წავედი.