ამჯერად ტრადიციას დავარღვევ და პოსტს დაბადების დღემდე რამდენიმე წუთით ადრე კი არა, უშუალოდ ამ დღეს დავწერ. როცა შენ დაბადების დღემდე რამდენიმე წუთიღა რჩება, განწყობა მაინც სევდიანია და სულ იმაზე გეფიქრება, როგორი გინდოდა ყოფილიყავი ამდენი წლის მერე და როგორი ხარ რეალურად, თუმცა ამდენი მოლოცვა და სითბო, მაინც კარგ ხასიათზე გაყენებს. ჰოდა ზუსტად ამიტომ, მინდა კარგ განწყობაზე დავწერო ეს პოსტი ერთხელ მაინც.
ალბათ ძალიან ბანალური იქნება, თუმცა ფაქტია, პატარა რომ ვიყავი, 25 წელი სასწაულად ბევრი მეგონა. ვფიქრობდი, ამ დროს უკვე იმდენად ვიქნებოდი შემდგარი ყველაფერში, რომ სასწავლიც აღარაფერი დამრჩებოდა და ცხოვრებისეული გამოცდილებით გატენილი, “დასტოინად” ვიჯდებოდი 1 ჭიქა წითელი ღვინით ხელში. რეალურად, გავხდი 25 წლის და კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, რა პატარა ვარ ჯერ, რამდენი რამ მაქვს წინ და დაბადების დღის “დასტოინად” აღნიშვნამდეც ძალიან დიდი დროა დარჩენილი, ჯერ.
24-დან 25-მდე ძირფესვიანად შეიცვალა ყველაფერი.
- პირველ რიგში, ალბათ ყველაზე კარგი რაც გავაკეთე, სანდროსთან თანაცხოვრებაა. ვამბობდი, რომ ოჯახი არ მინდოდა, რომ მეშინოდა ვალდებულებების და ა.შ. თუმცა, რეალურად არც არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ სულ ერთად ხართ. ალბათ ძნელია ადამიანი არ მოგბეზრდეს, როცა ცხოვრების ყოველ წუთს და საერთო ჰაერს იყოფთ, მაგრამ მგონი მოვახერხეთ, თითქმის 1 წელი გადის და ყოველი დღის დაწყება მიხარია, იმიტომ, რომ მისით ვიწყებ.
- ასევე აღსანიშნავია ის, რომ ერთ სამსახურში 1 წელი ჩემი გაჩერება გამორიცხული იყო, არადა მალე 1 წელი გახდება ერთ სამსახურში ვარ და ამასაც მიღწევად ვთვლი. ძალიან ბევრი ვისწავლე და ვხუმრობ ხოლმე, აწი ნებისმიერ სფეროში ვიმუშავებ-მეთქი.
- როგორც ყოველთვის, ჩემ სპეციალობაზე არაფერს ვიტყვი. აქაცაა მიღწევები, თუმცა სანამ “გადაღებულია” – ს არ გავიგებ და არ მივხვდები, რომ ბოლო კადრიც მორჩა, დეტალურად არაფერს ვიტყვი.
დაუსრულებლად შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რომ უფრო ნაკლებს მიაღწიე, ვიდრე ელოდი. როცა პატარა ხარ, გინდა არ გინდა უფრო ნათელ ფერებში გეხატება ყველაფერი და შენ მიზნებს ჯერ კიდევ ოცნების ელფერი დაკრავთ. მერე და მერე, ხვდები, რომ იმის მისაღწევად, რაც მიზნად დაისახე, კოლოსალური ენერგია და შრომაა საჭირო და არც ისე ადვილია იმ ყველაფრის მიღწევა, შესაბამისად 25 წლის ასაკში ხვდები, რომ მთავარია, სტარტი გაქვს აღებული, გამოწვევები მიღებულია, პროცესი დაწყებული და აწი ყველაფერი იმაზე მაგრად იქნება, ვიდრე ახლაა. ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ არასოდეს არაფერი გამიკეთებია სხვისი დახმარებით. ყოველთვის ჩემით მივდიოდი დასახულ მიზნამდე და არა “ჩინოვნიკი ნათესავების” დახმარებით. მინდა ასე განვაგრძო და კიდევ 25 წლის მერე, უკან რომ მოვიხედავ, ჩემივე შექმნილი ცხოვრებით ვიამაყო, როგორც ახლა.
მიუხედავად იმისა, რომ საამაყო ჯერ ბევრი არაფერია.
უზომოდ მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც ამ 1 წელში უდიდესი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჯობს ცოტა, მაგრამ ნამდვილი ადამიანები გყავდეს გვერდით. მე სანდრო მყავს, ყველაზე თბილი და კეთილი ბიჭი ამ ქვეყნად, ჩემი ოჯახი, რომელიც მუდამ მხარში მიდგას და მეგობრები, რომლებიც არასოდეს მტოვებენ მარტო. ამ ადამიანების არსებობა საოცრად ძლიერს მხდის, სანამ ისინი არსებობენ, ყველაფერს შევძლებ, გავა კიდევ 1 წელი და 26 წლის ფაო გაცილებით მეტი რამით იამაყებს, ვიდრე ახლა.
ყველას მადლობა მინდა ვუთხრა მოლოცვისთვის. იმათ, ვინც უკვე მომილოცა და იმათაც, ვინც აწი მომილოცავს. მე კიდევ მოვრჩები ახლა სენტიმენტების ფრქვევას, საქმე ბევრია, დღეს ყველაზე ლამაზი და მხიარული გოგო უნდა ვიყო, მთელი 25 წლის გავხდი!