Site icon მოიისფრო

ამონაწერი დღიურიდან..

27/02/2012.
7 წუთი უკლია პირველს.
ვწევარ და ვფიქრობ.. არა, ახლა უკვე ფურცელს ვანდობ ფიქრებს..
მეზობლის სახლში ძველი საათი რეკავს..
აი, ჩამოკრა ერთხელ. წინაა ალბათ.
სიძველის სუნმა აავსო არემარე.. თვითმფრინავის ხმა.. 2008 წლის ომს მახსენებს.. მას მერე ამ ხმის მეშინია..
სრულ სიჩუმეს მარტო საათის წიკწიკი და ჩემი სუნთქვა არღვევს. ბნელა.. მხოლოდ მთვარის შუქი და მობილურის ეკრანი ანათებს აქაურობას..
მომენატრე.. რაღაც – უჩვეულოდ.. შიშმა შემიპყრო უცებ.. ოღონდ არ ვიცი რისი მეშინია..
აქ რომ იყო ახლა, ჩაგეხუტებოდი.. შენ სიახლოვეს რომ ვიგრძნობდი, აღარ შემეშინდებოდა.
მოდი.. გვედით დამიჯექი, შუბლზე მაკოცე და მითხარი, რომ ამქვეყნად არაფრის უნდა მეშინოდეს.
არც სიბნელის, არც თვითმფრინავის ხმის და არც უშენობის..
თმაზე მომეფერე და ზღაპარი მომიყევი გოგოზე და ბიჭზე, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდათ.
ფერიაზე, რომელიც მსუბუქად დაქროდა პატარა თეთრი ფრთებით..

ჩემ სამყაროზე, სადაც ახლა საკურა ყვავის..
მისი მოთეთრო მოვარდისფრო ფურცლები თოვლივითაა დაბლა დაფენილი..
მე და შენ ვსხედვართ საკურას ქვეშ.. თავბრუდამხვევი სურნელი დგას ირგვლივ. საკურას ფურცლების სახით სიყვარული გვათოვს..
აკუტაგავას მოთხრობებს ვკითხულობთ და თავად ვართ ლამაზი ქალის მოკლული ქმარიც, ყაჩაღიც, ქალის მოხუცი დედაც..
თავად ვართ უსიერ ტყეში..
ერთმანეთს ვესაუბრებით წყვდიადში და ჩვენ ვართ ეშმაკიც, ანგელოზიც, მუზაც..
მიამბე, როგორ გჩუქნი თეთრ ფრთებს, ხელს გკიდებ და ზეცაში ამყავხარ.. და დავფრინავთ დაუსრულებლად.. მხოლოდ ჩვენ ორნი..
“ძველ ტკივილებზე, ძველ სიგიჟეზეც მკითხე რაიმე,
ძველ სიგიჟეზე – ათასჯერ რომ შევცვალე ახლით..”

მომიყევი, როგორ გვაკრავს გარშემო მწვანე მინდორი..
თეთრ, სადა ტანსაცმელში გამოწყობილნი როგორ მივუყვებით კერუაკის გზას თმაში ჩაწნული ყვავილებით..
მე ჩამეძინება..
შენ მოყოლას განაგრძობ..
თმაზე მეფერები..
სულ ერთი წამით შეწყვეტ თხრობას და ჩემ მშვიდ, თანაბარ სუნთქვას ისმენ..
ხვდები, რომ ჩამეძინა..
გეცინება.. სულ ასე როგორ უნდა მეძნებოდეს – შუა საუბარში..
მოდი, გვერდით დამიჯექი, მძინარეს შუბლზე მაკოცე და
ჩემ მშვიდ ძილს უდარაჯე..
გამეღვიძა..
რა მშვენიერი სიზმარი იყო..
მიყვარხარ..

Exit mobile version