Site icon მოიისფრო

გაზაფხულია.

გაზაფხულია.
სულ რაღაც 8 დღეა, გაზაფხულმა პირველი ნოტების დაკვრა დაიწყო, ქალთა დღეაო, ამბობენ, გაზაფხულია. 

გაზაფხულია. 
ჩვენს ქვეყანაში ბოლო 2 თვის მანძილზე 8 ქალი მოკლეს, 8 ქალს ჩაუქრეს სხივები თვალებში, სიტყვები თქმამდე გაუქრეს ბაგეებიდან, გაზაფხულია. 

გაზაფხულია.
მალე ყვავილობა დაიწყება, თავბრუდამხვევი სურნელი დატრიალდება ირგვლივ. მოკლული ქალები ვერაფერს იგრძნობენ, მოკლული ქალებისთვის აღარასოდეს გაზაფხულდება. 

გაზაფხულია. 
ჩვენს ქვეყანაში მკვლელებს არ სჯიან, ყვავილების ნაცვლად სიკვდილის სუნი ტრიალებს ჰაერში, სიცილის ნაცვლად ტირილის ხმა ისმის, ბედნიერი სახეების ნაცვლად, უდედოდ დარჩენილი ბავშვების თვალებს ვხედავთ ირგვლივ. 
გაზაფხულია. 

გაზაფხულის მოსვლა ყველას უხარია. დღეს – მითუმეტეს, დღეს ხომ ქალთა დღეა. ქალი ხომ საოცარი, სუსტი, ნაზი არსებაა. კაცის ნაწილია, მისი ნეკნია. ქალი ოჯახის სახეა, ქალი დედაა, ქალი დაა. ჩვენს ქვეყანაში ხომ ოდითგანვე განსაკუთრებით უყვართ და პატივს სცემენ ქალებს. ჩუქნიან ყვავილებს, ეფერებიან, ხელის გულზე ატარებენ. კაცები გიჟდებიან ქალებზე და ყოველთვის აღნიშნავენ ამ დღეს. იწვევენ მეგობრებს, რომლებთანაც ამაყობენ თავიანთი ქალებით და გატაცებით, მაღალფარდოვნად სვამენ წინა დღეს ნაცემი ცოლის სადღეგრძელოს. 

ქალთა დღეს გილოცავთ, გოგონებო. 
გაიღიმეთ, ჩაიწანით ყვავილები თმაში, ჩაიცვით ფრიალა კაბები, დაფარეთ სილურჯეები სხეულზე.

გაიღიმეთ, უკვე 8 დღეა, გაზაფხულმა პირველი ნოტების დაკვრა დაიწყო, ქალთა დღეაო, ამბობენ. 
გაზაფხულია. 

Exit mobile version