Site icon მოიისფრო

გაიხსენე

მინდა, რამე მაინც მახსოვდეს წინა ცხოვრებიდან. 
ჩემს წინ მხოლოდ გზა ჩანს, დიდი და ვრცელი, ყვითელი მინდორი. 
ალბათ, შემოდგომის მიწურულია, სითბოს სუსხი აქვს შეპარული, ყველაფერს სიყვითლე ეპარება. 
იქაც ასეთი იყო შემოდგომა.

ამ გზაზე მარტო ვარ, ერთი სულიერიც კი არ ჩანს ირგვლივ. 
მინდა, რამე მაინც მახსოვდეს წინა ცხოვრებიდან. 
რამე კარგი, რაც სიცივესთან და შიშთან არ იქნება დაკავშირებული. 
თბილი, მზისფერი შეგრძნებები მინდა გავიხსენო, თუმცა მხოლოდ ყოვლისმომცველ სიცარიელეს ვგრძნობ.
ბოლო დროს იქაც სულ ამას ვგრძნობდი, სიცივეს და სიცარიელეს.
მეგონა, ასე გავთავისუფლდებოდი, მეგონა, თუ ყველა საზღვარს წავშლიდი ჩემსა და ამ სამყაროს შორის, ეს სევდა და სიცარიელე გაქრებოდა, ამიტომ გავიქეცი, ამიტომ ვთქვი უარი ყველაფერზე.

წამოვედი, თუმცა არაფერი გამქრალა. 
ახლა ასმაგად ვგრძნობ მარტოობას, უფრო მეტად მეშინია და ძალიან ვარ დაბნეული. მაშინ ის მაინც ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ახლა ესეც არ ვიცი. 

ესაა ჯოჯოხეთი?
დაუსრულებელი სიარული ყვითელ, უკაცრიელ მინდორში და მხოლოდ მტკივნეული მოგონებები წინა ცხოვრებიდან?

უცნაური აზრი მომივიდა. 
იქნებ, გადავრჩი? 
იქნებ, მძინავს და ეს მხოლოდ სიზმარია?
იქნებ, გავბედე და სიცოცხლეშივე ვთქვი ყველაფერი, რაც ასე ძალიან მტკენდა? 
იქნებ, ჩემი სიტყვები შემოდგომის ჰაერში არ გაიფანტა? 
როგორც ყოველთვის, უამრავი კითხვა და არც ერთი პასუხი.
ასე იყო იქაც.

მაპატიე. 
მაპატიე, ძალიან გთხოვ. 
თუ ეს სიზმარი არაა, ან, თუ ვერ გადავრჩი, ნუ იფიქრებ იმაზე, რატომ თავის დროზე არ წამოხვედი ჩემს მოსაძებნად. 
თავს ნუ დაიდანაშაულებ, რომ ხელი გამიშვი და ვერ დამიჭირე. 
შენ ვერაფერს შეცვლიდი, მე მაინც შევცურავდი ზღვაში შემოდგომის ერთ თბილ დღეს და სამუდამოდ დავიდებდი მის ფსკერზე ბინას. 
იმედი მაქვს, რაღაც მაინც დაგიტოვე. რაღაც, რასაც თბილად გაიხსენებ. რაღაც, რაც უჩემოდ ცხოვრებაში დაგეხმარება. 

ძალიან ბევრი რამ იყო კარგი. 
ვიცი, ვგრძნობ, უბრალოდ ვერ ვიხსენებ. 
იქნებ, ამ სიცარიელის გარდა რამე სხვაც რომ ვიგრძნო, დასრულდეს ეს გზა? 

მინდა რამე მაინც მახსოვდეს, რაც მანამ მოხდა, სანამ ცოცხალი ვიყავი. 
რამე, რაც აქედან თავის დაღწევაში დამეხმარება. 

Exit mobile version