Site icon მოიისფრო

დავბრუნდები მაშინ, როცა.

გახსოვს, გითხარი, მე დავბრუნდები მაშინ, როცა შემოდგომა პირველ აკორდებს აიღებს და ფოთლები დაიწყებენ ცვენას-მეთქი.
.. და ეს ესაა პირველი აკორდი გაისმა.
ჰო, შემოდგომის თამაშები დაიწყო.
მოოქროსფრო, ჩამოცვენილი ფოთლისფერი თამაშები.
მე გავექეცი ქალაქს, რომელმაც შესაძლებლობები მომცა რაღაც შემექმნა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი წამართვა, დაწყებული საკუთარი თავით.
არ ვიცი მიყვარდეს, თუ მძულდეს.
მენატრებოდეს თუ დანახვაც არ მინდოდეს მისი.
იქ კი, მთაში, ხის ქოხებში თითქოს ის ყველაფერი დამიბრუნდა რაც ამ ქალაქმა უკითხავად წაიღო ჩემგან.
ახლა, თავისუფლებადაბრუნებული ვზივარ ზღვის სანაპიროზე და ვფიქრობ დავბრუნდე, თუ არა.
ჰო, ვთქვი, რომ შემოდგომასთან ერთად მეც მოვიდოდი.
მე კი.. მე..
მე თუ დავბრუნდი, ზუსტად ვიცი აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ თვითმკვლელ თევზებს აღარ გავატანო ჩემი ფერები.
გავფერადდები ისე, როგორც არასდროს და ჩიტების ფიტულებიც გაქრებიან ისე, როგორც მე გავქრი ამ ქალაქში ოდესღაც.
დავუბრუნდები ქალაქს, თეატრს, რადგან ჩემ თავს უკვე დავუბრუნდი.
პირველმა აკორდმა პირველი ფერი მოიტანა.
ხვალ მეორე გაისმება მეორე ფერთან ერთად.
ასე შევქმნით ფერთა გამას მუსიკის თანხლებით მე და შემოდგომა.
ჰო, გაზაფხულზე დავიბადე და შემოდგომას მილოცავენ.
დღეს შემოდგომის პირველი დღეა.
ფოთლებიც მალე დაიწყებენ ცვენას და…
მეც დავბრუნდები.

Exit mobile version