Site icon მოიისფრო

და თუ დღეს ძალიან, ძალიან მოგეფერო..


ოკეანის სანაპიროზე იზრდებოდნენ.
რაც გარემოს აღქმა დაიწყეს, მას შემდეგ ახსოვდათ ერთმანეთი..
იმდენად ახლობლებად იქცნენ, ერთმანეთის გარეშე არსებობაც ვერ წარმოედგინათ.
ეს არ იყო გრძნობა, რომელსაც სახელს დაარქმევდი.
ეს ყველაფერი იყო.
ყველაფერი იყვნენ ერთმანეთისთვის.
ალბათ ერთმანეთის გარდა არავინ და არაფერი უნდოდათ, გარესამყაროს ჭუჭყი ხომ მეტისმეტად უცხო იყო მათთვის..
ყოველდღე ერთად ხვდებოდნენ მზის ამოსვლას, ერთად ატარებდნენ მთელ დღეს, დარბოდნენ ქვიშიან სანაპიროზე, იჭერდნენ თევზს, ერთმანეთს “ახრჩობდნენ” წყალში,
ერთად უყურებდნენ მზის ჩასვლას..
შუაღამემდე იწვნენ ქვიშის სანაპიროზე და ვარსკვლავებს უყურებდნენ… თავიანთ სახელებს არქმევდნენ…
არც ერთი იღებდა ხმას, არც – მეორე…
მხოლოდ ტალღების ხმა ისმოდა…
იწვნენ ოკეანის ტალღების ხმაში ჩაკარგულები, ჩუმად…
და რამდენს ნიშნავდა ეს სიჩუმე..
ასე გადიოდა დღეები..
პატარა ბავშვები დიდ ბავშვებად იქცნენ..

პირველი კოცნა..
ვნებისფერი სიმორცხვე თვალებში..
ტუჩებზე შეგროვილი და შემდეგ მისთვის გაზიარებული სურვილები..
მხოლოდ ის ორი… უსასრულობა..
ბუნებრივად ლამაზი წყვილი…
ლამაზი, ჰაეროვანი გოგო გრძელი, მოოქროსფრო, პრიალა თმით და
გარუჯული მაღალი ბიჭი.. მომხიბვლელი საოცრად..
რა მოხდა შემდეგ?
გოგოს მობეზრდა ასე ცხოვრება..
ჯერ პატარა იყო.. რა იცოდა რამხელა ბედნიერებაზე ამბობდა უარს..
რა იცოდა, რას ნიშნავდა ყვარებოდა ოკეანის სანაპიროზე მასთან ერთად გაზრდილ ბიჭს, რომელიც სრულ თავისუფლებას, სულის თავისუფლებას და
სიყვარულს აჩუქებდა.. რა იცოდა, რას ნიშნავდა მასთან ერთად გაგეტარებინა ყოველი დღე და ღამე.. ქარიანი, წვიმიანი, ვარსკვლავებიანი, ოკეანის სუნიანი…
რა იცოდა, რას ნიშნავდა მასთან ერთად დაელია ქოქოსის რძე…
რა იცოდა..
ერთ დღეს უბრალოდ გაქრა..
კუნძულიდანაც და ბიჭის ცხოვრებიდანაც..
სიმპათიურ ფულის ტომარას გაჰყვა, რომელიც “სულ სხვა ცხოვრებას” აჩვენებდა..
ბიჭი კი…
ბიჭი დარჩა მარტოდმარტო თავის ფიქრებთან.. კითხვებთან – რომლებზეც არ ჰქონდა პასუხი..
დარჩა გრძნობებთან, ხმოვნებიან გლოვასთან.. (რომელსაც თანხმოვნები არ ერია, რადგან ნამდვილი იყო)…
ვინ რა იცოდა, როგორ უყვარდა..
ხშირად მაშინ ვხვდებით ჩვენ გვერდით არსებული ადამიანის ფასს, როცა ვკარგავთ..
მიხვდა გოგო, როგორ ვერ მიხვდა…
მალევე მიხვდა, მაგრამ..
ო, რა გვიანი აღმოჩნდა ეს “მალე”..
ოქროს გალიაში მჯდომი ხშირად იხსენებდა მასთან ერთად გატარებულ დღეებს..
სიგიჟეს..
ოკეანიდან მონაბერი ნიავისგან აფრიალებულ თმას..
ცხელ ქვიშაზე ფეხშიშველი სიარულს..
მის სუნთქვას..
კანის სუნს..
თითებს..
მის ყოველ შეხებას..

ხმაურიანი წვეულებები.. ძვირფასი კაბები.. სახეზე ნიღაბივით აფარებული ღიმილი.. სნობების გარემოცვა..
მხოლოდ სხვების მოსაჩვენებლად ალერსიანი ქმარი, რომელიც საშინლად ეჭვიანობდა და ხშირად ხელითაც შეხებია..
ქალიც თითქოს ჯინაზე, ფიქრებში ღალატობდა მასთან..
არასოდეს ეკუთვნოდა კაცს, რომლის გვერდითაც ცხოვრობდა..
რა აუტანლად სტკიოდა ფულზე გაცვლილი გრძნობა..
ფულზე გაყიდული სული.. სხეული..
როგორ სტკიოდათ უერთმანეთოდ ჩავლილი გაზაფხული..
უერთმანეთობის უსიყვარულობა..

***

ისინი ერთად გაიზარდნენ ოკეანის სანაპიროზე.
ერთმანეთი უყვარდათ.
პირველი, ნამდვილი და ერთადერთი სიყვარულით.
ალბათ მთელი სიცოცხლე ერთად იცხოვრებდნენ ოკეანის პირას
აშენებულ ფიცრულში, ერთად ესაუბრებოდნენ ვარსკვლავებს, მზეს ერთად გააცილებნენ..
ეყოლებოდათ ულამაზესი შვილები, ოქროსფერი თმით და ლამაზი, ნათელი თვალებით..
შვილიშვილების დაბადება გაუხარებდათ გულს..
სიბერეში ერთად ივლიდნენ ქვიშიან სანაპიროზე, როგორც ახალგაზრდობაში ჩვეოდათ..
ფეხშიშველები.. თხელ, თეთრ სამოსში გამოწყობილნი..
ისევ დალევდნენ ქოქოსის რძეს და გაიხსენებდნენ ერთხელ
ბიჭმა როგორ გაუკეთა ყელზე თავის ხელით აწყობილი ნიჟარების ყელსაბამი.. როგორ გაუხარდა გოგოს..
ხელიხელჩაკიდებულნი დაიძინებდნენ და..
აღარ გაიღვიძებდნენ..
ერთად გაატანდნენ მოხუცებს მშობლიურ ოკეანეს..
თეთრ ყვავილებს გადაუყრიდნენ..
დაენანებოდათ.. კარგები იყვნენო – იტყოდნენ.. ტკბილად შეაბერდნენო ერთმანეთს..
სიცოცხლე აივსებოდა ერთმანეთით – ერთ-ერთ მათგანს მეორე სხვაზე რომ არ გაეცვალა.

და თუ დღეს ძალიან, ძალიან მოგეფერო.. იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება, ნუ გაიკვირვებ..
მე ხომ ჩვენს წარსულ სევდიან და მომავლის მტანჯველ უერთმანეთობასაც ვეალერსები . . . .

Exit mobile version