Site icon მოიისფრო

დღეს.

დროსა და სივრცეში დაკარგვას გავდა დღევანდელი დილა.
თვალის გახელისთანავე რომ მობილურს სტაცებ ხელს,
სადაც აუცილებლად უნდა დაგხვდეს მესიჯი მისგან. რატომ?
მიჩვეული ხარ და იმიტომ.
დღის დაგეგმვას ისე რომ იწყებ, რომ მისთვისაც დაგრჩეს დრო და
რეპეტიციაზეც წარამარა კითხულობ რომელი საათია.
რატომ? მიჩვეული ხარ და იმიტომ.
ღიღინით რომ დგები და ფიქრობ, რომ თუ დღეს ადრე მოიცლი აუცილებლად ნახავ…
და გეღიმება. რატომ? მიჩვეული ხარ და იმიტომ.
აი ეს მიჩვევაა რომ გკლავს. იმის მიხვედრა, რომ არც მესიჯი იქნება,
არც თავისუფალი დრო გჭირდება. არც საყვედური, აღარც შეხვედრა,
თითქოს ყველაფერი სიზმარში იყო და იქვე დარჩა.
აღარც ყვითელ ფოთლებს ელოდები, არაფერს, საერთოდ არაფერს!
გარშემო სიცარიელეა, ტკივილია, მარტოობაა. და ეს სიცარიელე ათას ნაწილად გშლის.
გეშინია ხვალინდელი დღის. დღეს გეგონა კოშმარი გესიზმრა და ამ ყველაფრის რეალურობამ გაგანადგურა.
დღეს პირველად გაგიხარდა, რომ ასე გვიანობამდე შემორჩი თეატრში,
იმიტომ, რომ არ გქონდა ამ ყველაფერზე ფიქრის დრო. მაგრამ ხვალ?
ხვალ რას იზამ? სად გაექცევი რეალობას…
რა გინდა რომ ქნა.
ხვდები, რომ ასე ვერ გააგრძელებ.
ვერაფერს, სუნთქვიდან დაწყებული რთული ქმედებებით დამთავრებული.
აღარაფერი იქნება ისე. იწყება ცხოვრება გაძლებაზე.

Exit mobile version