Site icon მოიისფრო

ერთი, ორი, სამი.

ერთი, ორი, სამი.

ერთი, ორი, სამი.

თანაბრად ვსუნთქავ და ჯერ კიდევ უადამიანო, ფეხდაუკარებელ თოვლს მივუყვები. შინაგანად ვხვდები, რომ არც მე მაქვს უფლება, იისფერი უსასრულობა ბათინკის ძირებით გავთელო, მაგრამ ვერ გავჩერდები, ახლა არა.

თანაბრად ვსუნთქავ, თითქოს სუნთქვებს ვაგროვებ, ბოლო ამოსუნთქვამდე, რომელიც კაცმა არ იცის როდის იქნება, ჩვენ ხომ არც სხვების ბოლო ამოსუნთქვებს ველოდით.

იისფერ ჰაერს სიგარეტის კვამლი ერევა. ვიცი, არ უნდა ვაბინძურებდე ამ ჰაერს, ახლა და აქ, არც ფილტვებს,  მაგრამ ახლა ვერ გავჩერდები, ახლა არა.

სად წახვედი?

გადავრჩეთ, გთხოვ. ხედავ, რამდენი სიკვდილია ირგვლივ? ყველა მომაკვდავის უკანასკნელი ამოსუნთქვა ამ ფიფქებს მოყვება და ბურთად მეჩხირება ყელში თითქოს.

ვერ ვსუნთქავ, სხვის წილ ჰაერს ვაგროვებ და ცრემლებად ვუშვებ, რომლებიც არ მშველის.

არ მინდა ხვალინდელი დღე, ტკივილით და უიმედობით სავსე თვალები არ მინდა. მზერა, რომელიც ათასობით ნაწილად დამშლის და ჰაერში გამფანტავს.

ხედავ, რამდენი სიკვდილია? ყოველ ნაბიჯზე, ყველა ხის უკან. მიდი და უთხარი ”ყველაფერი კარგად იქნება” – ო ადამიანს, ვისაც მხოლოდ სიკვდილი უნდა ახლა და არა სიკეთითა და თანაგრძნობით უნებურად დამნაშავე ხალხი. ჭეშმარიტი გლოვა ხომ მაინც სულ სხვაა. “ყველაზე დიდი უბედურება-ხმოვნებია, სად “უხხ, ახხ,” და სად გამწარებული სულის ღრიალი – იაააიაუოოუ”…

ერთი, ორი, სამი…

და ასე, დაუსრულებლად. ვიცოცხლოთ, გთხოვ.

Exit mobile version